პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ გააერთიანოს, მიზანი კი ენმ-ს „პოლიტიკური საფრთხობელას როლში“ დაბრუნებაა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის სპეცოპერაციას ატარებინებს, რათა შემდეგ, აღნიშნული პარტიით, ხალხი შეაშინოს.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ, მთელი საზოგადოება ამ კაცის კალორიების თვლით ვიყავით დაკავებული და რაღაც დიდი სამედიცინო სამოყვარულო განათლებაც კი მიგვაღებინა, სხვათა შორის მედიასივრცემაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბევრმა სხვა სუბიექტმა. დღეს უკვე ამ ადამიანის სასამართლო პროცესებიდან ვისმენთ ჩვეულებრივად პარტიული მმართველობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ანუ, ეს არის ჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელიც „ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს მისცა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა გააერთიანოს. ეს არის სპეცოპერაცია. მე მიხეილ სააკაშვილის მიღმა დავინახავდი „ოცნების“ ამ ძალიან მიზანმიმართულ მკაფიო ამოცანას. მე არ მეგონა ამას თუ ვნახავდი, რომ „ოცნება“ სპეცოპერაციას ჩაატარებინებდა მიხეილ სააკაშვილს დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენისთვის. ივანიშვილი რომ ამბობდა თავის დროზე, „ღმერთმა დამიფაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამოვეფაროო“, ამის საპირისპირო პირდაპირი მოცემულობა არის დღეს შექმნილი. ეს არის ძალიან მკაფიო თანამშრომლობა ამ ორ პარტიას შორის,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ სრულად არის კონტროლირებული და მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს პროცესზე პოლიტიკურ თემებზე საუბარს გამიზნულად არ აწყვეტინებს.
„საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ როცა მსჯავრდებული მაგალითად, საქმის შინაარსისგან განსხვავებულ საკითხზე საუბრობს, უნდა გააჩერონ და დააბრუნონ საკითხზე. ეს კაცი რას აკეთებს? „ოცნების“ მიერ აბსოლუტურად კონტროლირებადი სასამართლო მას სიტყვას არ უწყვეტს. ის კაცი გამოდის, თავის პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებს, მოწოდებებს აკეთებს, დირექტივებს გასცემს და საქმის შინაარსზე საერთოდ არ ლაპარაკობს. შემდეგ მთლიანად მთელი სამთავრობო მედიარესურსებით ამ ნარატივების ჩაშვება მიმდინარეობს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ საზოგადოება შეაშინონ, საზოგადოება დაზაფრონ, რომ აი, ნახეთ, ახლა მიხეილ სააკაშვილის ციხიდანაც კი მოახერხებს, ან არსებობს იმის საფრთხე, რომ მოახერხოს დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია, გამთლიანება და ისევ პოლიტიკური საფრთხობელას როლში დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“,“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კოოპერაციაშია. მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია და არც უნდა ხელისუფლების დამარცხება, რადგან ძალიან კომფორტულ პოზიციაშია.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პარტიის „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტი, რომლიდანაც რჩევების მიღება მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტი, რომლიდანაც რაღაცა რჩევები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის ჩვენთვის არის ამ ქვეყნის ისტორიაში, რამ თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი როლის შემტანი პრეზიდენტი, მაგრამ ამჟამად პატიმარი, რომელმაც სასჯელი უნდა მოიხადოს,“ - აღნიშნა ლილუაშვილმა.
მან გადაცემაში ასევე, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე, ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეფასებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიაზე პირდაპირ ამბობს, რომ არაკომპეტენტურები და „შტერები“ არიან.
„მაგალითად, არჩევნების ნაწილში პირდაპირ ამბობს, უკაცრავად, შტერები არიან. ასე ამბობს ვენეციის კომისიაზე ხელისუფლება. რას ნიშნავს იცით, რომ არაკომპეტენტური ხალხია იქო. ვენეციის კომისია სწორედ სამართლებრივ კანონმდებლობას და სხვა ტიპის სამართლებრივ დოკუმენტაციას აფასებს. კომპეტენცია დაუწუნეს პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში საერთოდ სუბიექტურები არიანო, არ არიო სწორიო ანუ, პირდაპირ გადავიდნენ დისკრედიტაციაზე. ეს ხალხი ხვალ შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ მთელი სამყარო არის არაკომპეტენტური და დისკრედიტირებული და იმართება ვიღაცა ბოროტი ძალის მიერ და მხოლოდ ივანიშვილი და „ოცნება“ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართულ ოცნებაში“ „გაუგებარს“ უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს.