თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი პროცესს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, ესწრება ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისიც.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა თამარ იაკობიძემ განუცხადა, მოცემულ საქმეზე რამდენიმე მოწმე დარჩა დასაკითხი, დღეს კი, წარმოდგენილია ერთ-ერთი მოწმე, რომელთანაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და მისგან გარკვეული ვიდეო მასალაა გამოთხოვილი.
პროკურორის განმარტებით, აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას.
მისივე თქმით, უფრო კონკრეტულად კი, მოწმემ უნდა დაადასტუროს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების მომდინარეობა, რამდენად კანონიერად განხორციელდა მასთან ვიდეო-ჩანაწერების ამოღება.
პროკურორის განმარტებითვე, აღნიშნული პირი გამომძიებელი არ არის, ის არის შსს-ს თანამშრომელი, რომელთანაც ინახებოდა გარკვეული ვიდეომასალა.
„ეს ვიდეო არის შსს-ს პრეს-სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა. ის ინახებოდა უფლებამოსილ პირთან. მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. შესაბამისად, მოწმე საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობაზე მიაწვდის ინფორმაციას სასამართლოს”, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. გამოძიების ინფორმაციითვე, ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.