მე მგონია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის მიმართ მცდარია და საბოლოო ჯამში, ქვეყანას ასუსტებს, მაგრამ ამ პოლიტიკაში შეიძლება იპოვო ელემენტები, რომელსაც აქვს საღი აზრი, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში გარკვეული ტიპის სანქციებზე არ შეერთებაში არის საღი აზრი, რომ შეიძლება შენთვის დამაზიანებელ ყველა სანქციას არ შეუერთდე, მაგრამ არ არის საღი აზრი იმაში, რომ არაფერს არ შეუერთდე.
„მე მგონია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის მიმართ მცდარია და საბოლოო ჯამში, ქვეყანას ასუსტებს, მაგრამ ამ პოლიტიკაში შეიძლება იპოვო ელემენტები, რომელსაც აქვს საღი აზრი. მაგალითად, რაღაცა ტიპის სანქციებზე არ შეერთება რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან. ამაში არის საღი აზრი, რატომ შეიძლება შენთვის დამაზიანებელ ყველა სანქციას არ შეუერთდე. მაგრამ, არ არის საღი აზრი იმაში, რომ არაფერს არ შეუერთდე. არ არის საღი აზრი იმაში, რომ გქონდეს მკვეთრად გამოხატული ანტიუკრაინული პოლიტიკა, იმაში, რომ ნატო-ზე საუბრობდე ამ კონტექსტში, ასევე იმაში, რომ რუსეთზე არაფერს იზიარებდე ევროკავშირის და შენი დასავლელი პარტნიორის მხრიდან. არ არის საღი აზრი, რომ რეზოლუციას იღებდე პარლამენტში და რუსეთს არ ახსენებდე. ბევრია ასეთი მაგალითი, მაგრამ რაღაცებში შეიძლება ჰქონდეს ლოგიკა. ძნელია, დაარქვა ერთი სიტყვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საზიანო პოლიტიკაა. ოღონდ აქ კიდევ ერთი ამბავია, რომ მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ რაც წლების განმავლობაში გააკეთა არის ის, რომ რიტორიკულად და მათ შორის საჯარო გამოსვლებში შეურაცხმყოფელი განცხადებები გააქრო რუსეთის მიმართ, რაშიც ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ როცა ვინმეს შეურაცხყოფ, არაფერი დივიდენდი არ მოაქვს შენთვის. ოღონდ, მაგასვე რომ გადააყოლა, მაგალითად ის, რომ რომელიღაც საერთაშორისო ფორუმზე შეწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ ქმედებები, ეს ძალიან ცუდია. „ქართული ოცნების“ შეცვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობები უნდა შეიცვალოს, მაგრამ უკიდურესობაში არ უნდა გადავიდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძემ, ასევე შეაფასა საქართველოს მთავრობის საერთაშორისო არენაზე პოზიციონირება და აღნიშნა რომ, „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე ერთი მთავარი ამოცანა - „2024 წლის არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენა“ გამოიკვეთა.
„ამ წლების განმავლობაში რაც გამოჩნდა, არის ის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მათი ქმედებებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე, მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლების შენარჩუნებაა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც მათ ამისთვის სჭირდებათ, მათთვის უპირატესია, ვიდრე იმის მეტი სხვა რამ, მათ შორის საერთაშორისო ბენეფიტი ან საერთაშორისო ურთიერთობებში, პოტენციური მოგება. ამიტომ გარისკეს მათ კანდიდატის სტატუსი, როცა ე.წ რუსული კანონის შემოღება სცადეს. ამიტომ იყო, რომ კანდიდატის სტატუსი გარისკეს, როცა პრეზიდენტს თავს ღიად დაესხნენ, მაშინ როცა ის სტატუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. ამიტომ იყო, რომ ისინი მედიის წინააღმდეგ წავიდნენ, როცა ნიკა გვარამია დააკავეს. ანუ მათთვის მნიშვნელოვანი ამბები არის, რომ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციონ ან მაქსიმალურად დაასუსტონ, იმიტომ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. მათ გამოუვიდათ, რომ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო არა „ქართული ოცნების“ რეფორმების გამო, არამედ მათი ნაბიჯებისდა მიუხედავად. ეს იყო ევროკომისიის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ქვეყნებმა შემდეგ ეს გადაწყვეტილება დაადასტურეს“, - აღნიშნა კაპანაძემ.
რაც შეეხება ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებულ საკითხებს, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯით გამოჩნდა, რომ რუსეთი რასაც უკვე თავისად თვლის, არ აპირებს, რომ სხვას დაუთმოს.
„ამ ნაბიჯით გამოჩნდა, რომ რუსეთი რასაც თავისად თვლის, და რაც მიაჩნია, რომ მას ეკუთვნის, ამის დათმობას არავისთვის არ აპირებს და მეტიც, აფხაზეთთან მიმართებაში უფრო შორს აპირებს წასვლას. ანუ რუსეთს რომ ანექსიური განზრახვები აქვს, ამ ნაბიჯითაც გამოჩნდა. გარდა ამ ნაბიჯისა, ბევრი სხვა რამეა, რასაც რუსეთი ცდილობს გააკეთოს, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაზარდოს. მითუმეტეს, რომ ახლა კიდევ უფრო დამოკიდებულია. ეს ნიშანდობლივია იმიტომ, რომ რუსეთმა ეს გააკეთა აფხაზი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხი. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ისეთი ადამიანები გაერთიანდნენ ამის წინააღმდეგ, ერთმანეთს რომ არ ელაპარაკებოდნენ და ახალგაზრდული მოძრაობაც დაიწყო, მიუხედავად ე.წ მუნიციპალიტეტების, ე.წ პარლამენტარების წინააღმდეგობისა მაინც გააკეთებინა და აჩვენა, რომ საზოგადოების განწყობები დიდად არ აღელვებს, იმიტომ, რომ ის აგარაკი, რომელზეც საუბარია დე ფაქტო მაინც მისი იყო და არაფრად ჩააგდო ის, რომ ამხელა ნეგატივი გამოიწვია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ გადაცემაში საუბრისას.