შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება

ვფიქრობ, ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია პირდაპირ ებრძვის არა მხოლოდ ქართულ ეკლესიას, არამედ პატრიარქს და მის ეპისტოლეს, შესაბამისად, პაპუაშვილი თვლის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს.

„დღეს, რასაც ვუსმენდი ოპოზიციის კომენტარებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და დავით კეზერაშვილის ტელევიზიის რეპორტაჟებს, ხალხი, რომელიც სხვა დროს სეკულარიზმზე საუბრობდა, დღეს პატრიარქის ეპისტოლეს არჩევდა. არჩევდნენ მღვდელმსახურებას შეჩერებული ადამიანების და პარტიული ექსპერტების კომენტარებით. აი, ეს არის ეკლესიასთან პირდაპირი ბრძოლა. პირდაპირ ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, „ლელო“ პოზიციონირდა მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, როგორც პარტია, რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას და არა მხოლოდ ეკლესიას. ამ შემთხვევაში, უკვე პირდაპირ ებრძვიან პატრიარქს, მის ეპისტოლეს, მღვდელმსახურება შეჩერებულ ადამიანებსა და პარტიულ ექსპერტებს არჩევინებენ.

ვფიქრობ, უკვე მკაფიო აქცენტები დაისვა ამ წლის პირველივე დღეებში, ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება. შესაბამისად, წლის ბოლოს, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება - ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მის სულიერების ისტორიას და მეორე მხრივ, ოპოზიციას შორის, რომელიც არის ანტიქართული, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეხება კითხვას, რომელი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაა მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „იმ წინაპირობებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს“.

„საერთო ჯამში, ეს არის რაღაც პოზიციური გადაჯგუფებები სინამდვილეში, ეს არის ერთი ჯგუფი, ანტიქართული ფრონტი, რომელიც უკვე დიდი ხანია ნელ-ნელა იშლება. დღეს ამას დაემატა, მათ შორის ანტიეკლესიური ტონი. საბოლოოდ, ვინ რომელ ფლანგზე იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ერთი პოზიცია და ერთი ფილოსოფია, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს: ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ ეკლესიას, თარიღებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ჩვენს ტრადიციასთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ დემოკრატიასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია.

„ეს უკვე ოპოზიციის არჩევანია, მათ უნდა დამარცხდნენ ერთიანად თუ ცალ-ცალკე. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ არითმეტიკაა ჩვენთვის. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში