სემეკი - იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ

სემეკის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. რეგიონებში, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მიერ ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრების მომხმარებლებისთვის გაგზავნა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ქ. თბილისში, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ აბონენტებისთვის ქვითრების გაგზავნა 30 იანვრიდან დაიწყება.

„სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, შემცირებულ ტარიფს დადებითი გავლენა აქვს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. განსაკუთრებით არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტიპის მომხმარებლებზე, რომელთა წლიური მოხმარება 500 000 კვტ/სთ-ს აღემატება. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართული ასეთი ტიპის კომერციული მომხმარებლების თვიური დანაზოგი საშუალოდ 5 500 ლარია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების - საშუალოდ 12 838 ლარი.

ჯამში, კომერციული მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შედეგად მიღებული საშუალო თვიური დანაზოგი ასე ნაწილდება: 500 000 – 1 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე როგორც სს „თელასის“, ასევე სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართული კომერციული მომხმარებლებისთვის, საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს 1 800 ლარს; 1 000 000 – 5 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 5000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 5 500 ლარს; 5 000 000 – 25 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 25 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 23 600 ლარს; 25 000 000 – 50 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში შეადგენს - 81 000 ლარს; 50 000 000 კვტ/სთ და მეტი წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „თელასის“ ქსელში შეადგენს 131 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში საშუალოდ - 455 000 ლარს.

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება გამანაწილებელი კომპანიების ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს, თვიურ და წლიურ ჭრილში. კერძოდ, საპროგნოზო მაჩვენებლები გაანგარიშებულია 2023 წლის მოხმარების ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა