„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელი - საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ტექნოლოგიას ვერ იყენებს, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს

„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“, „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ და ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია თემაზე - „ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში - გამოწვევები და რეკომენდაციები” მიმდინარეობს.

„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ქეთევან კუკავას განცხადებით, როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ვერ იყენებს ტექნოლოგიას, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ტექნოლოგიას ვერ იყენებს, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს. თბილისის საქალაქო სასამართლო არ უზრუნველყოფს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ საფუძვლით, რომ მისი დამუშავება დიდ დროს და სასამართლოს რესურსს მოითხოვს. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაც. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემამ მიიღოს სათანადო ზომები გამჭვირვალობისა და სასამართლო სერვისების გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყოს ღია მართლმსაჯულების პრინციპების სრულყოფილ დანერგვას“, - აღნიშნა ქეთევან კუკავამ.

კვლევის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო არ უზრუნველყოფს თითოეულ მოსამართლეზე წლის განმავლობაში განაწილებული საქმეების, ასევე, დასრულებული საქმეების რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

კვლევის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადებები უპასუხოდ დატოვა, რაც კანონმდებლობის დარღვევას და გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2023 წლის ივნისში შეტანილი ცვლილება, რომელიც 2024 წლის 1 -ელი იანვრიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის კუთხით, რადგან ისინი საჯარო ინფორმაციის სახით გაიცემა და გამოქვეყნდება შესაბამის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო სათანადოდ არ ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/225 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებას: 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დიდი ნაწილი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე არ უზრუნველყოფს დასრულებულ საქმეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების მათი განხილვის ხანგრძლივობის მიხედვით დამუშავებას და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას (მაგალითად, რამდენი საქმის დასრულებას დასჭირდა 1 წელზე ნაკლები, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3 წელზე მეტი)”, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორების ცნობით, კვლევა მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და სერვისების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო