უილიამ ბერნსი - უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია - ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მისი თქმით, იარაღის მიწოდების შენარჩუნება უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება.

„ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების უზრუნველსაყოფად; უკრაინა შეძლებს დაიცვას და აღადგინოს სუვერენიტეტი, ხოლო რუსეთს დარჩება პუტინის სისულელეების გრძელვადიან ხარჯებთან გამკლავება. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება“, - წერს ბერნსი.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მიიჩნევს, რომ პუტინის ომი რუსეთისთვის უკვე მრავალი თვალსაზრისით მარცხია.

„მისი თავდაპირველი მიზანი, აეღო კიევი და დაეპყრო უკრაინა სულელური და მოჩვენებითი აღმოჩნდა. მისმა სამხედროებმა დიდი ზარალი განიცადეს. სულ მცირე 315 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა, განადგურდა რუსეთის ომამდელი ტანკების მარაგის ორი მესამედი, ხოლო პუტინის ათწლეულების განმავლობაში განთქმული სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა ჩავარდა. ეს ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის პირდაპირი შედეგია, რომელსაც ზურგს დასავლეთის მხარდაჭერა უმაგრებს. პუტინის გადაჭარბებულმა ამბიციებმა სხვა კუთხითაც უკუშედეგი გამოიღო: ნატო-ს გაფართოებისა და გაძლიერებისკენ უბიძგა,“ - წერს ბერნსი.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს მიაჩნია, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღით დაშინება განაგრძოს.

„უკრაინის გამოწვევაა პუტინის ქედმაღლობის ჩაფუშვა და რუსეთისთვის კონფლიქტის გაგრძელების მაღალი ფასის დემონსტრირება არა მხოლოდ ფრონტზე პროგრესის მიღწევით, არამედ უფრო ღრმა დარტყმებითა და შავ ზღვაში სტაბილური მიღწევებით. ამ გარემოში პუტინი შესაძლოა კვლავ ჩაერთოს ბირთვული იარაღის ჟღარუნში და სისულელე იქნება ესკალაციის რისკების მთლიანად უარყოფა, მაგრამ ასეთივე სისულელე იქნება ამ რისკებით ზედმეტად შეშინება“, - წერს ბერნსი.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ