როგორ ემზადება „საქსტატი“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის და კონკრეტულად, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა - ინტერვიუ გოგიტა თოდრაძესთან

წელს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ელექტრონული კითხვარის მეშვეობით, თვით რეგისტრაციის მეთოდით ჩატარდება, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისთვის კი მოქალაქეები, სავარაუდოდ, წახალისდებიან.

უფრო კონკრეტულად, ყველა ადამიანს შესაძლებლობა ექნება კონკრეტულ ვადაში თავად, ელექტრონულად შეავსოს კითხვარი, სანაცვლოდ კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გეგმავს, მათთვის წამახალისებელი ღონისძიება დანერგოს.

„საქსტატმა“ 2024 წლის ბოლოს დაგეგმილი საყოველთაო აღწერისთვის ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაასრულა. რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი და რა სიახლეები დანერგა ამ და სხვა მიმართულებით, აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს ესაუბრა.

- საუბარი დავიწყოთ საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოებით, რომელიც თქვენმა სამსახურმა გასულ წელს განახორციელა. გვითხარით, რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა და კონკრეტულად, რას გულისხმობდა ეს პროცესი?

- მოსახლეობის აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა. ის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს, რათა გავიგოთ მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა და მისი სტრუქტურა, საცხოვრისის, საბინაო პირობები და ა.შ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის აღწერა დამატებითი შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ გავიგოთ ინფორმაცია მიწის ნაკვეთების, წვრილფეხა-რქოსანი პირუტყვის, ფრინველთა სულადობის, ვაზის ჯიშთა რაოდენობის და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო აქტივობის შესახებ. მოსახლეობის აღწერა რამდენიმეწლიანი პროცესია და მას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც მთელი გასული წლის განმავლობაში ვატარებდით. რას ითვალისწინებდა ეს - გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება და მათში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრა ანუ, გავიგეთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა თითოეულ საცხოვრისში ფაქტობრივად. ეს გვჭირდებოდა იმისთვის, რომ მოსახლეობის აღწერას, რომელსაც მიმდინარე წელს ჩავატარებთ, მომზადებული შევხვდეთ და ეს პროცესი კარგად დაორგანიზებული იყოს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს - ამ ეტაპზე ვმუშაობთ მეთოდოლოგიაზე და კითხვარის შემუშავებაც ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად ვმუშაობთ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე.

- ვისი აღწერა განხორციელდება საყოველთაო აღწერის დროს? უფრო ზუსტად, შეგროვდება თუ არა ერთი მხრივ საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მეორე მხრივ კი საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების მონაცემებიც?

- ზოგადად, აღწერას საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ყველა პირი ექვემდებარება, თუმცა მოსახლეობის კატეგორიებიც არის, მათ შორის დროებითი მცხოვრები და დროებით არმყოფი. ისინიც გათვალისწინებულები იქნებიან. თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობის შესახებ გავიგოთ, ამისთვის საჭიროა მუდმივად მცხოვრების სტატუსი. მუდმივად მცხოვრებად ითვლება პირი, რომელიც მოცემულ დასახლებულ პუნქტში 12 და მეტი თვის განმავლობაში ცხოვრობს.

- ბოლოს საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. რით განსხვავდება მიმდინარე წელს დაგეგმილი აღწერა წინა აღწერისგან და თუ იგეგმება რაიმე სიახლის დანერგვა?

- 2024 წლის საყოველთაო აღწერა წინა აღწერისგან იმით განსხვავდება, რომ მონაცემების შეგროვებას აბსოლუტურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვგეგმავთ. უარს ვამბობთ ქაღალდის კითხვარის გამოყენებაზე. აღწერა ჩატარდება 15 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში. პირველი 10 დღის განმავლობაში მონაცემები შეგროვდება თვით რეგისტრაციის მეთოდით. ჩვენს ვებ-პლატფორმაზე მომზადდება სპეციალური ელექტრონული კითხვარი, შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, შევიდეს ამ ბმულზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. ეს არის თვით რეგისტრაციის მეთოდი, რასაც ე.წ. კომპიუტერიზებული მეთოდი მოჰყვება ანუ პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. მოქალაქეს, რომელიც თვით რეგისტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჩვენი თანამშრომელი, ინტერვიუერი მიაკითხავს და პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით აიღებს ინტერვიუს.

- რაც შეეხება საყოველთაო აღწერის პროცესში საჭირო რესურსებს. რამდენი ადამიანი იყო ჩართული მოსამზადებელ სამუშაოებში და რამდენი პირის დასაქმება იგეგმება უშუალოდ აღწერის პროცესში? ასევე, გვითხარით, რა ოდენობის ბიუჯეტია გამოყოფილი საყოველთაო აღწერისთვის?

- მარტო მოსამზადებელ სამუშაოებში 2-3 ათასი ადამიანი იყო ჩართული, თუმცა აღწერის ძირითად სამუშაოში, დაახლოებით 12 ათასი ინტერვიუერის დასაქმება იგეგმება. წინა აღწერაშიც დაახლოებით ანალოგიური რაოდენობა იყო ადამიანების ჩართულობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ბიუჯეტს, წინა აღწერა, რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით 15 მლნ ლარის ფარგლებში იყო. მიმდინარე წლის აღწერა მთლიანად, რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი პერიოდის და მონაცემების გამოქვეყნების ჩათვლით, 28-29 მილიონ ლარს მოიცავს. ძირითადად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა დონორთა კონტრიბუციაც აღსანიშნავია. მაგალითად 2014 წელს, დაახლოებით 80% იყო ბიუჯეტის კონტრიბუცია და 20% მოდიოდა დონორებზე, როგორიცაა, მაგალითად, შვედეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდი.

- რა სირთულეებს აწყდებიან ინტერვიუერები უშუალოდ გამოკითხვის დროს? მაგალითად, თუ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები უარს ამბობენ პროცესში მონაწილეობაზე და ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯების გადადგმა?

- აღწერაში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა და ეს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონით რეგულირდება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება არ ჰქონდეს და ეს დამატებით ძალისხმევას საჭიროებს ჩვენი მხრიდან. სწორი პიარ-კამპანიაა საჭირო, რათა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ მათი უფლებების, ვალდებულებისა და აღწერაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

[წამახალისებელი ღონისძიებები] ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თუმცა ეს მიმართულება დასახვეწია. ორი მეთოდია - თვით რეგისტრაციის და CAPI მეთოდი ანუ პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით მონაცემთა შეგროვების მეთოდი. რა უნდა იყოს მოტივაცია მოქალაქისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს თვით რეგისტრაციის მეთოდის გამოყენებაში - მოტივაციის მექანიზმებზე დღესაც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში გარკვეული შედეგები გვექნება. არის ასეთი გამოცდილება - ზოგიერთ ქვეყანას ჰქონდა სხვადასხვა სახის გათამაშება, სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემდნენ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მეთოდის გამოყენებით მონაცემთა შეგროვებაში. არის პრაქტიკაც, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ე.წ. დეი ოფით უზრუნველყო საჯარო მოხელეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თვით რეგისტრაციაში. შეიძლება განვიხილოთ რომელიმე მათგანი ან რამდენიმე მათგანი და ვნახოთ, რისი შესაძლებლობა გვექნება. შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მეთოდი გამოვიყენოთ, რათა ამ თვალსაზრისით მოქალაქეებში მოტივაცია და ინტერესი გავზარდოთ.

- ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს საყოველთაო აღწერას, რისთვისაა ის საჭირო და რას უპასუხებთ შეფასებას, რომ წელს საყოველთაო აღწერა, შესაძლოა, არჩევნებს უკავშირდებოდეს?

- აღწერა არჩევნებთან არავითარ კავშირში არაა. აღწერა გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ. ის არის უნიკალური წყარო, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის იძლევა სხვადასხვა სახის დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ის არის პოლიტიკის არა მხოლოდ შემუშავების, არამედ მისი მონიტორინგის და შეფასების, შედეგის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. აღწერები ათ წელიწადში ერთხელ ტარდება იმის გამო, რომ ის გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას არა ქვეყნის, არამედ ცალკეული რეგიონის, რაიონის, დასახლებული პუნქტის და სოფლის დონეზე მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ. მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგია 3 კითხვარისგან შედგება. პირველი - ეს გახლავთ კითხვარი, რომელიც შინამეურნეობის, ოჯახის წევრთა რაოდენობას და მათ ოჯახურ ურთიერთკავშირს ასახავს. აქვე არის ინფორმაცია მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ, მაგალითად, რა ტიპის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, რომელ წელს აშენდა, რა მასალითაა აშენებული. არის თუ არა მოწყობილი სხვადასხვა კეთილმოწყობის პირობებით - ელექტროენერგიით, სასმელი წყლით, კანალიზაციის სისტემით და ა.შ. გარდა ამისა, პერსონალური კითხვარი ივსება თითოეულ მოქალაქეზე. მასში არის ინფორმაცია მისამართის, დაბადების წლის, ასაკის, მოქალაქეობის, ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების დონის, ეკონომიკური აქტივობის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მესამე კითხვარით კი გამოიკითხებიან ის პირები, ვინც გარკვეული მოცულობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს და სოფლის მეურნეობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს არის სოფლის მეურნეობის აღწერის კითხვარი, სადაც წარმოდგენილია ნაკვეთის ტიპი, ნაკვეთის მოცულობა, რა დანიშნულებით იყენებს აღნიშნული პიროვნება ამ ნაკვეთს, როგორია მის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის და ფრინველის სულადობა, რა ტიპის მრავალწლიან ნარგავებს ფლობს; რამდენი და რა დასახელების ვაზის ჯიშები აქვს გაშენებული ნაკვეთზე და ა.შ. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სრულყოფილი, სრულფასოვანი ინფორმაცია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ მაქსიმალურად მცირე ზომის დასახლებული ერთეულების მიხედვით.

- რაც შეეხება სხვა საკითხებს - სტატისტიკის სამსახურმა გასულ წელს ავტომობილების სტატისტიკის პორტალი დაამატა. თუ იგეგმება კიდევ რაიმე ახალი ფუნქციონალის დამატება თქვენს ვებ-გვერდზე ან სტატისტიკის ახალი პორტალის შექმნა?

- რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ საშუალოდ კვარტალში ერთხელ ინტერაქციულ პლატფორმას შევთავაზებდით და ამ დაპირებას ვასრულებთ ჯერჯერობით პირნათლად. დაახლოებით 20 ინტერაქტიური პლატფორმა და ონლაინ კალკულატორი შევთავაზეთ. განვაგრძობთ აღწერის მიუხედავად ამ მიმართულების განვითარებასაც და მიმდინარე წელს უახლოესი პერიოდის განმავლობაში, წლის ბოლომდე კიდევ ორი ინტერაქტიური პლატფორმის გაკეთება გვაქვს დაგეგმილი. ეს იქნება გარემოს სტატისტიკის პორტალი და მეორე იქნება ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალი.

- თქვენი სამსახური სტატისტიკური მონაცემების ნაწილს სახელმწიფო უწყებებიდან იღებს. რამდენად სრულყოფილია ადმინისტრაციული სამსახურების მიერ წარმოებული სტატისტიკა და ხომ არ იქმნება შეფერხება ამ მიმართულებით?

- ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და მჭიდრო თანამშრომლობა ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან სხვადასხვა უწყებისა და სამინისტროს სახით. ეს თანამშრომლობა რეგულირდება კანონით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით და ა.შ. იმ ინდიკატორების ჩამონათვალი, რა ფორმატითა და პერიოდულობით უნდა მივიღოთ მათი მხრიდან ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით ინფორმაცია, განსაზღვრულია სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამით, რომელიც მტკიცდება ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის მიერ და ჯერჯერობით არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვქონია. შეიძლება მოვახდინოთ წყაროს იდენტიფიცირება, თუმცა საწყის ეტაპზე მისი ხარისხი არ იყოს საკმარისი ოფიციალური სტატისტიკის მიზნებისთვის, ამიტომ გვიწევს დამატებითი მუშაობა მათთან და ერთობლივი, ზოგჯერ რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად ვიღებთ ძალიან კარგი ხარისხის მონაცემებს, რომლებზეც ვაფუძნებთ სხვადასხვა ტიპის სტატისტიკურ კვლევებს. ზოგადად ჩვენ დაახლოებით 240 ტიპის დასახელების სტატისტიკურ გამოკვლევას ვატარებთ და აქედან დაახლოებით 25-27% ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზეა დაფუძნებული. გასული 20-წლიანი პერიოდის დინამიკას თუ დავაკვირდებით, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ მონაცემთა წილი მზარდია. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ უფრო მეტად ვართ დაინტერესებული ამ ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებით, რადგან ეს გვაძლევს რესპონდენტის ტვირთის შემსუბუქების და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ