პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს „სამართლიანი სესხების შესახებ“, რაც საკრედიტო სისტემის ცვლილებას მოიაზრებს. საკანონმდებლო წინადადება 8 პუნქტს შეიცავს, სადაც საუბარია სასესხო ვალის ამოღების სამართლიან მეთოდებზე, სესხის მოდიფიცირების მოთხოვნებსა და ყველა პრობლემურ სესხზე პროფესიონალთა წვდომის დაშვებაზე.
უფრო კონკრეტულად, თუ რა პუნქტებს მოიაზრებს საკანონმდებლო წინადადება და რა გავლენა ექნება საზოგადოებაზე „ინტერპრესნიუსთან“ პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის" მდივანმა, ბესიკ ჩაკვეტაძემ ისაუბრა.
- როგორც ცნობილია, აპირებთ მოამზადოთ საკანონმდებლო წინადადება „სამართლიანი სესხების შესახებ“. თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა ჩანაწერები იქნება და მიზანს ემსახურება საკანონმდებლო წინადადება?
- დიახ, ჩვენ გვინდა მოვამზადოთ საკანონმდებლო წინადადება „სამართლიანი სესხების შესახებ“, რაც მოიაზრებს არსებული საკრედიტო სისტემის ცვლილებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბანკსა და მოქალაქეს შორის დადებული ხელშეკრულებები იყოს გამჭვირვალე და გასაგები, რაც მთავარია სამართლიანი.
ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოქალაქე ბანკთან და სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციასთან დებს ხელშეკრულებას, სადაც პუნქტები, ქვეპუნქტები და დაშვებები გაუგებარია, პატარა შრიფტით არის ჩანაწერები და შეგნებულად ხდება მოქალაქის შეცდომაში შეყვანა.
საკანონმდებლო წინადადება “სამართლიანი სესხების შესახებ“ 8 პუნქტს შეიცავს. ერთ-ერთია საპროცენტო გადასახადი და ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს დარეგულირებული, საერთო სისტემაში უნდა მოექცეს. არ შეიძლება, ადამიანი იხდიდეს იმაზე მეტ ჯარიმას, რაც შენატანია. მნიშვნელოვანია დარეგულირდეს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია. ხშირად გვაქვს პრაქტიკა, როდესაც სესხი ისეთ ინდივიდზე გაიცემა, რომელიც არ არის გადამხდელუნარიანი, მისი საკრედიტო ისტორია არ შეესაბამება გარკვეული რაოდენობის სესხის გაცემას. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა გადაიხადეს სესხი, ეს გადახდები კი არ ფიქსირდება ბანკში, მცირე ზომის მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. კაბალური მდგომარეობა გვაქვს სასესხო ვალდებულებების შესრულების კუთხითაც. ჩვენი წინადადება ზუსტად ამას მოიაზრებს, რომ თუ ადამიანს, მოქალაქეს, ავადობის გამო, ან დროებით სამსახურის დაკარგვის გამო არ შეუძლია სესხის გადახდა, უნდა ხდებოდეს სესხის შეჩერება, ან დროებით „გაყინვა“. გარკვეული დრო, „ფანჯარა“ უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანმა კვლავ შეძლოს სესხის დაფარვა. ბანკის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქე გადახდისუნარიანი იყოს და არა ის, რომ ადამიანი სასესხო ვალდებულებაში დარჩეს.
- რას მოიაზრებთ სასესხო ვალის ამოღების სამართლიან მეთოდებში?
- სასესხო ვალის ამოღება ხშირად ჩვენს ქვეყანაში დაკავშირებულია დაძალებასთან, დეზინფორმაციასთან, ხშირად ხდება აგრესიული მეთოდებით დაკავშირება მოქალაქეებთან, ადამიანები ხშირად ვერ იგებენ, თუ რა სასესხო ვალდებულება აქვთ, ბოლომდე არ ეცნობიან ხელშეკრულებას. საკანონმდებლო წინადადება „სამართლიანი სესხების შესახებ“ მოიცავს სესხის მოდიფიცირების მოთხოვნას, თითოეულ სასესხო ვალდებულებაში უნდა იყოს კანონის მიერ ჩადებული პროცენტი, დრო, გადახდის პირობები... მთავარია, რომ ბანკმა ძირი თანხა ამოიღოს და არა ჯარიმებით მიიღოს გარკვეული ფინანსური სარგებელი.
ბანკსა და მოქალაქეს შორის დადებულ ხელშეკრულებაში უმთავრესი პუნქტია, რომ წარმომადგენლობითი ორგანო იყოს მითითებული, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული სასესხო ვალდებულების განხილვის კუთხით. პრობლემურ სასესხო ვალდებულებებს განიხილავს სახელმწიფო ორგანო. იცით, გვყავს სახალხო დამცველის აპარატი, შეგვიძლია სასამართლოში სახაზინო იურისტი ავიყვანოთ. იგივე ინსტიტუტი უნდა შემოვიღოთ საბანკო სფეროში, ყველა პრობლემურ სესხზე უნდა იყოს დაშვებული პროფესიონალთა წვდომა. პროფესიონალთა წვდომაში იგულისხმება მათ მიერ ჩვენი სასესხო პრობლემის განხილვა, ფინანსური ალტერნატივების შემოთავაზება-ეს ხელშეკრულებაში უნდა იყოს ჩადებული. მითითებული უნდა იყოს საკომუნიკაციო ნომერი, მეილი და მისი ფუნქცია-მოვალეობები, რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს საქართველოს მოქალაქეს.
საკანონმდებლო წინადადება „სამართლიანი სესხების შესახებ“ მოიაზრებს პროფესიონალთან გასაუბრების მოთხოვნის ჩანიშვნას. ბანკი უნდა ახდენდეს პროფესიონალთან გადამისამართებას. ეს უნდა იყოს დავალება და მოთხოვნა ფინანსური ინსტიტუტებისადმი.
- რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც სესხი აქვს აღებული, ქუჩაში არ აღმოჩნდეს? აქტუალურია „მტაცებლური“ სესხების პრობლემაც - რა რეკომენდაციები გაქვთ სახელმწიფოს მიმართ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები?
- დიახ, „მტაცებლური“ სესხების პრაქტიკა ჩვენთან ამჟამადაც ხორციელდება და მისი ჩანაცვლება ხდება ნასყიდობა-ყიდვის უფლებით. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, ხშირად არის შეთავაზება, როდესაც ხელშეკრულებაში წერია, რომ სესხი 2% არის, ეს იგულისხმება თვის განმავლობაში, თუ 12-ზე გავამრავლებთ, ვნახავთ, რომ 24-36 პროცენტი არის წლიური მოგება, შეიძლება ეს დოლარშიც იყო. ჩვენ არ გვაქვს კეთილსინდისიერ მოვახშესა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის პრაქტიკა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როდესაც მევახშე ცდილობს მოქალაქე იძულებული გახადოს, რომ იგი სასესხო ვალდებულებაში ჩააგდოს, გადახდისუუნარო იყოს და მის კუთვნილ ქონებას დაეუფლოს. რაც შეეხება გადახდისუუნარობას, ეს ხშირად ხდება სესხის აღების მიზეზი. ხშირად არის ჯანმრთელობის პრობლემა, დროებით სამსახურის დაკარგვა, შესაძლოა 15-20 ათასი დოლარის გამო ბინის ჩადება დასჭირდეს ადამიანს. რადგან მევახშეობა აკრძალულია, ის ჩანაცვლდა ნასყიდობა-ყიდვის უფლებით. კერძოდ, მაშინ, თუ ვერ ვიხდით გადასახადს, ეს ბინა მევახშეზეა გადაფორმებული და შეუძლია წაგვართვას 2 კვირაში ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. სახელმწიფომ იცის ამ პრობლემის შესახებ და შეგნებულად არ ამახვილებენ ყურადღებას.
ჩვენი წინადადება დაიცავს ადამიანს იმისგან, რომ მევახშემ ვერ მოახდინოს მისი მანიპულირება, სრულად ჰქონდეს წვდომა მოქალაქის ინფორმაციაზე, თუ რა ტიპის სესხს აწერს ხელს, პრობლემის შემთხვევაში რა ფინანსური ალტერნატივები უნდა იყოს.
ადამიანს შეუძლია მოითხოვოს ძირის შემცირებას და შეჩერება ჯანმრთელობის, თუ სამსახურის დროებით დაკარგვის გამო. მნიშვნელოვანია სპეციალური ჯგუფი იყოს, რომელიც პრობლემური სესხების განხილვით იქნება დაკავებული.
- შეძლებს თქვენი საკანონმდებლო წინადადება აღნიშნული პრობლემის დარეგულირებას? ასევე, რას გვეტყვით, უმუშევრობის დაზღვევის ეფექტზე? რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს მას?
- ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ამ პრობლემას დაარეგულირებს. ასევე სახელმწიფომ უნდა შემოიღოს ჯანსაღი სოციალური პაკეტი, სადაც მოქალაქეებზე ზრუნვა იქნება მოაზრებული. თუ გვაქვს უმუშევრობა, შესაძლოა უმუშევრობის დაზღვევა შემოვიღოთ, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი პაკეტი, როგორც საპენსიო დაზღვევა. უმუშევრობის დაზღვევის ეფექტი შეგვიძლია გავიგოთ 6 თვის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, საყოველთაო ჯანდაცვა 100%-იანი იყოს. მან უნდა დააკომპენსიროს მიმართვიანობა და სესხის აღების რაოდენობა. თუ ჯანდაცვა გამართული იქნება და უმუშევრობის დაზღვევას შემოვიღებთ, წლის განმავლობაში იპოთეკურ სესხებზე მიმართვიანობა შემცირდება. რაც უფრო ჯანსაღია სოციალური პაკეტი სახელმწიფოს მხრიდან, მით უფრო ჯანსაღია საზოგადოება და საბანკო სისტემა.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ საკმარისი ხმების მოგროვებას შემუშავებული წინადადებისთვის?
- იცით, რომ ჩვენ წინ აღვუდექით ოჯახების გამოსახლებას, რამაც შედეგი გამოიღო. იცით, რომ მეც დამაკავეს. როდესაც დაინახეს პროტესტი, შემდგომში ჩანიშნულ გამოსახლებებზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაედოთ. 20 ადამიანი დააკავეს, რაც ბევრია. ადამიანები არ ეგუებიან გამოსახლების პროცესს. მოქალაქე არ არის განწყობილი განსაკუთრებული პატივისცემით მევახშისადმი, ყველა მოქალაქემ იცის, თუ რა მანკიერი მეთოდებით ხდება სასესხო ვალდებულებაში შეგნებულად ჩატოვება. ამიტომ, მომხრე მოქალაქე ძალიან ბევრია და არ გაგვიჭირდება ინიცირება.
თეონა ციხიშვილი
„ინტერპრესნიუსი“