დავით დარჩიაშვილი - კულუარებში ბიძინა ივანიშვილი ლაბორატორიულ ცდებს ატარებს

კობახიძე არ გამოირჩევა ისეთი კლანური ფრთაგაშლილობით, როგორითაც ღარიბაშვილი. მგონია, რაღაც ცვლილებები გზა და გზა მოხდება. ამ ეტაპზე, რომ არ მოხდა, ეს ბიძინას სურვილიცაა და კობახიძის სიფრთხილის შედეგიცაა, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებები არ მიიღება მმართველი გუნდისა თუ პარტიის უმრავლესობის მიერ, არამედ კულუარებში ბიძინა ივანიშვილი ლაბორატორიულ ცდებს ატარებს.

„სამწუხაროდ, მმართველი გუნდის განცხადებების სტილი ძალიან ემსგავსება საბჭოთა პერიოდის კომპარტიის განცხადებებს, იმიტომ, რომ რეალურად ყველამ იცის, გადაწყვეტილებები არ მიიღება მმართველი გუნდისა თუ პარტიის უმრავლესობის მიერ, არამედ კულუარებში ბიძინა ივანიშვილი ლაბორატორიულ ცდებს ატარებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან ღარიბაშვილი ან კობახიძე სრულიად უფუნქციო თოჯინებად წარმოვიდგინო. ისინი არიან ინდივიდები, პიროვნებები. არ არის გამორიცხული თავისი ხელწერის ელემენტები ჰქონდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალური პრემიერ-მინისტრი და საჭეთმპყრობელი არის ბიძინა ივანიშვილი. მისი სურვილით ხდება მთავრობაში ცვლილებები. პრემიერი კონსტიტუციურად არის ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე და არის საშინაო პოლიტიკური სახე. საგარეოში მე ვერ ვხედავ, რომ რამენაირად განსხვავებული იმიჯი ჰქონდეს კობახიძეს ღარიბაშვილისგან. ისინი ერთად გამოირჩეოდნენ საკმაოდ ხისტი, ანტიდასავლური განცხადებებითა და ქმედებებით. თუკი ვივარაუდებთ და ეს ბოლოს გამოჩნდება, რომ ერთგვარი საგარეო პოლიტიკის გადაფასება ხდება, შესაბამისად, ხდება იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი არაფრით გამოვა გამარჯვებული ამ თავის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ და საჭიროა ბევრად უფრო პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთთან, ძალიან კარგი, მაგრამ ეს უნდა გამოჩნდეს საქმით, მათ შორის, 9 ვალდებულების შესრულებით, რომელიც გვჭირდება, რომ რეალურად მოლაპარაკებები წევრობაზე შედეგიანი იყოს. რაც შეეხება კობახიძესა და მის მთავრობას, კობახიძე, ალბათ, გრძნობს, რომ მაინცდამაინც დიდი მანევრების საშუალება მას არ აქვს და ანგარიში უნდა გაუწიოს, პირველ რიგში, ფარდის უკან მდგომი ადამიანის სურვილებს, მოლოდინებს. ის შეეცდება იყოს მაქსიმალურად ფრთხილი. რა თქმა უნდა, მას უნდა, რომ დაეყრდნოს პირადად მის მიერ გამოცდილ ადამიანებს და არა მათ, ვინც ღარიბაშვილმა დაუტოვა, მაგრამ არც ისაა გამოსარიცხი, რომ მაინცდამაინც ბევრი არ ჰყავს ასეთი. კობახიძე არ გამოირჩევა ისეთი კლანური ფრთაგაშლილობით, როგორითაც ღარიბაშვილი გამოირჩეოდა. მგონია, რაღაც ცვლილებები გზა და გზა მოხდება. ამ ეტაპზე, რომ არ მოხდა, ეს ბიძინას სურვილიცაა და კობახიძის სიფრთხილის შედეგიცაა“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება გაგრძელდება.

„ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ახასიათებს წყენების დიდხანს დამახსოვრება, კობახიძის მის იმპიჩმენტთან შემხებლობა არ დაავიწყდება კარგა ხანს და მომენტს არ გაუშვებს, რომ უკბინოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი კბენები არაადეკვატურია. ასე იყო, ასე არის ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც კლანურ ვერტიკალებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნიჭისა და თანასწორობის პრინციპებს თუ ნორმებს. „ოცნების“ პირობებში ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის გახარიას ამბავი. ის იყო „მთავარი კაცი“, „რკინის კაცი“ და ა.შ. შემდეგ მოიძულეს. ასევე, იმიტომ, რომ საქართველოში ემოცია ყოველთვის ჭარბობს რაციონალურ ქცევას, კობახიძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირება გაგრძელდება. კობახიძეს ისევე ახასიათებს უტიფრობა და შეიძლება უფრო ნიჭიერად, ვიდრე ღარიბაშვილს. პარლამენტში სამთავრობო პროგრამის განხილვისას „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული აგრესია მომართული იყო გახარიას პარტიის, „ლელოს“ მიმართ. ეს შეიძლება წინასაარჩევნო კვლევების შედეგების თავისებური ინტერპრეტაციაა. მათ დაინახეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ის ამომრჩეველი, რაც ჰყავს, ნაკლებად თუ რამე მოაკლდეს ან მოემატოს. უფრო პერსპექტიულები არიან სწორედ გახარია, „ლელო“ და მათში ხედავენ საფრთხეს, რომ მათ არ მოახერხონ „ოცნების“ ამომრჩევლის შემდგომი გადაბირება საკუთარ მხარეს და ამიტომ აგრესია მათ მიმართ მეტია. ზოგადად, უკმაყოფილება მაღალია „ქართული ოცნების“ მიმართ და მეეჭვება, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ნახევრად დაბრუნებამ ეს ვითარება რადიკალურად შეცვალოს. გასაგებია, რომ რაღაც ხმების მობილიზებას შეძლებს იგი დაბრუნებით, მთლიანობაში უკმაყოფილება საით წავა? ეს შეიძლება არ დარჩეს მათთან, არ წავიდეს „ნაციონალური მოძრაობისკენ“, არამედ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდეს. ამიტომ მაქსიმალურად აგრესია არის მიმართული მათ წინააღმდეგ, ცდილობენ, რომ ტრადიციული იარლიყი, რომ ყველა არის მეტ ნაკლებად ერთი და იგივე ძალა და ყველა, საბოლოო ჯამში, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის „სისხლიანი 9 წელი“, ეს მიაწებონ გახარიას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას, შეიძლება ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩამოყალიბებული მომხრეები ჰყავთ და ახლა საჭიროა მეტი მუშაობა იმაზე, რომ შედარებით ზომიერად დაეჭვებულად განწყობილი მოქალაქეები მოიმხრონ. შესაძლოა, ამით იყოს განპირობებული ერთგვარი მშვიდი ტონალობა მათ რიტორიკაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო