პაატა ზაქარეიშვილი - ევროპაში არის ტერმინი, „ევროსკეპტიკოსები“, რომლებიც არ მალავენ და ამბობენ, რომ არ მოსწონთ ევროპა - „ქართული ოცნება“ კი ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტიაა, ამბობს ერთს, აკეთებს - მეორეს

ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტია არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს , - შესაბამისი განცხადებით, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები შეაფასა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ევროპელებმა იციან, რომ მარტო ლაპარაკით საქართველო წარმატებას ვერ მიაღწევს, საჭირო იქნება შრომა.

„[ირაკლი კობახიძე ] გარეგნულად კარგად გამოიყურებოდა, სწორად ლაპარაკობდა და რომ არა ძველი კობახიძე, ვისზეც ყველაფერი იციან ევროპაში, კარგად იციან შარლ მიშელის გადაგდებაზე, პროპორციული სისტემის დროს მის როლზე, გავრილოვის ღამეზე, ამიტომ ბუნებრივია კობახიძეს „კარგი“ სახე ეჭირა და ევროპელებიც ამის საშუალებას აძლევდნენ. ყველაფერი შეფასდება არა ლაპარაკით, არამედ იმით თუ როგორ შეასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს.

ვხედავთ თუ რა ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორ თავხედურად მიმდინარეობს თავის გატანა, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად მართავდეს ცესკო-ს. რა ევროპაზეა ლაპარაკი, ესენი არიან ევროფარისევლები. ევროპაში არის ტერმინი ევროსკეპტიკოსები, რომლებიც არ მალავენ თავის სკეპტიციზმს, ფარისევლები არ არიან, არავინ იტყუება, თუ არ მოსწონთ ევროპა ამბობენ, რომ არ მოსწონთ ევროპა. ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტია არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს დათქმები, როგორებიც არის სასამართლოს რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ეს ყველაფერი არ მოხდება. მოვა არჩევნები და სასამართლო ისევ ასეთი იქნება და კიდევ უფრო უარესი იმიტომ, რომ მათ მოუწევთ არჩევნების შემდეგ სასამართლოში რაღაც საკითხების განხილვა. ამიტომ, ევროპელებმაც იციან, რომ მარტო ლაპარაკით საქართველო წარმატებას ვერ მიაღწევს, საჭირო იქნება შრომა.

„ქართული ოცნებას“ არცერთი გრამით არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ხალხის და უკრაინის გმირობით მოგვცა ევროპამ სტატუსი, რათა უფრო მეტად ვიყოთ რუსეთისგან დაცულები.

არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების გახსნაც მოხდეს დათქმებით, ოღონდ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის.

„შეიძლება 9 პირობიდან რაღაცები ვერ შესრულდეს, მაგრამ არჩევნები იქნება ყველაფრის გადამწონი. თუ არჩევნები კატასტროფულად გაყალბებული იქნება, ევროპელებს ძალიან გაუჭირდებათ გაგვიხსნან მოლაპარაკებები“,- აღნიშნა მან.

ამასთან, პოლიტოლოგმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ფარისევლური განცხადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, ყველაზე მიუღებელი და უხერხული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლარიზაცია არ არის, რადგან ყველა მათ ნაბიჯში ჩანს პოლარიზაცია, განსაკუთრებით, პრეზიდენტის მიმართ.

„ძალიან ფარისევლური განცხადებები ჰქონდა, პრაქტიკულად არაფერში ვეთანხმები, მხოლოდ იმაში ვეთანხმები, რომ მათ მიერ არ გაწეული შრომის შედეგად მიღებული წარმატება იგივე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მათ მიითვისეს, მიიწერეს, ამას გააკეთებდა ნებისმიერი უკუღმართი მმართველი.

ყველაზე მიუღებელი და უხერხული არის ის, რომ პოლარიზაცია არ არისო. ვინ არ მიუშვა პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღების ღონისძიებაზე? მარგველაშვილს რატომ არ დაუძახეს? სააკაშვილი რატომ არ ახსენეს? თუ პოლარიზაციაზე არ არის ლაპარაკი, ამ ხალხს ხომ რაღაც წვლილი მიუძღვნით ამ ყველაფერში?! ეს ხომ საერთო სახელმწიფო ზეიმი იყო და არა „ქართული ოცნების“. ამიტომ, ყველა მათ ნაბიჯში ჩანს პოლარიზაცია, განსაკუთრებით, პრეზიდენტის მიმართ“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა