ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024

გიორგი გობრონიძე - “ახალი მსოფლიოს ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, მეორე - პეკინი”

ვინ იქნება არჩევნებზე “ოცნების” მთავარი მეტოქე - ენმ-ის რეგრესი და სხვა პარტიების შანსები

ვახტანგ ძაბირაძე - “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს“

რუსები დიდი მსხვერპლის ფასად წინ მიიწევენ და უკრაინელთა ფრონტის მოშლაზეც ალაპარაკდნენ - რისი მოსწრება უნდა პუტინს მარტის არჩევნებამდე

გიორგი კობერიძე - "პუტინს ფრონტის ხაზზე მარცხის მეტი ვერაფერი გააჩერებს, რისი შანსიც არის.”

* * *

გიორგი გობრონიძე - “ახალი მსოფლიოს ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, მეორე - პეკინი”

“ამ ომმა მთლიანად შეცვალა ევროპული უსაფრთხოების გარემო და უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების დღის წესრიგზე. ეს არის ყველაზე დიდი სამხედრო კრიზისი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა ევროპის კონტინენტზე. უკრაინაში ომი უნიკალურია იმით, რომ ეს მოხდა იმ სივრცეში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ზონად მიიჩნეოდა, მით უფრო, რუსებსა და უკრაინელებს შორის ასეთი სისხლისმღვრელი კონფლიქტი წარმოუდგენელი იყო გამომდინარე იმ ისტორიულ-კულტურული კავშირებიდან, რაც ამ ორ ერს შორის არსებობდა. დღეს ამას აღარავინ ამბობს, მაგრამ ომამდე მსოფლიოში რუსებსა და უკრაინელებს შორის ეთნოკულტურულ განსხვავებას ბევრი დიდად ვერ ხედავდა. გარდა ამისა, ეს არის ომი პირდაპირ ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან. უკრაინა არის მეზობელი ამ ორი საერთაშორისო სივრცის და ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა”, - აცხადებს ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი მსოფლიოს ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, მეორე - პეკინი”.

“გლობალური მასშტაბით, ჩემი აზრით, პრაქტიკულად, უკვე გამოიკვეთა კონტურები ახალი ბიპოლარული მსოფლიოსი, სადაც კვლავ იქნება ორი პოლუსი, მათგან ერთ პოლუსად კვლავ იქნება ვაშინგტონი, მეორე პოლუსი კი ვეღარაფრით ვეღარ იქნება მოსკოვი, რომელმაც ამ ომის დაწყებით დაკარგა თავისი საგარეო პოლიტიკური ფუნქცია. უკრაინაში შეჭრით მოსკოვმა დაუშვა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა. სანქციებმა, რაც დაუწესეს, იმ დიდმა დაძაბულობამ, რაც გაჩნდა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთი გაიყვანა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგის წამყვანი სახელმწიფოების რიგიდან და აქცია მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ. ომის შემდგომი მსოფლიოს მეორე პოლუსად კი აშკარად გამოიკვეთა ჩინეთი. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, ახალი მსოფლიოს ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, მეორე კი _ პეკინი. რუსეთს შეეძლო ეთამაშა ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური როლი და ყოფილიყო დასავლეთისთვის ჩინეთის დამბალანსებელი ფაქტორი, მაგრამ იმ შეცდომამ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს დაუშვეს, ამის შანსი დაუკარგა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“როგორც ჩანს, კრემლში ეგონათ, რომ მიაღწევდნენ მარტივ სტრატეგიულ გამარჯვებას უკრაინაში, ზედმეტი დასუსტებისა და ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდის გარეშე, შედეგად კი მოსკოვი ჩამოყალიბდებოდა ძალის მესამე პოლუსად, მაგრამ კრემლის მოლოდინი არ გამართლდა. ომი კვლავ გრძელდება, რუსეთი სუსტდება და სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. მოკლედ, დღეს ჩვენ შევდივართ ახალი, განსხვავებული გლობალური კონკურენციის ეპოქაში... ევროპამ გაიაზრა, რომ ომი არ არის შორს ევროკავშირის საზღვრებიდან და კომფორტს ნაჩვევი ცხოვრების წესის გადახედვა დაიწყეს, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ყველა სახელმწიფოზე. დიახ, ევროკავშირის ნაწილ ქვეყნებში მზარდია მილიტარიზაცია. გერმანიაში გაახსენდათ, რომ საფრთხეები მათ კომფორტულ ცხოვრებას პირდაპირ ემუქრება. ამის პარალელურად ევროპის ნაწილმა კარგად მაინც ვერ გაიაზრა, თუ რა ხდება დღეს მათ თავს. ბოლო წლებში მხოლოდ იმაზე ზრუნვამ, როგორ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი უფრო მეტი კომფორტი, კეთილდღეობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, საფრთხეების აღქმის უნარი მათში ცოტა დააჩლუნგა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა ისინი ამ საფრთხეების გაანალიზებას ცდილობენ და გაცილებით მკვეთრად რეაგირებენ ამ ომზე, ვიდრე, მაგალითად, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისას ვნახეთ. არადა, ეს არანაკლებ დამანგრეველი იყო, რადგან რუსეთის იმჟამინდელმა აგრესიამ დაუდო დასაბამი უკრაინაში ინტერვენციის დაწყებას. სამწუხაროდ, იმჟამად რუსეთი დაუსჯელი დარჩა, რამაც მადა უფრო გაუძლიერა. დღეს კი ევროპა მივიდა იქამდე, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე აქვთ ევროკავშირში გაწევრების სერიოზული შანსი. ჩვენ კი დიპლომატიურ გამარჯვებად ვაფასებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ რეალურად ეს განპირობებულია იმ შიშით, რაც ევროპამ რუსეთის უკრაინაში შეჭრით განიცადა. ევროპა გამოფხიზლდა, რადგან მათ უშუალოდ იგრძნეს ეს საფრთხე. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ შეცდომების კასკადს, რომლებსაც უშვებს ამერიკა მთელი რიგი მიმართულებით. მან და მისმა პარტნიორებმა, ფაქტობრივად, ჩააგდეს უსაფრთხოების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. დღეს შეცდომას უშვებენ უკრაინის საკითხშიც”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“არ შეიძლებოდა უკრაინის დახმარების თემის შიდა დაპირისპირებისა და მექსიკიდან მიგრანტების თემის ნაწილად გადაქცევა. უკრაინა დღესაც იღებს ამერიკიდან დახმარებას, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რაც სჭირდება წინსვლისთვის. ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ამერიკის სახელისუფლებო ისტებლიშმენტს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გააზრებაში სერიოზული პრობლემები აქვს. ვერ გაიგეს ერთი რამ - მოკავშირეებთან ურთიერთობა არ უნდა იყოს მათ მიგრაციულ პრობლემებთან მიბმული. მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლებოდა უკრაინის დახმარებასა და მექსიკის საზღვართან მიგრანტთა კრიზისს შორის პარალელური ხაზები გავლებულიყო. ეს წარმოუდგენელი აბსურდია. ამაზე უკრაინის ხელისუფლება არ ლაპარაკობს, მაგრამ დავფიქრდეთ, რა სიგნალი შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-ის მოკავშირეებისთვის ეს ქცევა. რას აღარ იგონებენ, რომ გააჭიანურონ ამ საკითხის განხილვა, აგერ კონგრესი ორკვირიან შვებულებაში გავიდა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ არა მარტო აშშ-ში, არამედ გლობალურად პოლიტიკური ისტებლიშმენტის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“აშშ-ში მიმდინარე პროცესები ისევ და ისევ აჩვენებს, რომ თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურას მწვავე პრობლემები აქვს. გლობალური უსაფრთხოების სისტემაში მასობრივი ჩავარდნაა, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას გაიხანგრძლივოს თავისი დამანგრეველი ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე. თუ რუსეთი უკრაინაში მოიპოვებს წარმატებას, ის გახდება ევროპისთვის განუზომლად დიდი საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად იქცევა ჩინეთს დაქვემდებარებულ სახელმწიფოდ. ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს, თორემ უდიდესი საფრთხე შეექმნება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არ იქნება საქართველოსკენ მისი უბრალოდ შემობრუნება. ჩვენთან ომი არ იქნება, ჩვენ უომრადაც, ალბათ, ყველაფერს მივცემთ. გარდა ამისა, რუსეთის აგრესიის სამიზნეში აუცილებლად აღმოჩნდებიან ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პატარა სახელმწიფოები. შემთხვევითი არ იყო გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის გაფრთხილება, 5-დან 8 წლამდე პერიოდში ნატოს ტერიტორიაზე ომისთვის უნდა ვემზადოთო. დიდი იმედი მაქვს, დასავლელი ლიდერები ამ ყველაფერს დროულად გააანალიზებენ და სწრაფად მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებებს”, - ამბობს რესპონდენტი.

“რომც არ გაიმარჯვოს რუსეთმა უკრაინაში და კონფლიქტის გაყინვა მოახერხოს, ეს ისევ კრემლს აძლევს ხელს და ესეც არ უნდა დაუშვას დასავლეთმა. დღეს ევროპა ბევრად უფრო ადეკვატურად იქცევა, ვიდრე აშშ. დასავლეთი ახლა გადის ბეწვის ხიდზე, რომელსაც იმედია, უდანაკარგოდ გაივლის. ორი წელი გავიდა და კიდევ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, შანსი ისევ 50/50-ზეა... პირველადი ვარაუდი, რომ ომი, პოზიციური კონფლიქტი გახანგრძლივდებოდა, რაც გამოფიტავდა მხარეებს, მართლდება. დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს ხეირს, თუ რუსეთს მიიყვანს სტრატეგიულ მარცხამდე და სახელისუფლებო ცვლილებებამდე”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-სა და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთ კონტექსტში ახსენა და ერთმანეთს შეადარა...” - პასუხობს:

“არასწორი მგონია შეფასება, რომ თურმე აშშ-ის გვერდით ჩინეთი არ უნდა ვახსენოთ. რატომ არ უნდა ვახსენოთ, თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი?! ჩემთვის გაუგებარია ისტერიკა, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გააქტიურებას მოჰყვა. თანამშრომლობა, ძირითადად, ეკონომიკურ სფეროებშია. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს აქვს უნარი და შესაძლებლობა აზიის ბაზრებიდან დასავლეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირება უზრუნველყოს, თუ არა ჩინეთთან, ვისთან ვაპირებთ ამგვარ ეკონომიკურ-სტრატეგიულ ურთიერთობას?! ლაოსის და კამბოჯის ტვირთების გადატანას ვაპირებთ? აზიაში ჩვენთვის საინტერესოა ჩინეთიც, ინდოეთიც, სამხრეთი კორეაც და იაპონიაც... ამხელა საწარმოო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიო ბაზრების უმნიშვნელოვანეს წილს აკმაყოფილებს, ჩვენ რატომ არ უნდა ვეთანამშრომლოთ? ჩემი აზრით, ჩინეთთან თანამშრომლობა გეოპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია თუნდაც რუსეთის ფედერაციის დასაბალანსებლად”.

“თუ კავკასიაში გაჩნდა ჩინური სტრატეგიული ინტერესი, ის არ იქნება ისეთი სუსტი, რომ რუსეთი აქ ერთპიროვნულ ჰეგემონად დატოვოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ალტერნატიული მარშრუტები დასავლურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, თუ ჩვენს მტერს ჩვენივე მოკავშირე გადაყლაპავს, განა ეს ჩვენთვის მშვენიერი გამოსავალი არ იქნება?! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰიპოთეზური ვერსიებია, მაგრამ ვფიქრობ, დიდი საფრთხე და რისკი ჩინეთთან ურთიერთობას არ ახლავს, თუ ჩვენი ინტერესების გატარებას შევძლებთ. რაც შეეხება აშშ-ს, ის ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ გვაქვს ურთიერთვალდებულებები, რომლებიც ორივემ უნდა შევასრულოთ. პარალელურად უნდა ვიმუშაოთ, რომ გაფორმდეს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, დაინიშნოს პირდაპირი ავიაფრენები და ა.შ. აუცილებელია ჩვენი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს”, - განმარტავს გიორგი გობრონიძე.

“რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პირველ უცხოურ ვიზიტს ბრიუსელში, ეს ვიზიტი შეუფასებელია. პირველად ვნახე, რომ ერთი და იმავე ვიზიტს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი ისტორიულს ეძახდეს, მეორე ნაწილი კი - ფორმალურს. ხუმრობა იქით იყოს და, ჩემი აზრით, მთლად ისტორიულად ვერ შეფასდება, მაგრამ ფორმალურიც არ ყოფილა. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. კარგია, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართა, ამას განსაკუთრებით დასავლურ დიპლომატიაში აქცევენ დიდ ყურადღებას. კობახიძის განცხადებები იყო მოზომილი და გაწონასწორებული, რაც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო ტრიბუნიდან და პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან რასაც ამბობ, იმას ვერ იტყვი მთავრობის მეთაურის პოსტიდან. რაც შეეხება უნგრეთის ინიციატივას, რომ დაჩქარდეს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები, უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ცდილობს იაქტიუროს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ მისი ინიციატივა წელს მართლაც შეისხამს ხორცს”, - დასძენს გობრონიძე.

ვინ იქნება არჩევნებზე “ოცნების” მთავარი მეტოქე - ენმ-ის რეგრესი და სხვა პარტიების შანსები

“ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე აღარ არის, რადგან პარტიას არ გააჩნია საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობა, დაასრულოს “რუსული ოცნების მმართველობა” სახელმწიფოში. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას მოვლენების მსგავს განვითარებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ენმ ჯერჯერობით მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება. ნიკა მელია ენმ-ში არსებულ ბოლო დროინდელ კრიტიკულ ვითარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ხელოვნურმა ჩართულობამ” პოლიტიკურ გაერთიანებას ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია შეულახა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიში, სათაურით ვინ იქნება არჩევნებზე “ოცნების” მთავარი მეტოქე - ენმ-ის რეგრესი და სხვა პარტიების შანსები.

“გულახდილად გეუბნებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კარგავს ძალას, რომ იყოს “ქართული ოცნების” მთავარი ვიზავი. ამაზე აღელვებულები არიან და განგაშის ზარი შემოარტყეს, რომ “ლელო” იქ არ არის, მელია და გვარამია იქ არ არიან. ყველა ერთი და იგივე არიან. ეს გათამაშებულია. განგებ დაიშალნენ. სიმართლეც ვთქვათ და მთელი ამ წლების განმავლობაში ამ საფრთხობელაზე იდგა და მე ამას ვიაზრებდი. მე როდესაც ენმ-ში მივედი, 2013 წელს, აღარ იყო სახელისუფლებო პარტია და როდესაც შევისწავლე რეალობა, მივხვდი, რომ ხელში გაქვს რაღაც პოლიტიკური აქტივი, რომელიც სავსებით არასაკმარისია გამარჯვებისთვის და პოტენციაც კი არ არსებობს ზრდის. მე დავისახე ბევრ ადამიანთან ერთად ახლებური სტრატეგია და მიდგომა. აქედან ჩნდებოდა განცდა, რომ მე მქონდა კონფლიქტი სააკაშვილთან. სინამდვილეში იყო საკითხები, რომელზეც ვთანხმდებოდით და რომელზეც ვერა, სხვანაირად მე 2013 წელს არ შევუერთდებოდი გუნდს. თუმცა ამ მიდგომამ დაადასტურა, რომ დიდწილად იმუშავა და განსაკუთრებით ამ გადმოსახედიდან ჩანს, რა მდგომარეობაც არის ამ პარტიაში“, - ამბობს მელია, რომლის აზრით, ეს ადასტურებს იმ სტრატეგიის და დამოკიდებულების სისწორეს, რომელიც „ნახევარ პარტიას ჰქონდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მე ვიყავი იმ ნახევრის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა ისე, როგორც დღეს ფიქრობს და შედეგიც სახეზეა. ხელოვნურმა ჩართულობამ ეს პოლიტიკური გაერთიანება მიიყვანე იქამდე, სადაც მიიყვანა, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზულად აღარ აღიქვამს, მაგრამ ამის მიუხედავად წარმატებას ვუსურვებ“, - თქვა მელიამ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს მოცემულობა შეიცვალოს. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ისევ მთავარი ოპოზიციური ძალაა, თუმცა მისი ჩანაცვლების შანსი აქვს როგორც მელიას პარტიას, ასევე გახარია პარტია „საქართველოს“ და ასევე „ლელოს“, „გირჩის“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანებას“, - დასძენს გამოცემა.

„თუ მელია სწორად ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკურ ძალას, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმებს გაუყოფს 50/50-ზე და თუ ის სწორად წარმართავს საარჩევნო კამპანიას, შეიძლება უფრო მეტიც წამოიღოს. მაგრამ, ჯერჯერობით, რაც მესმის მისი მხრიდან, ორჭოფობს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სხვა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თუ არა შანსი, რომ, გახდნენ ნომერ პირველი ოპოზიცია? თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გაერთიანება და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლება იმ შემთხვევაში მოხდება თუ ამბიციებს გვერდზე გადადებენ პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები და ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე. საკმაოდ დიდი შანსი აქვს „ლელოს“, თუ გაერთიანებისკენ წავა. თუ არსებული ვითარება დარჩა, მაშინ ლაპარაკია იმაზე, რომ მელიამ უნდა წამოიყვანოს უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე „ნაციონალებს“ დარჩებათ და მაგ შემთხვევაშიც „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა. ეს პროცესია, ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერია და პროცესი გვაჩვენებს შემდეგ რა და როგორ იქნება“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

„აზრით, „ნაცმოძრაობა“ მაინც იქნება „ოცნების“ მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. იმიტომ, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, მას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინიგი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, რასაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს. თუმცა, მე ასევე წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნიკა მელიას. ის აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას, მასაც მომხრეები ეყოლება, ვინც უჭერდა მხარს „ნაცმოძრაობას“ ნიკა მელიას გუნდიდან. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარგი იქნება მისი რეიტინგი ასევე გაიზარდოს და ისიც იყოს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა. ვის ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლების შანსი? თუ, ვთქვათ, ნიკა მელია შემოიკრებს და ალბათ შემოიკრებს ძალიან ბევრ ღირსეულ პოლიტიკოსს და ასევე თუ მოხდება, ვთქვათ, „ლელოს“, „გირჩის“ და „დროას“ გაერთიანება, მათ უფრო კარგი შანსი ექნებათ“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერე ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მაღალ რეიტინგიანი არის გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, დღეს ასეთი რეალობაა, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელსაც განახორციელებს პოლიტიკური პარტიები. ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს, თუ სხვა პარტიების რეიტინგი გაიზარდა და მოსახლეობის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვთქვათ, მელიას პარტიას, ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობას“ აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი.... მთავარი არის „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება სხვადასხვა პროდასავლური ძალების მიერ და კოალიციური მთავრობის შექმნა, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ჰქონდეს მონოპოლია ძალაუფლებაზე, იმიტომ, რომ ქართულ რეალობაში პოლიტიკური მონოპოლია ვერ აისახება დადებითად ქვეყანაში დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებაზე და საერთო ჯამში ქვეყნის განვითარებაზე“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს“

“ევროპარლამენტარები ძალიან ცუდად იცნობენ ვითარებას საქართველოში და როგორც ჩანს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც, როცა უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მაშინ სააკაშვილმა და მთელმა “ნაცმოძრაობამ” ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ სხვაგვარად მიაწოდეს დასავლეთს. მუდამ იმაზე იყო ლაპარაკი, თუ რა წარმატებული რეფორმები მიდიოდა საქართველოში. 2007 წელს მე “სოლიდარობის” მიწვევით ვიყავი ვარშავის უნივერსიტეტში კონფერენციაზე და საკმაოდ რთულმა საუბარმა მომიწია, რომ მათთვის ამეხსნა, რა ხდებოდა თბილისში. როდესაც ირაკლი ბათიაშვილი იყო დაპატიმრებული, ვცდილობდით შეგვეგროვებინა ხელმოწერები და ზოგიერთმა ჩვენმა უკრაინელმა მეგობარმა ხელმოწერაზე უარი თქვა, უმეტესობამ კი მოაწერა. მიზეზი კი ის იყო, ამბობდნენ, საქართველოში კარგი რეფორმები მიდის და პრობლემები არ იქნებაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ნდობა აქვთ და ვუხსნიდი, რეალურად აქ რა ხდებოდა, მაინც ვერ დაიჯერეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ იქიდან ცოტა სხვაგვარად ჩანს აქ მიმდინარე პროცესები”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს“.

“ისინი ზოგადად აფასებდნენ სიტუაციას, და ზოგადი სიტუაცია კი ის იყო, რომ ქვეყანას მანამდე არ ჰქონდა ბიუჯეტი და გაუჩნდა, გატარდა პოლიციის რეფორმა და ქუჩაში ქრთამს აღარ იღებდნენ, რაც კარგია, მაგრამ მერე ამან რეპრესიული ხასიათი რომ მიიღო, ამას ვეღარ ხედავდნენ. ამას ემატება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს, რბილად რომ ვთქვათ, არც რუსეთის განაწყენება უნდა და არც დასავლეთის. ამ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში კი ეს პოლიტიკა მათთვის მთლად მისაღები არ არის და ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მმართველობა ჯობდა. მათი ამ დამოკიდებულების გაგრძელება მგონია ახლანდელი ხელმოწერების შეგროვებაც, თორემ როგორ უნდა შეადარო სააკაშვილი ნავალნის, წარმოუდგენელია... სააკაშვილის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული “ქართულ ოცნებაზე” - თუ დასჭირდება, გაათავისუფლებს და თუ არ დასჭირდება, იქნება იქ, სადაც არის. ვფიქრობ, ჯერჯერობით ციხეში დატოვებენ. უფრო სწორად, იქ, სადაც არის, და რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეაგროვონ ევროპარლამენტარებმა, მას არ უშველის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

საპროტესტო აქცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხომ ზღაპარია და, რა თქმა უნდა, უკვე მოხსნილი თემაა. ამიტომ “ქართულ ოცნებას” აქვს კარტ-ბლანში. ჯერ ის სჭირდებათ ზუსტად იქ, სადაც არის, რომ იქიდან იაქტიუროს და “ოცნებამ” ისევ გამოიყენოს “მგელი მოდის” ძახილისთვის. ჩემი აზრით, თუკი სააკაშვილს ქვეყნისთვის რამე კარგი უნდა, უნდა თქვას, რომ პოლიტიკას თავს ანებებს და იყოს ჩუმად. ამან ყველაზე დიდი ეფექტი შეიძლება მოუტანოს ოპოზიციას და ქვეყანასაც, რადგან “ქართული ოცნება” მას პროპაგანდისთვის ვეღარ გამოიყენებს. მაგრამ სააკაშვილის ხასიათიდან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ის ამაზე არ წავა, პირიქით, იაქტიურებს და “ქართული ოცნება” მუდმივად შეეცდება იძახოს, დესტრუქცია უნდათ, ოპოზიცია რევოლუციას ამზადებსო და ა.შ.” - მიიჩნევს რესპონდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა რომ შეიწყალოს არა მგონია - ეს იქნება მისი სრული პოლიტიკური კრახი. რაც მან ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, ამ შეწყალებით უკლებლივ დაკარგავს და აღარავის დასჭირდება არც აქ და არც გარეთ. სააკაშვილს ალბათ უფრო არჩევნების შემდეგ გამოუშვებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროცესები გართულდება - ანუ თუ არჩევნების ლეგიტიმაცია შეიქნება სათუო, დაიწყება საპროტესტო აქციები და ამ დროს სააკაშვილი თუ იტყვის, არა, არჩევნები ლეგიტიმური იყოო, შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ თბილისში არ დატოვებენ, საზღვარგარეთ გაუშვებენ. პრინციპში, რომც გაათავისუფლონ, არც არაფერი იქნება. ორ-სამ კვირაში მისი მოქმედებები შესაძლოა სასაცილოდ იქცეს მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ “ოცნება” ამას არ გააკეთებს, ჯერჯერობით მაინც”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თავად “ნაცმოძრაობას” ის სად აწყობს?” - პასუხობს:

“მგონი, მათაც ციხეში აწყობთ, გულში მჯიღის ცემით რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ. მაგრამ “ნაცმოძრაობისთვის” და განსაკუთრებით ხაბეიშვილის ფრთისთვის პიარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად სალაპარაკო ჰქონდეთ და ამასთან, მოუწოდონ ამომრჩეველს, ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ერთ მუშტად შევიკრათო. გარდა ამისა, გათავისუფლებულმა სააკაშვილმა შესაძლოა გარეთ ვეღარაფერი გააკეთოს, მაგრამ პარტიაში დაიწყებს უფროსობას და “ნაცმოძრაობაში” ეს ვის უნდა? სააკაშვილი სჭირდებათ როგორც ბელადი, რომელიც სადღაც არის, და მისი სახელით აქ იბრძვიან ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მთელი მათი “კამანდა”.

რუსები დიდი მსხვერპლის ფასად წინ მიიწევენ და უკრაინელთა ფრონტის მოშლაზეც ალაპარაკდნენ - რისი მოსწრება უნდა პუტინს მარტის არჩევნებამდე

„ავდეევკის დაკავების მერე, რუსი ოკუპანტები შეტევას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებენ, თუმცა მთავარი დაწოლა დონეცკის ოლქზეა მიმართული. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა კრემლის მთავარი გეგმა დონბასის სრულიად დაკავებაა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს რაიმე ხელშესახები შედეგით შეხვდეს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15-17 მარტსაა დაგეგმილი. სამხედრო ანალიტიკოსები ორ აქტიურ მიმართულებაზე საუბრობენ - ესაა ზაპოროჟიეში რაბოტინო, სადაც, რუსი სამხედრო ბლოგერების მტკიცებით, რუსები უკვე შევიდნენ; და მეორეა დონეცკში უგლედარი-კურახოვო-მარიინკას ფრონტის ხაზი. რუსი მიმომხილველები წერენ, რომ ავდეევკის დაცემის შემდეგ, უკრაინელების ფლანგები ვერ უძლებენ დაწოლას და უკან იხევენ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა უგლედარი. კუროხოვო-მარიინკას მიმართულებაზე რუსებმა ავდეევკის აღების შედეგად გამოთავისუფლებული ძალები გადაისროლეს და აქ განლაგებულ კიევის ბატალიონს ალყაში მოქცევა ემუქრება. სამხედრო სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ აქ უკრაინის ფრონტის ჩამოშლაზე საუბრები გადაჭარბებულია“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში, სათაურით რუსები დიდი მსხვერპლის ფასად წინ მიიწევენ და უკრაინელთა ფრონტის მოშლაზეაც ალაპარაკდნენ - რისი მოსწრება უნდა პუტინს მარტის არჩევნებამდე.

„თუმცა, ფრონტის ზოგიერთ უბანზე უკან დახევას უკრაინული მედიაც ადასტურებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის უკან დახევას გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს და ამას განსაკუთრებით აქტიურად იყენებს რუსული პროპაგანდა, თუმცა რეალურად რუსებს ასეთი წინსვლა ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად უჯდებათ და თან ოკუპანტების ტემპი განსაკუთრებით ნელია. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა რუსების მთავარი ამოცანაა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ, თუმცა კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვითი ხაზი მათთვის დიდი წინაღობაა. „რაბოტინოში ის ე.წ. ჯიბეებია, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის შედეგად წარმოიქმნა თავდაცვაში და ორივე მხარე ცდილობს, რომ ფრონტი გაასწოროს. რუსები ეცდებიან ეს ჯიბეები ამოავსონ, რომ მოქმედება უფრო გაუადვილდეთ და უკრაინელებს გარკვეული პლაცდარმები არ დაუტოვონ. უკრაინელებიც ალბათ შეეცდებიან, რომ ფრონტი თვითონაც გაასწორონ“, მიიჩნევს გენერალი, რომლის თქმით, მათთვის ზედმეტად პლაცდარმების დატოვებას აზრი არ აქვს, თუკი უკრაინელები უახლოეს მომავალში თვითონაც ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას არ აპირებენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა უგლედარის მიმართულებაზე უკრაინული დანაყოფები ალყაში მოხვდნენ, ეს მაშინ მოხდება, თუ რუსები გაარღვევენ დაცვის ხაზს, თუმცა, ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ ჩანს. უკრაინელებს თავდაცვითი ზღუდეები აქვთ მოწყობილი. ავდეევკის დაცვამ გამოიწვია ის, რომ მათ ჰქონდათ დრო და ფორტიფიცირებული თავდაცვის ორგანიზება შეძლეს, ამიტომ დიდი გადამწყვეტი ცვლილებები არ მგონია ამ წელს იყოს. რუსები რა თქმა უნდა შეეცდებიან, რომ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ, მაგრამ ძალიან დიდი წინაღობა აქვთ გასავლელი. მათ მთელი თავისი ამოცანა დონბასის მიერთებაზე დაიყვანეს და ეს არის მათი მიზანი არა მხოლოდ არჩევნებისთვის. ჩემი აზრით, რასაც მოახერხებენ, შესაძლოა ლუგანსკის ოლქის სრულ კონტროლზე იყოს საუბარი. დონეცკში კრამატორსკი და სლავიანსკი აქვთ გასავლელი, აქ ძალიან რთული და კარგად მომზადებული უკრაინული თავდაცვის ზღუდეებია. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით იმაზეა საუბარი, თუ რამდენად ეყოფათ რუსებს ძალა, მაგრამ ის, რომ ფრონტი ჩამოიშალა - ეს გადაჭარბებული საუბარია“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

„სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე პატარ-პატარა ლოკალური ბრძოლებია, თუმცა შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში რუსებმა დიდი გენერალური შეტევა დაიწყონ. „ავდეევკის დაცემის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები მიდის ფრონტის რამდენიმე უბანზე, მათ შორის ისევ ავდეევკისა და ბახმუტის მონაკვეთებშიც, ჩრდილოეთით კუპიანსკთან და სამხრეთში რაბოტინოსთან. ასეთი პატარ-პატარა შეტევები მოსალოდნელიცაა, მაგრამ ეს ის დიდი გენერალური შეტევა არაა, რაც შეიძლება რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე გაზაფხულის ბოლოსკენ, ან ზაფხულის დასაწყისში წამოიწყონ. მანამდე რუსეთი ეტყობა ფრონტის ხაზის გასწორებას ცდილობს“, - ამბობს ალადაშვილი, რომლის აზრით, „თავიდან პუტინს ბლიცკრიგის ავანტურა არ გამოუვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც წარმატებებს მიაღწია, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთ ნაწილის ოკუპაციაში“, - განაგრძობს გამოცემა.

„რაც შეეხება დონეცკის ფრონტს, რუსეთმა დაპყრობილი ტერიტორიების ანექსია სცადა, როგორც ყირიმის შემთხვევაში, და ამიტომაც მას სურს, რომ უკრაინის ის ოლქები სრულად აკონტროლოს, რომლებიც ნაწილობრივად ოკუპირებული აქვს. ლუგანსკის ოლქი თითქმის მთლიანად ოკუპირებულია. დონეცკში კი მხოლოდ ნაწილია დაკავებული. ავდეევკისა და ბახმუტის დაცემის შემდეგ, დონეცკში ორი დიდი ქალაქი დარჩა -კრამატორსკი და სლავიანსკი, რომლის დაპყრობის შემდეგ შეიძლება რუსეთმა თქვას, რომ დონეცკიც დაიპყრო. ამიტომაც ის შეტევები, რაზეც საუბარია, შესაძლოა მიმართული იყოს კრამატორსკი-სლავიანსკისკენ. მაგრამ ეს დიდი ქალაქებია, ავდეევკის ხელა არც ერთი არაა და ადვილი არ იქნება. დიდ ბრძოლებთანაა დაკავშირებული და ერთი ხელის მოსმით მათი აღება რუსეთს წესით უნდა გაუჭირდეს. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება“, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

„გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ უკრაინის უკან დახევას რუსები პიარისთვის იყენებენ, თუმცა ახლა მთავარია რამდენად სწრაფად გამოასწორებს ამას უკრაინა. რაც შეეხება რუსების დანაკარგებს, გენერალი ამბობს, რომ მათ ტემპი ნელი აქვთ დიდი მსხვერპლით. ირაკლი ალადაშვილი კი გვეუბნება, რომ რუსების დანაკარგები მეტია, თუმცა ქვეყანა დიდია და შესაძლოა აიტანოს. ამასთან ამბობს, რომ უკრაინის უკან დახევას რუსული პროპაგანდა კარგად იყენებს“, - წერს სტატიის ავტორი.

„ნებისმიერ უკანდახევას თავისი გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. ტაქტიკურად რუსებს დიდი მნიშვნელოვანი წარმატებები არ გააჩნიათ. უკან დახევას თან ახლავს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი და აქ მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად გადალახავენ ამას უკრაინელები. ძირითადად მაინც ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად მოახდნენენ როტაციას და ახალ, დასვენებულ დანაყოფებს რამდენად სწრაფად შეიყვანენ თავდაცვით პოზიციებზე. ჩემი მონაცემებით, რუსები ტერიტორიებს დიდი დანაკარგების ფასად იკავებენ. თუ არ ვცდები, მხოლოდ ავდეევკაში ათი ათასამდე ადამიანი დაკარგეს. ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს შვიდი თვე უტევდნენ და წარმოიდგინეთ, თუნდაც დნეპრამდე როდის უნდა გავიდნენ. ნელი ტემპებია“, - თვლის კაპანაძე.

„რუსების დანაკარგები ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინის, ეს ფაქტია და ვერავინ უარყობს, მათ შორის ვერც თავად რუსები, ბრძოლის ტაქტიკიდან და იმ ვადებიდან გამომდინარე, რასაც კრემლი თავის გენერლებს აიძულებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ და დანაკარგებზე არ იფიქრონ. ამიტომაც რუსების მსხვერპლი მეტია, თუმცა, ქვეყნის სიდიდიდან და მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, რომ ოღონდაც ტერიტორიები გაზარდონ და ამისთვის ისინი შიმშილისთვისაც კი მზად არიან, შესაძლოა რუსეთმა ასეთი მსხვერპლი აიტანოს. ყველა ომს თავის სამხედრო პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი აქვს, რომელშიც მთავარ როლში პროპაგანდა გადის. პროპაგანდის მხრივ ავდეევკისა და ბახმუტის დაკავება მოსახლეობამდე მიაქვთ ის, რომ თითქოს უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის განწყობაზე მოქმედებს, თორემ ავდეევკისა და ბახმუტის დაკავება დიდი ტრაგედია არაა და ამან ფრონტის ხაზი არ ჩამოშალა, ვერც ჩამოშლიდა. ავდეევკასუკრაინელები 2014 წლიდან იცავდნენ. რაც ომი დაიწყო, იმ წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ავდეევკაზე შეტევა მიდიოდა და რუსები მას ამდენი ხანი ვერ იღებდნენ“, - დასძენს ირაკლი ალადაშვილი.

გიორგი კობერიძე - “პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს და არანაირი მოტივაცია არა აქვს რაიმე ფორმით პროცესები შეაჩეროს”

„2023 წლის მაისის მიწურულიდან რუსებს დაახლოებით 9 თვე დასჭირდათ უკრაინის მორიგი ქალაქის დასაკავებლად. ამდენი ხნის განმავლობაში მათ მნიშვნელოვანი ქალაქია არ აუღიათ, მხოლოდ ახლა მოახერხეს ავდეევკის დაკავება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანესი ადგილის - ის დონეცკზე მიბმული ქალაქია და უკრაინელებისთვის მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. რუსებმა ეს ცოცხალი ძალის მობილიზებისა და დიდი მსხვერპლის ფასად მოახერხეს (ჰყავთ 50 ათასამდე დაჭრილ-დაღუპული, ზოგიერთი მონაცემით, ეს ციფრი მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ 30-35 ათასია), რაც კოლოსალური­ ციფრია ნებისმიერი თანამედროვე არმიისთვის. რუსებმა შეძლეს უკრაინელების ამ მიმართულებიდან უკუგდება, მაგრამ რამდენად ღირდა შეტევა ამხელა მსხვერპლის ფასად და უკრაინელებს მისცემს თუ არა ეს ფრონტზე გარდატეხის შეტანის საშუალებას, ეს არის საინტერესო“, - აცხადებს პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს და არანაირი მოტივაცია არა აქვს რაიმე ფორმით პროცესები შეაჩეროს”.

„როდესაც რუსებმა თავის დროზე ძალიან დიდი ძალები დახარჯეს იმავე სევეროდონეცკის მიმართულებაზე, რამდენიმე თვეში ვიხილეთ უკრაინელთა მასშტაბური კონტრშეტევა. საინტე­რესოა, ახლაც იგივე განმეორდება თუ არა. ამჟამად უკრაინა აბსოლუტურ, ტოტალურ თავდაცვას მიმართავს, რაც სწორი­ სტრატეგიაა... ალბათ, რამდენიმე დღე ან კვირა ასე გასტანს, შემდეგ ცოტა ხანს ფრონტის ხაზზე, ალბათ, მუხტი განელდება და მერე მოსალოდნელია უკრაინის კონტრშეტევა.­ რუსებს ბახმუტის ასაღებადაც 8-9 თვე დასჭირდათ, დიდი დანაკარგიც ჰქონდათ, უბრალოდ, მაშინ „ვაგნერი“ იყო შემტევი ბირთვი. ახლა რუსული არმიის ნაწილები ყველა მიმართულებით გააქტიურებული არიან, მაგრამ მხოლოდ ავდეევკის აღება მოახერხეს. ავდეევკას უკრაინელებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის პლაცდარმია დონეცკზე შეტევისთვის, რუსებისთვის კი ავდეევკა არ არის გარდამტეხი ფაქტორი უკრაინელთა პოზიციების მოშლაში“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

„ევროპის სახელმწიფოებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დაიწყეს არა იარაღის შემცირება, არამედ მისი წარმოების ზრდა. ბოლო 30 წელს ევროპის კონტინენტზე უმძიმესი სიტუაცია იყო ნებისმიერ სამხედრო წარმოებაში, ახალს არაფერს აწარმოებდნენ და ახლა ვიხილეთ გარდატეხა, როდესაც ევროპამ იარაღის წარმოების ზრდა თავის თავზე აიღო (საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, სკანდინავიის ქვეყნები...). დახმარების მასშტაბიც გაიზარდა - ევროკავშირმა 50 მილიარდზე მეტი გამოუყო უკრაინას, შვედეთმა - მილიარდამდე დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი შეიარაღება. უკრაინაში მასობრივად ჩადის გერმანული შეიარაღებაც, ფრანგული ფრთოსანი რაკეტები... რუსეთის შეიარაღებაში კი ისეთი აქტორის ჩართვა, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთ კორეის ხელახალი გადაიარაღების ბიძგი გახდა. გარდა ამისა, სამხრეთკორეული იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს, ერთი მხრივ, უკრაინელთა ხელში, მეორე მხრივ კი, ჩრდილოეთ კორეისთვის ეს იყოს ერთგვარი მაიძულებელი, მხოლოდ რუსეთს არ მიაწოდოს იარაღი და იმაზე იფიქროს, რომ შეიარაღება სამხრეთ კორეის შესაკავებლად მიმართოს. ერთადერთი­, აშშ-ში შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა იმოქმედა უკრაინის დახმარების საკითხზე...“ - განაგრძობს რესპონდენტი.

„ვფიქრობ, კონგრესში დახმარების პაკეტი მაინც დამტკიცდება. თუ ასე არ მოხდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამერიკის ჰეგემონია დასრულდება არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სადაც ავტოკრატიებს აქვთ ამბიციები, არამედ მათ შორის ამერიკის მოკავშირეების თვალშიც. ამერიკამ უკვე მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი და შემდგომში ეს პროცესები თუ გაჭიანურდა, უფრო მეტად დაზიანდება, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბაიდენს აქვს მოქმედების სხვადასხვა საშუალება, მას კონგრესის გვერდის ავლითაც შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მესამე ქვეყნების გავლით თუ ყიდვის მეშვეობით (ისინი იყიდიან ამერიკულ იარაღს და შემდეგ გადასცემენ უკრაინას). მაგრამ, თუ პროცესები გაიწელა და სიტუაცია დამძიმდა, ამით, რა თქმა უნდა, რუსეთი ისარგებლებს და აშშ-ს დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება. ახლა აშშ-ში ძალიან მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა და საშუალო ამერიკელი მოქალაქის პოლიტიკური განათლება უმდაბლესია - ახლა ის თაობა აღარაა, ვინც იცოდა, ვინ იყვნენ ნიქსონი თუ კენედი, ვისაც რეიგანი უნახავს, `ცივი ომი~. ახალი თაობა ძალიან ვიწრო და ახლო სურათით მსჯელობს, რაც საბოლოოდ ამერიკის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი იქნება“, - განმარტავს ანალიტიკოსი.

„მეეჭვება, ამას ამერიკაში ვერ ხვდებოდნენ (ელიტას ვგულისხმობ) და, დიდი ალბათობით, დაამტკიცებენ დახმარების პაკეტს, ან რაიმე ხერხს მაინც მონახავენ უკრაინის შეიარაღებისთვის, მით უმეტეს, თავად პუტინს აქვს ნათქვამი, რომ ის ებრძვის არა უკრაინას, არამედ დასავლეთს უკრაინაში. როგორც ჩანს, დასავლეთში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ ხედავენ ამ კონფლიქტის დასრულებას. არსებობდა მოლაპარაკების მოლოდინი, მსჯელობდნენ, ხომ არ იქნებოდა უკეთესი რუსეთის გამოფიტვა უკრაინაშივე, კონფლიქტის ისე დამთავრება, რომ გამოფიტული რუსეთი დათანხმებულიყო მოლაპარაკებაზე - ბევრნაირი ვერსია არსებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თანდათან რწმუნდებიან, რომ მოლაპარაკება გამორიცხულია და ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის სწრაფი შეიარაღება თუნდაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვით. ევროპაში ვიღაცებს ეშინიათ ესკალაციის, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის მასირებულმა დაბომბვამ შესაძლოა რუსეთი ჩამოშალოს“, - ამბობს გიორგი კობერიძე.

„როდესაც ომი გადავა რუსეთის ტერიტორიაზე, არავინ იცის, ხალხის რა რეაქცია მოჰყვება - შეიძლება იყოს კონსოლიდაცია ხელისუფლების მხარდასაჭერად ან პირიქით, ანტისახელისუფლებო ქმედებები მოიტანოს. ევროპაში თანდათან მასობრივი ხდება რიტორიკა, რომ რუსეთი ყველასთვის საფრთხეა და მას არაფერი გააჩერებს, გარდა ხისტი ძალისა. ლოგიკური იქნება, თუ გერმანია უკრაინას „ტაურუსებს“ მიაწვდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ისევ აქვთ უპასუხო კითხვები და ეს უარესად დაამძიმებს სიტუაციას უკრაინისთვის და რუსეთს უფრო გაათამამებს. ვნახოთ, ტენდენციები კარგია, მათ შორის ჩრდილო ევროპის ქვეყნების, კერძოდ, ნორვეგია-შვედეთი-დანიის. ლაპარაკია უკრაინისთვის მათი მთელი არსენალის გადაცემაზე, რაც უნიკალური მოვლენა იქნება. რუსეთმა უკრაინაში თუ წარმატებას მიაღწია, მაშინ სამიზნე შეიძლება გახდნენ ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი... ამ ეტაპზე რუსეთს უჭირს, მაგრამ თუ უკრაინაში წარმატებას მიაღწია, რუსეთი დაიჯერებს, რომ მან აჯობა ნატოს, მათ შორის ნატოს პოლიტიკურ ნებას და ის უფრო გათავხედდება“, - დაასკვნის ლობერიძე და შეკთხვაზე - „როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და რით შეიძლება დასრულდეს ომი?“ - პასუხობს:

„ჩემი ვარაუდით, ომი გაგრძელდება. ახლა პიკია და როცა გადაივლის, შემდგომ გამოჩნდება სურათი, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს. ჯერჯერობით რუსეთი სამხედრო მობილიზაციური რესურსების მაქსიმუმს აღწევს და უკრაინაც იმავეს აპირებს - კერძოდ, სამობილიზაციო კანონის მიღებას, რაც ნიშნავს, რომ გაზაფხული-ზაფხული გარდამტეხი იქნება ბევრ რამეში, რომლის შედეგადაც გამოჩნდება რეალური სურათი, როგორი იქნება უკრაინელთა შეტევები, როგორი იქნება რუსული თავდაცვა, რასაც შესაძლოა 1-2 წელი კიდევ დასჭირდეს. ეს წელი ამ ომში უკიდურესად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება, ვინაიდან 2024 წელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არჩევნების წელია. რა თქმა უნდა, ამ მასშტაბითა და ტემპით ვერ გაგრძელდება ომი, რადგან ამდენი რესურსი არავის აქვს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ რუსეთმა კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია“.

„პუტინს ფრონტის ხაზზე მარცხის მეტი ვერაფერი გააჩერებს, რისი შანსიც არის. უკრაინელები კვლავ შეეცდებიან რამდენიმე კონტრშეტევას, არ ვიცი, რამდენად გამოუვათ, მაგრამ ლოგიკურია, მცდელობა იყოს. პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს და არანაირი მოტივაცია არა აქვს რაიმე ფორმით პროცესები შეაჩეროს. პუტინი უკრაინაში თუ დამარცხდა, დამარცხდება ისე, რომ მას თვისებრივად არანაირი ომის თავი აღარ ექნება მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში. ის რომ 2022 წელს დამარცხებულიყო, გასაგები იქნებოდა, მაგალითად, ჩვენ დაგვსხმოდა, მაგრამ როცა ტანკების დეფიციტი დაეწყო, თვითმფრინავებიც მასობრივად ჩამოუყარეს, ცოცხალი ძალისა და პროფესიული არმიის დეფიციტი აქვს, ამ ყველაფრის ფონზე თუ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდა, კიდევ მეტი რესურსი დაიხარჯება, რუსეთი საარტილერიო ჭურვებს ყიდულობს ჩრდილო კორეიდან, დრონებს - ირანიდან, პრობლემები აქვს წარმოებაში, დაიწყო ძველი ტანკების მასობრივი კანიბალიზაცია და ამით მოახერხა ახლებად გარდაქმნა. ახალ ტანკებს კი აწარმოებს, მაგრამ ძველები და გადაკეთებული უფრო მალე ნადგურდება, ვიდრე ახლები კეთდება, ამიტომ ისინი დეფიციტურია. რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ომი, რუსეთი იმდენად გამოიფიტება, მას სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ახალი ომის საშუალება ფიზიკურად აღარ ექნება. ამას ბევრი მუშაობა სჭირდება _ პოლიტიკური მომზადება, ლოჯისტიკური მომარაგება, ხელახალი კავშირები და ა.შ.“ - ამტკიცებს გიორგი კობერიძე.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს