ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ტაქტიკა რუსულს ჰგავს, რუსები მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ანადგურებენ, ესენი - მორალურად

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლო ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეზე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს დაამტკიცებს, რომ მათ ბრალი ედებოდათ დანაშაულში, რომელიც რეალურად არ არსებობს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები, რომლებსაც მათ უნდა უპასუხონ.

„თავისთავად, მთელი პროცესი „ქართული ოცნების“ მართული იყო, ამიტომაც მოიგონეს ფულის გათეთრების მუხლი. სასამართლო პროცესი გვზღუდავს იმაში, რომ საჯაროდ გამოვიტანოთ ყველა ინფორმაცია, რასაც სასამართლო მხარეებს უზიარებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა. იუსტიციის სამინისტრო არის კითხვების მიმღები და მათ პასუხები უნდა გასცენ. იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლოში საქმეს მოვიგებთ, ეს გამოაჩენს, რომ ჩვენ მანამდე დაგვადანაშაულეს დანაშაულში, რომელიც არ არსებობს. არ არსებობს დანაშაული და სასჯელი კანონის გარეშე. ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში საქმეს დაუსაბუთებლად არ წარვადგენდით, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი ხელის გულზეა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება პროცესი გაწელოს, მაგრამ როგორც კი ისინი გაწელვის შესაძლებლობას ამოწურავენ, პროცესი სწრაფად წავა, ასე მგონია. მათი ტაქტიკა რუსულს ჰგავს. რუსები მათ მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ანადგურებენ, ესენი - მორალურად და ზოგჯერ მორალური განადგურება უარესია. ისინი ადამიანებს მთელ განვლილ ცხოვრებას უხაზავენ და აბრალებენ ისეთ რამეს, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა ადამიანი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, გადაცემაში მან ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი მათი დემოტივირებაა, რათა სტუდენტები არჩევნებზე არ მივიდნენ, თუმცა თავად ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ქვეყანა ხვალ.

„ზოგადად სტუდენტებში პოლიტიკური ინტერესი დიდია. ჩვენი მიზანია, რომ ის განცდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდებში დანერგა, შევცვალოთ. „ქართული ოცნების“ მიზანია, ახალგაზრდები მაქსიმალურად დემოტივირებულები იყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. მე ახალგაზრდებს ვეუბნები ერთ რამეს - აბსოლუტურად ვენდობი ჩვენი შვილების თაობის გადაწყვეტილებებს, რადგან ეს თავისუფალი თაობაა, რომელიც „ქართულო ოცნების“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თავისუფლად გაიზარდა. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ ის მონაწილეობს არჩევნებში და ის განსაზღვრავს მის მომავალს. მათ უნდა თქვან, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება ეს ქვეყანა ხვალ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს რუსული ოკუპაცია ძალიან აწუხებთ. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს, ამ ეტაპზე, ბევრი იდეა აერთიანებთ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ არა განსხვავებებს, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორის მსგავსებებს გაესვას ხაზი.

„გარდა პენსიების გაზრდისა და ხელისუფლების წასვლასთან დაკავშირებული იდეებისა, მე ვფიქრობ, რომ კიდევ არის იდეები, მაგალითად 9 რეკომენდაციის შესრულება, რომლებსაც გახარიას პარტია და სავარაუდოდ, სხვა პროევროპული პარტიები იზიარებენ. ჩვენ ასეთი ტიპის დებატებისთვის ყოველთვის ღია ვართ. ახლა ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობისთვის მზად არიან. მნიშვნელოვანია, ახლა არა განსხვავებებს, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორის მსგავსებას გავუსვათ ხაზი, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას