ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული

მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება - ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული! - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების დღის წესრიგში საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღება არ დგას.

“პირველ რიგში, ჩვენ აღნიშნული პროექტი უნდა შევისწავლოთ და დავამუშაოთ. რაც შეეხება ამნისტიას, ყოველ ჯერზე როცა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დგება, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს - ჩვენ ამნისტიის არაერთი აქტი გამოგვიცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც ყველა უწყების ფართო ჩართულობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას!

ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება. ამნისტია არის აქტი კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით და საკითხის კონკრეტულ პირებთან მიმართებით დასმა არასწორია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შეწყალებაზე იმსჯელა - პრობლემაა ისეთი მუხლით გასამართლებული თანამდებობის პირის ამნისტია, რომელი მუხლით გასამართლებულ პირსაც ობიექტურად ამნისტიის შეხება არ ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სწორედ ასეთია.

წინა ხელისუფლების დროს ციხეში 24 000 პატიმარი იყო, ახლა დაახლოებით 10 000 პატიმარია, რაც რადიკალური სხვაობაა. ამნისტიის გამოცემა ერთბაშად ვერ მოხდება - ყველაფერს შეფასება, სამართლებრივი პრინციპის გათვალისწინება, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ როცა პირს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამის ლოგიკური შედეგი არის სასჯელი - სამართლიანი და დაბალანსებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. აღნიშნულ ვადას უკვე მოხდილი წლები გამოაკლდება.

ამავე პროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 273/1-ე და 265-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული.

¼-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ამნისტიის პროექტი “გირჩმა“ მოამზადა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია