ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“

მოქალაქეებს ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებზე, გარდა სამართალდამცავი უწყებებისა, შეუძლიათ სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართონ. ომბუდსმენის „ცხელი ხაზის“ ნომერზე - 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული. ძირითადად, რა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რეკავენ მოქალაქეები სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“, „ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, თამარ გვარამაძეს ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, როდის დაიწყო სახალხო დამცველის ოფისში ე.წ. „ცხელმა ხაზმა“ ფუნქციონირება და ძირითადად, რა ტიპის ზარებზე უწევთ თქვენს თანამშრომლებს რეაგირება?

- სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მოდიფიცირება რამდენჯერმე განიცადა. დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო გადაიარაღების პროცესი, ტექნიკურად განახლდა და თუ ადრე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით შეიძლებოდა ჩვენთან დაკავშირება და კონტაქტი, ახლა შეიძლება როგორც დარეკვა, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მოწერა, ჩატის, „ვაიბერის“ საშუალებით დაკავშირება ანუ სხვადასხვა არხების მეშვეობით ხდება ამ პლატფორმასთან კომუნიკაცია. 2023 წელს ე.წ. „ცხელი ხაზის“ ნომერზე: 1481-ზე, 13 ათასზე მეტი ზარი შემოვიდა. მოქალაქეებს, ძირითადად, აინტერესებდათ მანდატთან დაკავშირებული საკითხები, ბავშვთა უფლებები, სოციალური ურთიერთობები, პატიმრის უფლებები და ა.შ.

- როგორც აღნიშნეთ, „ცხელ ხაზზე“, გასული წლის განმავლობაში, 13 ათასზე მეტი ზარი შემოვიდა. რამდენიმე თვეა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩნდა სარეკლამო ბანერები, სადაც თქვენი „ცხელი ხაზის“ ნომერი იყო მითითებული და თითქმის ყველა ინფორმაციაზე არის დატანილი სავარაუდო სიტუაცია, როგორც უნდა ამოიცნონ ადამიანებმა სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა. ამ კამპანიის დაწყებიდან ამ ტიპის სავარაუდო ფაქტებზე რამდენი შეტყობინება მიიღეთ და თუ გაიზარდა მომართვიანობა?

- ეს საინფორმაციო კამპანია ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დავიწყეთ. როგორც იცით, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში მანდატი რამდენიმე უწყებას აქვს. ეს უწყებები ერთიან პროექტში ვიყავით ჩართულები. ეს არის ერთ-ერთი საკითხი და აქტივობა, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაიგეგმა და მიზნად ისახავდა ამ გზითაც ადამიანების ინფორმირებას. ჩვენ კი ველოდებოდით, რომ ამ კამპანიის შემდეგ მომართვიანობა გაიზრდებოდა, მაგრამ, რომ გითხრათ, არსებითად გაიზარდა-მეთქი, მოვიტყუები. მაგალითად, გასულ წელს, თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მოიცავს ძალადობასაც და სექსუალურ შევიწროებასაც, ასევე გენდერულ და ქალთა უფლებებს, ამავე კონტექსტში მოიაზრება ოჯახური ძალადობაც, დაახლოებით 500-ზე მეტი ზარი და კითხვა მივიღეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 500 საქმე გვაქვს, მათ შორის, შესაძლოა, იყოს სექსუალურ შევიწროებაზე, შესაძლოა, პირმა დარეკოს ჩვენთან, რაღაც იკითხოს, გაარკვიოს, მაგრამ შემდეგ აღარ მოგვმართოს. ნებისმიერი ეს ზარი, კითხვა, არ ითარგმნება ჩვენთან საქმეების რაოდენობაში. არაა აუცილებელი იმ ადამიანმა განცხადებით მოგვმართოს და სურვილი ჰქონდეს, რომ ჩვენ ეს საქმე შევისწავლოთ. შეიძლება სულ არ ჰქონდეს დარეკილი „ცხელ ხაზზე“, მაგრამ ისე შემოიტანოს პირდაპირ განცხადება.

- ამ ტიპის ფაქტებზე მომართვის შემდეგ, როგორია ამ საქმეებზე შემდგომი რეაგირება?

- შეიძლება სუბიექტმა ანონიმურად მოგვმართოს, მაგრამ საქმის წარმოება ანონიმურად ვერ გაგრძელდება. თუ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში პირი ფიქრობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, ჩვენთან საქმის წარმოება და განხილვა იწყება,რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მივმართავთ პოტენციურ მოძალადეს, ან უწყებას, სადაც ის მუშაობს და ვთხოვთ კონკრეტული ახსნა - განმარტების, ინფორმაციის მოწოდებას.

- რამდენი ასეთი მიმდინარე საქმეა?

- რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, 2023 წლის განმავლობაში შემოვიდა 11 განცხადება სექსუალურ შევიწროებაზე, აქედან: საქმის წარმოება შეწყდა - 6 საქმეზე; რეკომენდაცია გაიგზავნა - 4 საქმეზე (აქედან 3 საქმეზე გადაწყვეტილება გამოვიდა 2024 წელს) მიმართვა მომზადდა - 2 საქმეზე (აქედან 1 საქმე არის 2022 წელს შემოტანილი განცხადება);

- გარდა სექსუალური შევიწროებისა, „ცხელ ხაზზე“ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ სხვადასხვა სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებითაც. ყველაზე ხშირად რომელი უფლების დარღვევაზე მოგმართავენ მოქალაქეები?

- ყველაზე შთამბეჭდავი ციფრი თემატიკაზე, რაზეც ჩვენთან, საინფორმაციო ცენტრში რეკავენ, მოგვმართავენ და გვეკითხებიან, უკავშირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს. როგორც გითხარით, დაახლოებით 13 ათასი მომართვაა, აქედან 4 ათასამდე არის ამ თემატიკაზე. ამ მიმართულებით მოგვმართავენ როგორც პატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები. პენიტენციური დაწესებულებებიდან 2023 წელს 1700 -მდე შეტყობინებაა შემოსული. თუმცა, შესაძლოა, პატიმარმა დარეკოს და მაგალითად, ბავშვთა უფლებებზე დაინტერესდეს, თუ მას ბავშვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები.

- თუ არის ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მომართვა?

- პირველადი რეაგირება არის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და ჩვენ მათზე ვზედამხედველობთ, თუმცა, ცხადია, პოლიციის ფუნქციას ვერ შევასრულებთ და ვერ შევითავსებთ. ყოფილა ზარი, სადაც ისმის, როგორ ხმამაღლა უყვირის, ემუქრება მეუღლე ან ოჯახის წევრი ქალს. ამ შემთხვევაში რეაგირება არის მყისიერი. ვეკითხებით, ხომ არ განახორციელა ზარი „112-ში“, პარალელურად ჩვენი თანამშრომლები შსს შესაბამის დეპარტამენტში რეკავენ, რათა მათ ჰქონდეთ დროული რეაგირება. ასევე, შემოდის ზარები თუ აქვს პოლიციის მხრიდან ადგილი ძალის გადამეტებას. რომ გითხარით 4 ათასი ზარია შემოსული, რომელიც სისხლის სამართლის საკითხებს ეხება-მეთქი, მათ შორის მოიცავს პოლიციის მხრიდან აქტივობებს. ამ შემთხვევაში, თუ ვხედავთ რომ საფუძვლიანია ეს პრეტენზია, ვრეკავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, უწყებაში, რომელმაც ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

- ხშირია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზარები?

- 2023 წლის განმავლობაში „ცხელ ხაზზე“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სულ 632 სატელეფონო ზარი განხორციელდა. ამაში შედის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზარებიც.

- როგორც წესი, რას ეხება ხოლმე, ზოგადად, პატიმრების პრეტენზიები?

- ძირითადად, პირობებს, თუ ჯანმრთელობის სერვისები დროულად არ ჩატარდა, თუ სურთ სამარტოო საკანში გადაყვანა. ძალიან ბევრი რეკავს იმ მოთხოვნით, რომ სჭირდება სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრა, საერთოდ არ ამბობს, რა პრობლემა აქვს. ამ ზარების დიდი ნაწილის შედეგად ჩვენი სისხლის სამართლის დეპარტამენტი გეგმავს ვიზიტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ადგილზე ეცნობიან - ხოლმე პატიმრების პრეტენზიებს. საჭიროების შემთხვევაში, საქმის წარმოება იწყება.

- არასრულწლოვანები ხშირად მოგმართავენ?

- ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით 250-მდე შეტყობინებაა შემოსული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები რეკავენ, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით რეკავენ.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი