იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტზე მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შესთავაზა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირონ პარტია „გირჩის“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაინიცირებულ ცვლილებას, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის პარტიულ სიაში კანდიდატების მინიმალური რაოდენობის ჩაწერას.
როგორც ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პარტია „გირჩი“ ითხოვს ამ სავალდებულო მინიმალური რაოდენობის გაუქმებას. თუმცა, ოხანაშვილის თქმით, ეს დაავიწროებს პოლიტიკურ მსჯელობას პარტიების მიერ წარმოდგენილ სიებთან დაკავშირებით.
„ჩვენ კენჭსაყრელი გვაქვს ერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება გირჩის მიერ წარმოდგენილ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ ეს უკავშირდება კანდიდატების იმ მინიმალურ რაოდენობას, რამდენიც უნდა ჩაწეროს პარტიულ სიაში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ. აქ იყო შემოთავაზება, რომ საერთოდ ხომ არ გაუქმებულიყო ეს მოთხოვნა, რომ არ იყოს მინიმალური ოდენობა განსაზღვრული, რამდენი უნდა წარადგინოს პარტიამ აქტიურ სიაში. ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპის დონეზე, დათქმით, მხარი დავუჭირეთ, რომ ამ საკითხზე შეიძლება ყოფილიყო ფიქრი და მსჯელობა. თუმცა, მეორე მოსმენის ფარგლებში ვფიქრობ, რომ საკითხი დგას შემდეგნაირად - ეს პოლიტიკურ პარტიებს აძლევს სივრცეს, რომ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი კანდიდატების შესახებ კონკურენტ პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს მსჯელობის სივრცე. ნებისმიერ პარტიას რომ ჰქონდეს სივრცე იმსჯელონ პოლიტიკურ სიაში წარმოდგენილი იმ მომავალი დეპუტატების შესახებ, ვინც სიაში უწერია პოლიტიკურ პარტიას. ამიტომ, ამაზე ვიფიქრეთ, რამდენად მიზანშეწონილია ეს მინიმალური ოდენობაც ამოვიღოთ კანონიდან, რაც შეიძლება არაფერს არ არღვევს, უბრალოდ მოქალაქეთა მეტი ინფორმირებულობისთვის სასურველია, რომელ პარტიას ვინ უწერია საარჩევნო სიაში თუნდაც კონკრეტული 60 პირის შესახებ ინფორმაცია. ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებს რომ ჰქონდეთ მსჯელობის საგანი, რომ მაგალითად, თქვენ საარჩევნო სიაში გიწერიათ პირი, რომელიც წარსულში არის ნასამართლევი კონკრეტული ქმედებისთვის ან კონკრეტულ ქმედებებშია შემჩნეული. ეს ხსნის სივრცეს პოლიტიკური ჯანსაღი დებატისთვის და ამისი ამოღება ამ პოლიტიკური დებატის სივრცეს შეამცირებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში მხარი არ იქნეს დაჭერილი ჩვენი მხრიდან, თუმცა გავაგრძელოთ ამ საკითხზე მსჯელობა მეორე მოსმენის ფარგლებში უკვე პლენარულ სხდომაზე, ვინაიდან ეს არ არის იურიდიული ტიპის საკითხი, უფრო მეტად არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და გთავაზობთ, რომ კენჭისყრას როცა ჩავატარებთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დავუჭიროთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.