ზოგადად მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ორგანოს გამოსაძიებელ საქმეს არ უნდა იძიებდეს უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე სამსახური - კონსტიტუციური ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირზე რომ გამოძიებას იწყებ, რა დაზღვევა მაქვს 100%-იანი, რომ უფრო დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო სწორად გამოიძიებს. მაშინ გვჭირდება ამ ორგანოს მაკონტროლებელი „სპეციალური სპეციალური საგამოძიებო სამსახური“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურს პროკურორის მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული ექვემდებარება, რატომ არ ექვემდებარება გენერალური პროკურორის მიერ ჩადენილი.
ოხანაშვილი აცხადებს, რომ მომავალში შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ აღნიშნული სამსახურები დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს - პროკურატურას.
„მე მაფიქრებს პროკურორის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ამ ლეგიტიმაციის მქონე პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რამდენად სწორს ვაკეთებთ, რომ ამ სამსახურის ქვემდებარეს ვხდით ამ საკითხს. მაფიქრებს კითხვა, თუ პროკურორზე აკეთებთ ამას, რატომ არ აკეთებთ გენერალურ პროკურორზე? ზოგადად, პროკურორის შემთხვევაშიც ეს არგუმენტი იყო, რომ მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ორგანოს გამოსაძიებელ საქმეს არ უნდა იძიებდეს უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე სამსახური. ეს გამონაკლისები დაშვებულია და ახლა მიდის მსჯელობა, რომ კიდევ ხომ არ გავაფართოოთ. ჩემი აზრით, ეს დაშვებაც პრობლემურია. ჩვენ ერთ დღეს დავდგებით, ალბათ, იმის წინაშე და შეიძლება ერთ დღეს მოგვიწიოს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს სამსახურები იყო დროებითი და დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს - პროკურატურას. კონსტიტუციური ლოგიკა ამას გვეუბნება, უბრალოდ, ახლა გვაქვს გარკვეული გამონაკლისი. ამ გამონაკლისის კიდევ გაფართოება მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. იქაც პრობლემა იქნება, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რამდენად ლეგიტიმურად გამოიძია, მაშინ იმისი მაკონტროლებელი ორგანოც გვჭირდება. კონსტიტუციური ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირზე რომ გამოძიებას იწყებ, რა დაზღვევა მაქვს 100%-იანი, რომ უფრო დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო სწორად გამოიძიებს. მაშინ გვჭირდება ამ ორგანოს მაკონტროლებელი „სპეციალური სპეციალური საგამოძიებო სამსახური“. ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე, ამიტომ ეს დასაფიქრებელია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება - აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა.
შესაბამისი ცვლილებები “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. ანრი ოხანაშვილი აღნიშნული კანონპროექტის თანაავტორი და წარმდგენია.