საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს, თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„კანონპროექტით, ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებასა ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება.
კანონპროექტით, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, მამხილებელს მიანიჭოს მამხილებლის სტატუსი (მათ შორის, ანონიმური მამხილებლის სტატუსი), გაუწიოს მას სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს. ანტიკორუფციულ ბიუროს ასევე ენიჭება უფლებამოსილება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მამხილებლისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართოს აღნიშნულ სამსახურს. ანტიკორუფციული ბიუროს ამ უფლებამოსილებების განხორციელების წესი დადგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, ინფორმაციის თანახმად, ცვლილებით ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებს.
„ინიციირებული კანონპროექტით უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.
საკანონმდებლო პაკეტით, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა.
საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთი ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი უკავშირდება ანტიკორუფციულ ბიუროს საქმიანობის შემდგომ გაუმჯობესებას და 9-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულებას“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.