თინა ხიდაშელი - ზურაბ აზარაშვილის წერილს აღიარებითი ჩვენების მახასიათებლები არ აქვს - ის ამ წუთას სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის

არასერიოზული განაცხადია, თუ ეს ადამიანი [ზურაბ აზარაშვილი] მოტივირებული და მოწადინებულია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემები აღმოიფხვრას, მაშინ რებუსებით არ უნდა გველაპარაკებოდეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მისი აზრით, ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის, რადგან მან საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა და თუ მისი განცხადება სიმართლეა, ეს მიმდინარე დანაშაულია და ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ამ წუთებშიც ემუქრება.

ასევე, მისი თქმით, ამ მომენტში მხოლოდ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება და არა პირების, რომლებსაც, სავარაუდოდ, არარეგისტრირებული მედიკამენტები შემოაქვთ ან ყიდიან.

„რა თქმა უნდა, ზურაბ აზარაშვილის ამ წერილს აღიარებითი ჩვენების მახასიათებლები არ აქვს. ის ზოგადი მონაცემებითა და ზოგადი ფრაზებით, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არსებობდა. რაც შეეხება ბიზნეს დაჯგუფებებს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ბიზნესებს ხელისუფლების შანტაჟის მეტი უნარი აქვთ. თუ ხელისუფლება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება, რა თქმა უნდა, მისით ექსპლუატაციის მცდელობა ყოველთვის იქნება.

რაც შეეხება არარეგისტრირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც, თურმე, ონკოლოგები ნიშნავენ და რომლებზეც აზარაშვილმა თავადაც ისაუბრა თავის წერილში, ეს იცით როგორი განცხადებაა? ჩემი მეზობელი რომ მიყვება, პერიოდულად, რომ საბაჟოზე შემოსულ ვადაგასულ კვერცხს ახალ ბეჭედს გადაარტყამენ. ეს არასერიოზული განაცხადია. თუ ეს ადამიანი მოტივირებული და მოწადინებულია, რომ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, მაშინ რებუსებით არ უნდა გველაპარაკებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა თვლის, რომ ბიზნეს ინტერესებთან ბრძოლაში დამარცხდა. ჩავთვალოთ, რომ მან ეს გუშინ გაიგო, მას შემდეგ რაც ის თანამდებობაზე არ არის. ის, რომ თანამდებობაზე ყოფნისას არ საუბრობდა, მაინც არ არის მთავარი შეცდომა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეიძლება ახლა რომელიღაც ონკოპაციენტი ამ წამალს ყიდულობს. ამიტომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა რებუსებით საუბარი. ამ წუთას ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის, რადგან ამხელა ეჭვი გააჩინა, არაფერი კონკრეტული არ თქვა და თუ მისი განცხადება სიმართლეა, ეს მიმდინარე დანაშაულია და ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ამ წუთებშიც ემუქრება.

სინამდვილეში აზარაშვილს ისიც არ უთქვამს, ამ მედიკამენტების პრობლემა რა არის, რატომ არ არის ეს მედიკამენტები რეგისტრირებული, უბრალო ბიუროკრატიული პრობლემების გამო თუ მართლა საფრთხისშემცველი მედიკამენტებია და ბოლომდე გამოკვლეული არ არის. დღეს მისმა საუბარმა მდგომარეობა დაამძიმა და არა შეამსუბუქა.

ამ მომენტში, ჩემთვის, პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მისია და არა პირების, რომლებსაც, სავარაუდოდ, არარეგისტრირებული მედიკამენტები შემოაქვთ ან ყიდიან. გუშინწინ ასე არ იყო. ახლა ყველა ონკოპაციენტი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიმე მედიკამენტი მიიღო, ზის და ფიქრობს, რომ იქნებ თავად არის სიტუაციის მსხვერპლი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ