რა სფეროში ირღვევა ყველაზე ხშირად მომხმარებელთა უფლებები და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა საკუთარ უფლებებზე? - ინტერვიუ ირაკლი ლექვინაძესთან

მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად ონლაინ ვაჭრობის სფეროში ირღვევა - საკითხების უმრავლესობა ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე მოდის. ასევე, პრობლემურია „ფეიქ“ გვერდების საკითხი, როდესაც მომხმარებელთა მხრიდან თანხის მიღების შემდეგ, ისინი, მომსახურების გაწევის გარეშე, უბრალოდ ქრებიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის 1-ელ მარტამდე, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში 715 განცხადება შევიდა. სააგენტომ გამოავლინა კონკურენციის სფეროში არსებული დარღვევებიც და აღნიშნულ პერიოდში ჩატარებული მოკვლევების შედეგად, დააჯარიმა საწვავის და ფარმაცევტულ ბაზარზე, ასევე სხვადასხვა სექტორში მოქმედი მსხვილი კომპანიები.

რა უნდა გააკეთონ მომხმარებლებმა თავისი უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რა ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ და კიდევ, რა სტანდარტების დანერგვას გეგმავს უწყება როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.

- ცოტა ხნის წინ თქვენ დაადგინეთ ახალი სტანდარტი კვების ობიექტებისთვის. ახალი წესი გულისხმობს კაფე-რესტორნებისთვის ვალდებულების მინიჭებას, რომ მენიუში ფასი ჯამურად, ყველა გადასახადის ჩათვლით შეიტანონ. გვითხარით, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული სტანდარტის შემოღება, რისი პრევენცია ხდება ამით და ითვალისწინებს თუ არა ამ წესის დაუცველობა ფინანსურ სანქციას?

- კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, აღსრულების პოლიტიკას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს. პირველი, ეს არის კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა, მეორე - ანტიდემპინგის მიმართულება, ხოლო მესამე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა. რაც შეეხება მენიუებში ფასის მითითების სტანდარტის დადგენას, ეს უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას. ჩვენი გადაწყვეტილებებით ყოველთვის ვპასუხობთ მომხმარებელთა მხრიდან წამოსულ საკითხებს. აღნიშნული საკითხიც კონკრეტული მომხმარებლის მომართვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ის კონკრეტულ ობიექტს ეხებოდა, რომლის თაობაზეც მოგვმართა მომხმარებელმა და გამოთქვა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინფორმირება უფრო ზუსტი ყოფილიყო, მენიუებში კონკრეტულ ფასში უნდა შესულიყო დამატებული ღირებულების გადასახადი და მომსახურების პროცენტები, რომელიც ამა თუ იმ რესტორანს აქვს. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, ვიხელმძღვანელეთ საერთაშორისო გამოცდილებით და მივიჩნიეთ, რომ უნდა დადგენილიყო სტანდარტი საქართველოში მოქმედი კვების ობიექტებისთვის, რომ მენიუში ფასი იყოს მითითებული ყველა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის იქნება ეს დამატებული ღირებულის გადასახადი თუ მომსახურების პროცენტი, რომელიც კვების ობიექტებს სხვადასხვა აქვთ. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის არ იყოს სიურპრიზი ჯამური თანხა - შესაძლოა, მოლოდინი ერთი აქვს და რეალურად იღებს მეორეს. ჩვენი გადაწყვეტილება ასახავს მომხმარებელთა მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის სტანდარტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა კვების ობიექტმა. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მოგვმართავს და გვეტყვის, რომ ესა თუ ის სტანდარტი დაცული არ არის, ეს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდება და მიღებულ იქნება შესაბამისიგადაწყვეტილებაც.

ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაფრთხილებთ მოვაჭრეს და ვეუბნებით, რომ აქ არის დარღვევა, ან დარღვევის რისკი და გაქვთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ საკითხი გამოსწორდეს. თუ გონივრულ ვადაში არ ხდება აღნიშნული საკითხის გამოსწორება, შემდეგ გადავდივართ ფინანსურ სანქციებზე. პირველ ეტაპზე არის მითითება, რომ მოვაჭრემ თავისი სავაჭრო პოლიტიკა გამოასწოროს და კანონის შესაბამის მუხლებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

- კიდევ ერთი სიახლე, რაზეც კონკურენციის სააგენტო მუშაობს, ინფლუენსერებისთვის სტანდარტების შემოღებაა. დაიწყეთ თუ არა სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს და კონკრეტულად, რა წესების შემუშავებაზე მიმდინარეობს მსჯელობა?

- ინფლუენსერებთან მიმართებით რაიმე დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. დღევანდელი კანონმდებლობა ისედაც ფარავს ამ მიმართულებას. ჩვენ ვსაუბრობთ სამომავლოდ სამოქმედო დოკუმენტების შექმნაზე, რომელმაც უნდა მოიცვას ყველა მიმართულება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პრეტენზია იქნება და ის ჩათვლის, რომ ინფლუენსერის მიერ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამებოდა რეალობას, რითაც მისი უფლება დაირღვა.

ეს საკითხი ასევე ძალიან აქტუალური იყო გარკვეულ პერიოდში ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში და ბუნებრივია, ჩვენ სამოქმედო დოკუმენტში იქნება ეს განმარტებები და გადაწყვეტილებები გათვალისწინებული, რომლებიც ევროპაში არსებობს, თუმცა, იმისთვის, რომ აქამდე მივიდეთ, უპირველესად, მსგავსი ტიპის საქმის განხილვა უნდა მოხდეს. საქმის განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მსგავსი ტიპის პრობლემით მოგვმართავს. ინფლუენსერების სფერო მზარდია, აქედან ისინი საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ და თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები მსგავსი ტიპის საკითხებისგან. რაიმე დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება დაგეგმილი არაა, უბრალოდ განმარტებული იქნება, როგორ ვიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირდება პრეტენზია აღნიშნული მიმართულებით. ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- რადგან მომხმარებელთა დაცვის მიმართულებაზე ვსაუბრობთ, გვითხარით როგორია ამ კუთხით სტატისტიკა? - უფრო კონკრეტულად, რამდენად აქტიურად მოგმართავენ მომხმარებლები საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ განცხადებით - როგორია 2023 წლისა და მიმდინარე წლის მომართვის სტატისტიკა; ამავე პერიოდში დარღვევის რამდენი ფაქტი დადგინდა?

- 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში სააგენტოში 715 განცხადება დაფიქსირდა. ჩვენი გადაწყვეტილებების 70% პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებით მთავრდება. ეს ნიშნავს შემდეგს - შესწავლის პროცესში მოვაჭრე ამბობს - „მე ვხედავ დარღვევის რისკს, ამიტომ, საქმე შევწყვიტოთ და მე აღვადგენ მომხმარებლის უფლებას, თანხას დავუბრუნებ, ნივთს გამოვცვლი, ან დაზარალებულ მომხმარებელს ნივთს შევუკეთებ, რა პრეტენზიაც ჰქონდა - დავაკმაყოფილებ და ამასთანავე, მზად ვარ, რამაც პრობლემა შექმნა, ანუ ჩემი სავაჭრო პოლიტიკა გავასწორო“. თუ მოვაჭრის მხრიდან იკვეთება ასეთი მზაობა, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება ფორმდება. სააგენტოს მიერ განისაზღვრება გონივრულ ვადა და ამ პერიოდში თუ ყველა პირობა სრულდება, საქმე დასრულებულად ითვლება. ჩვენი გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის შეთანხმებებზე მოდის. ეს ძალიან მომგებიანია ყველა მხარისთვის. 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან, როდესაც აღსრულება დავიწყეთ, 2024 წლის თებერვლის ჩათლით, პირდაპირი სარგებელი, რაც მომხმარებლებმა მიიღეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით, დაახლოებით 500 ათას ლარს აღემატება. ეს მომხმარებლისთვის პირდაპირ საგრძნობია. თუ მაგალითად დარღვევა დადასტურდა, კომპანია დავაჯარიმეთ და მან ჯარიმა გადაიხადა, ეს ჯარიმა ბიუჯეტში მიდის და ამით მომხმარებელს არაფერი. უბრალოდ, უკომპენსირდება ის დარღვევა, რაც მის წინაშე იყო.

ერთეული შემთხვევებია, როდესაც მომხმარებელთა პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, ანუ, დარღვევა არ დადასტურდა, საფუძველი არ იყო და საქმე შეწყდა. ასევე, არის შემთხვევები, რაც განსაკუთრებით მცირე და ონლაინ ქსელებში არსებულ მეწარმეებს ეხება, როდესაც მათ არ აღადგინეს მომხმარებელთა უფლება. დარღვევა დაუდასტურდათ, არ გამოასწორეს და ჩვენ დავაჯარიმეთ კომპანიები.

დღეის ჩათვლით, ჯარიმების მოცულობა შეადგენს 30 986 ლარს. ჩვენ გვაქვს მინიმალური ჯარიმის სტანდარტი. თუ კომპანია ბრუნვებს ვერ აჩვენებს, მინიმუმ 600 ლარით ვაჯარიმებთ. თუ ბრუნვები აქვს კომპანიას, ბრუნვის 2%-მდე ჯარიმდება - ეს განისაზღვრება დარღვევის სიმძიმით.

მომხმარებელთა საკითხების 65% ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოდის, რადგან ონლაინ ვაჭრობის დროს უფრო მეტი პრობლემა წარმოიშობა - მომხმარებელი ფიზიკურად ვერ ნახულობს ნივთს; სურათში შეიძლება ერთია, რეალურად კი მეორე ან აღწერილობა რეალურ პარამეტრებს არ შეესაბამება. ამიტომ, უფრო მეტი პრეტენზია მოდის ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით. მომართვის კუთხით თბილისი ყველაზე აქტიურია, თუმცა ბოლო პერიოდში პროცენტული მაჩვენებლები რეგიონებშიც იმატებს, რაც ჩვენი საინფორმაციო უზრუნველყოფის შედეგად ხდება.

საკითხების 67% მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, შემდეგ არის ტრანსპორტი და დასაწყობება. ეს ძირითადად ეხება იმ კომპანიებს, ვინც ნივთის ტრანსპორტირებას ახდენენ - მაგალითად, მომხმარებელს დროულად არ ჩამოუტანეს ნივთი, დაკარგეს ან დაუზიანეს. არის მცირე პროცენტები ხელოვნება, გართობა და დასვენების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება და ნებისმიერი სხვა ტიპის მომსახურება.

ყველაზე დიდი პროცენტი მოდის ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე. შემდეგია ნაკლოვანი მომსახურების უფლების აღდგენა, თანხის დაბრუნება და ა.შ.

- მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში გათვალისწინებულია ახალი კანონპროექტის შემუშავება „ფოსტის შესახებ“. გეგმაში ვკითხულობთ, რომ კანონის პროექტი ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს. გვითხარით, ხართ თუ არა ჩართული ამ საკითხზე მუშაობის პროცესში და კონკრეტულად, რა ცვლილებების განხორციელებით იგეგმება დასახელებული მიზნების მიღწევა?

- დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფოსტის საქმიანობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენი კანონმდებლობის დაფარვის არეალშია და გვქონია სხვადასხვა შემთხვევა ამ მიმართულებით. ამ მხრივ რაიმე საკანონმდებლო სიახლის შესახებ ვერაფერსგეტყვით, რადგან ამაზე დეტალური განხილვა არ გვქონია. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, საქმეები, რომლებიც მომხმარებლებისა და საქართველოს ფოსტის ურთიერთობას ეხება, ჩვენი განხილვის საგანია. რამდენიმე საქმეც გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი განაცხადია შემოსული, თუმცა რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მომხმარებელს ჰქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზია.

- კონკურენციის სააგენტო „ფეიქ“ გვერდების კონტროლის მიმართულებითაც მუშაობს. სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით მოტყუებული მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. გვითხარით, რა ბერკეტები აქვს სააგენტოს ასეთი გვერდების გამოსავლენად და რამდენად ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობა გაქვთ? ძირითადად რომელ სფეროებს ფარავენ ე.წ. „ფეიქ“ გვერდები?

- „ფეიქ“ გვერდების თემა პრობლემური საკითხია იმიტომ, რომ ისინი ძირითადად მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ჩნდებიან და რეგისტრირებულები არ არიან. პრაქტიკულად, შეიძლება სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ეწეოდნენ, მაგრამ გარკვეული თანხის გადარიცხვის შემდეგ, გაქრნენ. სამწუხაროდ, პრევენციის მექანიზმი, ჩვენს ხელში არსებული ბერკეტი მხოლოდ ისაა, რომ ხშირად ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, ნაკლებად ენდონ ისეთი ტიპის გვერდებს და სოციალურ ქსელებში ისეთი ტიპის შემოთავაზებებს, სადაც მეწარმის, კონკრეტული გვერდის მფლობელის იდენტიფიცირება არ ხდება. თუ მისი იდენტიფიცირება არ ხდება, შემდეგ საქმის წარმოება ძალიან რთულია. ჩვენ გვქონდა მაგალითები, როდესაც საქმე სცდებოდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ადგილი ჰქონდა თაღლითობას, გაუჩინარებას, თანხის გადახდის შემდეგ სერვისის არმიწოდებას, კომპანიების გაქრობას. თუ საქმე ჩვენს კომპეტენციას სცილდება, ჩვენ მას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებში ვაგზავნით. შემდეგ უკვე მათი სამოქმედოა. ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო. ჩვენი მხრიდან პრევენციის ზომები ისაა, რომ მომხმარებელი გავაფრთხილოთ, ნაკლებად ენდონ ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით ისეთ გვერდებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრაცია, დასახელება, საიდენტიფიკაციო გვერდი და ა.შ. ან მაგალითად, თანხის გადახდას სთხოვენ კერძო პირის ანგარიშზე. თუ იდენტიფიცირებადია და მეწარმე სუბიექტია, ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება, მაგრამ, თუ თაღლითობის ან სხვა ტიპის დანაშაულის ნიშნებია, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ხდება მსგავსი ტიპის საქმეების გადაგზავნა. მახსენდება „დილსი“, რომელსაც ბევრი მომხმარებელი უჩივის როგორც არაკეთილსინდისიერ კომპანიას. გარდა იმისა, რომ დარღვევა დავუდგინეთ, დავაჯარიმეთ ეს კომპანია და საქმე გადავგზავნეთ შესაბამის სამსახურებში.

- რაც შეეხება კონკურენციის მიმართულება, თქვენ ფარმაცევტულ ბაზარზე ჩაატარეთ მოკვლევა და დეკემბერში 4 ფარმაცევტული კომპანია შეთანხმებული ქმედებისთვის დააჯარიმეთ. მათ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. გვითხარით, რა ეტაპზეა ეს საქმე?

- ფარმაცევტული სექტორის მონიტორინგი 2022 წლის დასაწყისში დავასრულეთ, გავეცით 13 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა. მჭიდრო თანამშრომლობით ხდება ამ რეკომენდაციების დანერგვა და მათი უმრავლესობა სრულად, ან ნაწილობრივაა დანერგილია. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ელექტრონული რეცეპტები, გენერიკული რეცეპტები, რეფერენტული ფასები. მედიკამენტების მიმართულებით ხელმისაწვდომობა, გაიაფების ტენდენცია ბოლო წლებში მომხმარებლისთვის ხელშესახებია - თუნდაც თურქული ბაზრის გახსნა და პარალელური იმპორტის დაშვება. თუ შევხედავთ ორი წლის წინანდელ მდგომარეობას, ძირითად მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 40-60%-ის არეალშია შემცირებული. ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია.

გარდა მონიტორინგისა, რომელიც 2022 წელს დავხურეთ, 2023 წელს დავიწყეთ მოკვლევა 5 მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ. მოკვლევა ეხებოდა ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამაში, ონკოლოგიური მედიკამენტების მიწოდების დროს იდენტური ფასების დაწესებას. 5 კომპანიის მხრიდან ფაქტობრივად, თეთრების სიზუსტით მოხდა ერთი და იმავე ფასების შეთავაზება. რაც ჩვენთვის საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა, რომ შეთანხმებული ქმედების მიმართულებით მოკვლევა დაგვეწყო. მოკვლევის პროცესი დაახლოებით 9 თვე გაგრძელდა და გასული წლის ბოლოს 5-დან 4 კომპანიას დავუდგინეთ შეთანხმებული ქმედება. ჩვენი შეფასებით, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, რომ თუ ერთმანეთის ფასები წინასწარ არ იცოდნენ, ასეთი დამთხვევა ყოფილიყო. ბოლო 3-წლიან პერიოდში დაახლოებით რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო, როდესაც 2, 3 ან 4 კომპანიის ფასები 42 ონკოლოგიური მედიკამენტის შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს მივიჩნიეთ დარღვევად და 4 კომპანიის მიმართ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაჯარიმეთ ჯამში 53 მილიონი ლარით. ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან სასამართლოში გასაჩივრდა. პროცესი მიმდინარეობს და მზად ვართ, ჩვენი მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში დავიცვათ.

- აღნიშნული საქმის შემდეგ სააგენტომ კიდევ 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ დაიწყო მოკვლევა მედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზაციის ფაქტზე. მოგვიყევით, უფრო ზუსტად, რა შესაძლო დარღვევაზეა საუბარი და ხომ არ არის უკვე ცნობილი მოკვლევის შედეგი?

- ეს მოკვლევა ეხება იმპორტიორ კომპანიებს, მათ შორის არ არის ყველაზე ცნობილი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები - ესენი არიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც როგორც ევროპიდან, ისე არაევროპული ქვეყნებიდან ახორციელებენ მედიკამენტების იმპორტს და აქვთ ძალიან მაღალი ფასნამატები - დაახლოებით 300%-დან 3 000 %-მდე. ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ გარკვეული მონაცემები და დაახლოებით 14 მედიკამენტის ბაზარი იქნა იდენტიფიცირებული. 14 მედიკამენტის შემთხვევაში და მათი შემცვლელების ბაზარზე გამოვლენილია 8 კომპანია, რომელთაც დომინანტური მდგომარეობა აქვთ აღნიშნულ ბაზრებზე. დომინანტური მდგომარეობა ნიშნავს, რომ მათი წილი ამ მედიკამენტების, ან მათი შემცვლელების ბაზრებზე, 40%-ს აღემატება და მაღალი ფასნამატები აქვთ.

ახლა მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კომპანიებთან, ინფორმაციის გამოთხოვა ხდება და მოკვლევა მიმდინარეობს დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართულებით, რაც მომხმარებლებისთვის ჭარბი ფასის დაწესებას, ან მაღალი ფასნამატით პროდუქციის გაყიდვას გულისხმობს. მოკვლევის დასრულებას მიმდინარე წელს ვფიქრობთ.

- რადგან კონკურენციის საკითხზე ვსაუბრობთ, გვითხარით, როგორია გასული წლისა და მიმდინარე წლის სტატისტიკა ამ მიმართულებით და ამ ეტაპზე რასთან დაკავშირებით და რამდენ მოკვლევას აწარმოებთ?

- გასულ წელს 8 მოკვლევა დავასრულეთ. მათგან 3 შეთანხმებულ ქმედებას, ე.წ. კარტელებს შეეხებოდა - დადგენილი იქნა შეთანხმებული ქმედება. დაჯარიმდა საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 კომპანია, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 4 კომპანია და ასევე, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება გვქონდა კინოთეატრების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების მიმართულებით, სადაც 3 კომპანია დაჯარიმდა - ეს იყო კომპანია „თინეთის“ მფლობელობაში არსებული TKT.GE, რომელსაც დაუდგინა შეთანხმებული ქმედება სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც საქართველოში მოქმედი კინოთეატრის ბილეთების რეალიზაციისა და კინოთეატრებში ფილმების ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს; ასევე, დაჯარიმდა კომპანია, ვინც იყო სარჩელის შემომტანი - „ელ. ბილეთები“. ამ სამ კომპანიას დაუდგინდა შეთანხმებული მოქმედება. გავეცით რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს ამ ბაზარზე ცხადი და გამჭვირვალე წესების შემოტანას. თუ ვინმეს ენიჭება სპორტული, კულტურული, კინოთეატრების თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ბილეთების გაყიდვის უფლება, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში უნდა ხდებოდეს ბაზრის ყველა მონაწილის ჩართვა. ეს პირობები ბაზრის ყველა მონაწილისთვის წინასწარ ცხადი უნდა იყოს. ამიტომ, ამ კუთხით მოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. სამივე კომპანია დაახლოებით მილიონ 600 ათასი ლარით დაჯარიმდა. ეს საქმეც სასამართლოშია.

ასევე, იყო 2 გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ადმინისტრაციულ უწყებებს. დავადგინეთ გარკვეული საკითხები, რომელიც კონკურენციის შეზღუდვას ეხებოდა. ერთი უკავშირდებოდა ავტო ტექინსპექტირებას, ხოლო მეორე - სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის სერვისის განხორციელებას. ბაზრის გაჯანსაღების მიზნით, ორივე შემთხვევაში რეკომენდაციები გავეცით. ერთი საქმე იყო, რომელიც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, თუმცა ეს შემთხვევა არ დადასტურდა - საზღვაო გადაზიდვების სფეროს ეხებოდა. ასევე, გვქონდა ერთი შემთხვევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით სწრაფი კვების სფეროში მოქმედ კომპანიებზე, სადაც ასევე იქნა დარღვევა დადგენილი. ამ დროისთვის 4 მოკვლევა მიმდინარეობს - ეს ეხება რუსთავის ავტო-ბაზრობის თემას დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას - ელექტრონული ვაჭრობის მიმართულებით შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას; ფარმაცევტულ ბაზარზე 8 კომპანიას მიმართ წარმოებულ მოკვლევას დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და ასევე, ერთია ეხება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტს - საკვები პროდუქტების სფეროში. გარდა ამისა, შარშან ორი მონიტორინგი დავასრულეთ - ერთი ეხებოდა სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარს, საბანკო დაწესებულებებში. აქაც ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც ყურადღებას ითხოვს შესაბამისი მარეგულირებლის მხრიდან და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას. 6 რეკომენდაციაც გავეცით და დავინახეთ, რომ საბანკო დაწესებულებებში, რომლებიც საკუთარ სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ, შეინიშნება ამ სადაზღვევო კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლო შემთხვევები. ამიტომ ეს ბაზარი უნდა იყოს უფრო კონკურენტული, გამჭვირვალე და ამისთვის შესაბამისი მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაცია არის გაცემული.

დავასრულეთ ასევე, საწვავის ბაზარზე ბუნებრივი და თხევადი აირის ბაზრის შესწავლა - აქ ვთქვით, რომ ბაზარი კონკურენტულია და თემა უნდა დავხუროთ. ამ დროისთვის 4 ბაზრის მონიტორინგს ვახორციელებთ ეს არის საავტომობილო საწვავის ბაზარი ბენზინის და დიზელის მიმართულებით; თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი და აგროპროდუქტების - თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგები.

ასევე, უწყების ერთ-ერთი მიმართულებაა კონცენტრაციების კონტროლი. შარშან 9 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა. მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ თუ კომპანიების გაერთიანების დროს, ორივე კომპანიის ერთობლივი ბრუნვა 20 მილიონ ლარზე მეტია და თითოეული არანაკლებ 5, ასეთ შემთხვევაში კონცენტრაცია სავალდებულო შეტყობინებას და ჩვენ მიერ თანხმობის გაცემას ექვემდებარება. 9 კონცენტრაციაზე გავეცით შარშან თანხმობა. გარდა ამისა, საქართველოში განხორციელებულ რეგისტრაციებს კვარტალურად ვამოწმებთ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ განახორციელა კონცენტრაცია, არ შეგვატყობინა და ის ექვემდებარებოდა წინასწარ სააგენტოსთან შეთანხმების ფორმატს, ასეთი კომპანიები ექვემდებარებიან დაჯარიმებას. აქვთ ვალდებულება, თავიდან შემოიტანონ განაცხადი და ჩვენგან დაელოდონ საქმისწარმოების შედეგებს, ანუ შეფასებას მათ მიერ განხორციელებული კონცენტრაციაზე. 2023 წელს, 9-დან დაახლოებით 4 ასეთი შეუტყობინებელი კონცენტრაცია გამოვავლინეთ და ბუნებრივია, შესაბამისი ეკონომიკური აგენტები დაჯარიმდნენ.

- პარტიამ - „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წერილით მოგმართათ სამედიცინო მომსახურებებზე გაზრდილი ფასების თაობაზე. მათ აინტერესებთ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ ამ მიმართულებით. ეთანხმებით თუ არა შეფასებას, რომ სამედიცინო მომსახურებებზე ფასები ზედმეტადაა გაზრდილი და მართლაც, თუ გაქვთ გეგმა ამ მიმართულებით?

- ჩვენთან ამასთან დაკავშირებით იყო წერილი. ჩვენ გვქონდა მონიტორინგი, სადაც ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც ყურადღებას ითხოვს. მათ შორის ის, რომ მედიკამენტების ჭარბი მოხმარებისა და არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტია - მაგალითად, რეცეპტის გამომწერსა და იმ კომპანიას შორის, ვისაც მედიკამენტი შემოაქვს. ხშირად იქმნება ხელოვნური მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი ფასით ხდება პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან განხორციელებული რეფერენტული ფასების რეფორმა ამ გამოწვევას კარგად პასუხობს და რისკები მინიმუმამდე დაყავს, მნიშვნელოვანია ეს რეფორმა გაგრძელდეს. ამ საკითხზე მიმდინარეობს სწორედ მოკვლევა 8 კომპანიის მიმართ, რომელიც ჭარბ ფასნამატებს ეხება“. ამიტომ, მათ მიერ შემოსულ წერილზე მივეცით ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რასაც მონიტორინგისა და მოკვლევების კუთხით ვახორციელებთ. თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვთ, რაიმე დარღვევის შესახებ რომელიმე კომპანიის მხრიდან, ან რომელიმე მედიკამენტის შემთხვევაში, გვაქვს სპეციალური საჩივრის ფორმა, რითაც შეუძლიათ მოგვმართონ და იმ კონკრეტულ საქმეზე დავიწყებთ მოკვლევას. თუმცა ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ძალიან ბევრი რეფორმის შედეგად, სტატისტიკით, გასულ წელს დაბალ ინფლაციაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან კლებასაც, რომელიც 40-60%-ის ფარგლებშია. რეფერენტული ფასების, ანუ ფასების ზედა ჭერის დაწესებას, ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ამისა, ამ რეფორმების შედეგად გასულ წელს, პაციენტებმა დაახლოებით 250 -300 მილიონი ლარი დაზოგეს, რადგან მედიკამენტები გაიაფდა.

- დაბოლოს, გკითხავთ მომხმარებლების უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიაზე. რა ეტაპზეა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი და რა არის მისი მიზანი - რა შეიცვლება და გაუმჯობესდება აღნიშნული სტრატეგიის დამტკიცებით?

- პირველი ეროვნული სტრატეგია მზადდება და ამაში აქტიურადაა ჩართული ყველა ის უწყება, ვინც საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი. ესენი - სემეკი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია, სურსათის ეროვნული სამსახური და ჩვენი უწყება, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ფარავს. მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კანონმდებლობა, რომელმაც ჩვენ მოგვანიჭა აღსრულება, შედარებით ახალია. ამიტომ, ვფიქრობ, ეროვნული სტრატეგია ძალიან კარგი სამოქმედო დოკუმენტი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ერთობლივი დოკუმენტია, რომელსაც ალბათ, საჯარო განხილვებისა და გარკვეულ ჯგუფებში შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. ეს იქნება სამწლიანი სტრატეგია თავისი სამოქმედო გეგმით, თუ რა უნდა გავაკეთოთ შესაბამისმა უწყებამ, რათა მომხმარებელი იყოს უფრო მეტად ინფორმირებული, უკეთ დაიცვას საკუთარი უფლება და ის პრობლემური საკითხები, რაც ამ სფეროშია - სტანდარტების სახით უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, რომ ჩვენი დონორების მხარდაჭერით და ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, ამ სტრატეგიის განხორციელების პროცესში, კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი ეფექტიანობა და შედეგები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს ძალიან კარგი დოკუმენტი იქნება და ის ახლა საჯარო კონსულტაციების პროცესს გადის. ძალიან ბევრი მხარეა ჩართული მის მომზადებაში.

მარტში, ყველა მარეგულირებელი უწება ერთობლივად ვგეგმავთ მომხმარებელთა კვირეულის ორგანიზებას. მისი მიზანია, საქართველოს რეგიონებში, მომხმარებლებს მათი უფლებების, ხოლო ბიზნესს - მათი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესსნიუსი“

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო