ისლანდიის პრეზიდენტმა თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „პატრიოტიზმის ძალა და გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში“ წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისლანდიის გამოცდილებაზე, ნაციონალიზმის და პატრიოტიზმის დადებით და უარყოფით მხარეებზე, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და პატარა ქვეყნების როლზე გლობალიზაციის ეპოქაზე ისაუბრა.

„დიდი პატივია ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობა. შევხვდი რექტორს და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თემით: ნაციონალიზმი გლობალიზაციის ეპოქაში - მისი ძალა და გამოწვევები. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, უნდა გავაანალიზოთ ნაციონალიზმის პოზიტიური ასპექტები. ნაციონალიზმი უნდა იყოს ტოლერანტული, პროგრესული და არ უნდა გამოვიყენოთ როგორც აგრესიის იარაღი“, -განაცხადა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრისას სტუდენტებმა ისლანდიის რესპუბლიკის გამოცდილებაზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს. „ლექცია შეეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, პატრიოტიზმს, აგრეთვე, იმ გამოწვევებს, რაც ევროკავშირის წინაშეა. ჩვენი სტუდენტების მხრიდანაც დიდი ინტერესი იყო, მათ დასვეს კითხვები, რომელზეც პრეზიდენტმა უპასუხა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაისახა მომავალი პარტნიორობის გეგმებიც“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციას თსუ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ შორის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სკანდინავისტიკის მიმართულების სტუდენტები. ლექციის შემდეგ სტუდენტებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ისლანდიის პრეზიდენტისგან საინტერესო პასუხები მოისმინეს.

„ჩემთვის, როგორც საერთაშორისო მიმართულების სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისლანდიის პრეზიდენტის საჯარო ლექციაზე დასწრება, ვინაიდან შესაძლებლობა მომეცა, როგორც მოქალაქეს, რომელსაც აინტერესებს საქართველოს ბედი, მომესმინა ისლანდიის რესპუბლიკის გამოცდილების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია და გამოვიტანო დასკვნები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჯეჯეიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის