რომან გოცირიძე - ვფიქრობ, მელია და გვარამია ორ პარტიას არ შექმნიან და 4 ნომრის ირგვლივ ერთი შეიქმნება - ჩემ თავს დიდ ოპოზიციურ კოალიციაში მოვიაზრებ, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის პრეტენზია ექნება და არა 5 პროცენტის გადალახვის

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, მისასალმებელია და ოპოზიციამ სწორედ ასე უნდა იმოქმედოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ფასების შემცირება შეუძლებელია.

მისივე თქმით, 11 წლის განმავლობაში, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,4% იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის პირობებში, არაფერს ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ ყველაზე სუსტი წერტილი ეკონომიკაა და ამაზე ოპოზიცია, სამწუხაროდ, იშვიათად ლაპარაკობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს, სწორია, მივესალმები. ამას ვაკეთებდი მეც ყოველთვის, როდესაც ბიუჯეტს განვიხილავდით. ოპოზიციამ სწორედ ასე უნდა იმოქმედოს. უნდა იკითხონ, რატომ არ შემოდიან საქართველოში ინვესტორები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თურქეთში გადავიდნენ, სადაც ინფლაცია წლიური 60%-ია, ფასები საქართველოსთან შედარებით 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებია. ამ ხელისუფლების ეკონომიკურ პირობებში ქვეყანაში ფასების შემცირება შეუძლებელია. 100 ლარით რას ვყიდულობთ დღეს და რას ვყიდულობდით 3 წლის წინ? 2012 წელთან შედარება არც არის საჭირო.

„ქართული ოცნების“ დემაგოგიას ერთადერთი რიცხვი ანგრევს. ამ მთავრობის მმართველობის 11 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,4% იყო, რაც ჩვენი ეკონომიკის პირობებში არაფერს ნიშნავს, თანაც, ამ მწირი ეკონომიკური ზრდის შედეგს „ქართული ოცნების“ ელიტა ითვისებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ის, თუ როგორ დალაგდება ოპოზიციური ფლანგი, მანამ ვერ გაირკვევა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არ დამთავრდება.

რომან გოცირიძის თქმით, ის არ თვლის, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია ორ სხვადასხვა პარტიას შექმნიან და, მისი აზრით, საარჩევნო ნომერ 4-ის ირგვლივ ერთი პარტია შეიქმნება.

„ოპოზიციური ფლანგი როგორ დალაგდება, ეს ვერ გაირკვევა მანამ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არ დამთავრდება. თუ გვეგონა, რომ პროცესი მორჩა, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და ცალკე პარტია შექმნა, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ნიკა გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალი პარტიის შექმნა მოუნდებოდა. მე ვფიქრობ, რომ მელია და გვარამია ორ პარტიას არ შექმნიან და ალბათ 4 ნომრის ირგვლივ ერთი პარტია შეიქმნება. ნაადრევია იმაზე საუბარი, მძლავრი ერთიანი ოპოზიციური ცენტრი შეიქმნება თუ არა.

რაც შემეხება მე, ჩემს თავს დიდ ოპოზიციურ კოალიციაში მოვიაზრებ, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის პრეტენზია ექნება და არა მხოლოდ 5 პროცენტის გადალახვის პარლამენტში შესასვლელად“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა