ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024

სანდრო თვალჭრელიძე - “ტრამპის საქციელმა შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს”

რას ნიშნავს სტოლტენბერგის კავკასიური ტურნე უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე

რა შეიძლება დაემუქროს საქართველოში არჩევნებს?!

უკრაინელთა მასირებული დარტყმა რუსეთის ნავთობის მრეწველობაზე და ევროპის უპრეცედენტო გააქტიურება

ლაშა ძებისაშვილი - “რაც უფრო მეტად ეშინიათ ევროპელებს, მით მეტად იმუქრებიან რუსები!”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ტრამპის საქციელმა შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს”

“პუტინს უკვე აშკარად მანიაკური შიშები აქვს. პატარა წინააღმდეგობაც კი ზაფრავს და მზად არის ყველა და ყველაფერი მიწასთან გაასწოროს, ოღონდ კი მის მმართველობას ჰიპოთეზური საფრთხეც არ შეექმნას. რა უქნა პრიგოჟინს, ნავალნის - ციხეში მყოფი ადამიანიც კი საშიშად მიიჩნია და გაანადგურა. მისი ასეთი ქცევა პირველი არ არის. ძალაუფლების დაკარგვის შიში დიდი ხანია აწუხებს, თუმცა უკრაინის ამბების შემდეგ აშკარად ძალიან გაუმძაფრდა. ის იქცევა ისე, რაც დიქტატორებს ახასიათებს, მათ შორის გარკვეულწილად ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილსაც... რასაც პუტინი აკეთებს, რუსი ხალხის დაცინვა. პუტინი რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელ კომუნისტურ ტერორში აბრუნებს. დღეს ამას თავისუფლად შეგვიძლია კომუნისტური კი არა, პუტინისტური ტერორი ვუწოდოთ. ნახეთ, რა კანონებს იღებენ, აბა, გაბედე და თქვი, ომი არ მინდაო, სულ ცოტა, 20-წლიან პატიმრობას მოგისჯიან. ბაბილონის გოდოლია დღევანდელი რუსეთი, თიხის ფეხებზე დგას და ერთ დღესაც ისე შეიძლება დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპის საქციელმა შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს”.

“თავის დროზე დასავლეთს საბჭოთა კავშირის ეშინოდა, დღევანდელი რუსეთის კი არ ეშინია. არც მაგათი ბირთვული იარაღის ეშინია ვინმეს და არც სხვა რამ ბაქიბუქის. ჩემი აზრით, დღეს დასავლურ ქვეყნებს ისეთი ტექნოლოგიებიც კი აქვთ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ადგილზევე ჩაახშობენ რუსეთის ბირთვულ პოტენციალს. რუსეთის ფიასკოს მთავარი მიზეზი კი გახდება ის, რომ რუსეთში ინტელექტუალური ელიტა აღარ დარჩა. ჩემი ინფორმაციით, მაგალითად, ყველა ჭკვიანი ფიზიკოსი, რომელთა დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ, რუსეთიდან კარგა ხანია წავიდა. რუსეთი დღეს ყოველგვარ ინტელექტუალურ მუხტს არის მოკლებული. ახალგაზრდებიც პერსპექტივას ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ და ყველა საშუალებით გაქცევას ცდილობენ. რაზე ვლაპარაკობთ, ჩიპებს ვერ უშვებენ და მტვერსასრუტებს ხსნიან, რათა სამხედრო მიზნებით გამოიყენონ. წარმოიდგინეთ, რა დღეშია ქვეყანა, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ცდილობს რაკეტების შეძენას... ისტორიამ შეიძლება სპირალური ბრუნი გააკეთოს, მაგრამ ის თავის პირვანდელ წერტილს აღარასდროს უბრუნდება. პუტინიც ვერ შეძლებს და ვერ დააბრუნებს რუსეთს საბჭოთა კავშირში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“შეიცვალა მსოფლიო. მიმაჩნია, რომ პუტინს უპირველესად საფრთხე საკუთარი გარემოცვისგან ემუქრება. ამ გარემოცვის წევრებს შვილები ჰყავთ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სწავლობენ თუ მუშაობენ, დიდძალი კაპიტალი აქვს ამ ხალხს გატანილი. როგორც ჩანს, პუტინის კარზეც მომავალი ძალაუფლების გაყოფაზე ბევრს ფიქრობენ და ამიტომაც ვერა და ვერ მოახერხა პუტინის უახლოესმა გარემოცვამ მისი ლიკვიდაცია... რაც შეეხება მაკრონის განცხადებებს, გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ხვალ-ზეგ დასავლური ქვეყნების ჯარისკაცები ომს დაიწყებენ რუსეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ნატოს ქვეყნები ამ ომში რუსეთს გამარჯვების უფლებას არ მისცემენ. ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ევროპა, გარდა განცხადებებისა, მიდის სერიოზული პროცესები სამხედრო მრეწველობის ასამუშავებლად. საფრანგეთი და გერმანია ამ ვითარებაში მოგვევლინენ ფლაგმანებად. მოგეხსენებათ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამეულის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მაკრონმაც აღნიშნა, რომ არასდროს მისცემენ რუსეთს გამარჯვების საშუალებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს ტრამპი და მისი პარტია ყოვლად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, რამაც შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს. დახმარების ასეთი დაყოვნება ყოვლად გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ეს აუცილებლად დალაგდება და სადღაც ზაფხულში ამ ომში გარდატეხა მოხდება. რაც არ უნდა თქვას პუტინმა, ვერც ერთი სტრატეგიული გამარჯვება უკრაინაში მან ვერ მოიპოვა. ის მიზნები, რაც თავიდან განაცხადეს, ჰაერშია გამოკიდებული და დღეს მაგაზე აღარც ლაპარაკობენ. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც უკრაინიდან შედის ქვეყანაში, თანდათან ძალას იკრებს, ბოლო კვირის განმავლობაში საზღვრისპირა ბელგოროდსა და სხვა ქალაქებში რაც ხდება, ამის ნიშანია - სწორედ პუტინის მოწინააღმდეგე შეიარაღებული რუსული ჯგუფები მოქმედებენ. ჩემი აზრით, “ვაგნერის” ამბოხის ჩახშობა დროებითი მოვლენაა. ასეთი ანტიპუტინისტური შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმები, დარწმუნებული ვარ, თანდათან გახშირდება რუსეთის ტერიტორიაზე”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეჭვი არ მეპარება, მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”. საკითხი დგას დაახლოებით ასე: მოახერხებს თუ არა იმდენი ხმის დაგროვებას, რომ მას მთავრობის დასაკომპლექტებლად ეყოს. წინა არჩევნებისას პროპორციულ სისტემაში 50%-ზე მეტი ვერ დააგროვეს. თუ სწორად მახსოვს, მათი მაჩვენებელი სადღაც 46%-მდე იყო და მაჟორიტარმა დეპუტატებმა უშველეს. ამჯერად არჩევნები სრულად პროპორციულად ტარდება, შესაბამისად, თუ წინა არჩევნებივით ვერ შეძლეს 50%-ის გადალახვა, მაშინ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, მაგრამ შეძლებს კი ამას “ოცნება”, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოიჭრა მისასვლელი გზა, თუ არ ჩავთვლით მათივე სატელიტ “ხალხის ძალასა” და მსგავს ოდიოზურ ჯგუფებს. იმის ნაცვლად, მაგალითად, გახარიასთან ცოტა ზომიერი პოლიტიკა ეწარმოებინათ, დგანან და გაიძახიან, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებააო. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნორმალურ ძალას, რომელიც შევა “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში. არის კითხვები ოპოზიციასთანაც, რომელიც მეტასტაბილურია, მას ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის გარდა, სხვა იდეა არ აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თუ კოალიციაზე მიდგა საქმე, შეძლებენ კი მდგრადი ერთობის შექმნას?”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ხომ არ დაიწყება იქაც მერკანტილური კინკლაობა, საბოლოოდ კი `ქართული ოცნება~ მოახერხებს საჭირო რაოდენობის დეპუტატების გადაბირებას. შეიძლება შეიქმნას კიდეც მყიფე ოპოზიციური კოალიცია, რომელიც მალევე დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები გახდება ჩასატარებელი. მოკლედ, ბევრი სცენარია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჩემი აზრით, ამ ჩიხიდან ორი გამოსავალია: პირველი - ძლიერი ცენტრისტული პარტიის შექმნა, ოღონდ არა გვარამია-მელიას და მსგავსი ოდიოზური ფიგურების მიერ, არამედ ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკაში. სახელგაუტეხელი ხალხი გვჭირდება. ჩვენი პარტნიორების დიდი შეცდომაა, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ძალიან ცუდად და უნიჭოდ ასაზრდოებენ. მეორე გამოსავალი კი პროპორციული საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩანაცვლებაა. ამაზე, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ეს განუხორციელებელია, მაგრამ ვიმედოვნებ, არცთუ შორეულ მომავალში, ეს ორივე პირობა შესრულდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პარტია “ახალი” წამოიყვანს “ნაცმოძრაობის” ელექტორატს, თუმცა მათ არ მიემხრობა ის ამომრჩეველი, რომელიც ე.წ. შუაშისტურ განწყობაზეა და არც “ოცნება” მოსწონს და არც “ნაცმოძრაობა”. ამგვარად მოფიქრალი ხალხი საკმაოდ დიდ წილს შევადგენთ. “ნაცმოძრაობამ” დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მელიას წასვლა აიძულა. ამით მნიშვნელოვნად დაისუსტეს თავი... ისე, “ახალი” კი დაირქვეს, მაგრამ იქ ძველ სახეებს უფრო ვხედავთ. ადამიანები, ვინც ამ ახალი პარტიის სათავეში დგანან, ნამდვილად არ არიან შორს “ნაცმოძრაობისგან”... ოპოზიციიის მთავარი პრობლემა კიდევ ის არის, რომ არავითარი სტრატეგია არ გააჩნიათ. ბისმარკმა თქვა, მცდარიც რომ იყოს პოლიტიკა, თუ თანამიმდევრულია, ყოველთვის გაიმარჯვებსო და ამ ხალხის რა თანამიმდევრულობაზე ვლაპარაკობთ, თან არ დაგავიწყდეთ, რომ მათ უპირისპირდება ძალიან ხისტად სტრუქტურირებული “ქართული ოცნება”, რომელიც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კლონებივით ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს ხოლმე”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არსებობს მოსაზრება, რომ თუ “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” გაერთიანდებიან, შესაძლოა ძლიერ ცენტრისტულ ძალად იქცნენ...”, - პასუხობს:

“ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან მცირეა. მამუკა ხაზარაძე შეიძლება კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი გამოდგა. მან საკრალური შეცდომები დაუშვა. მას თუ სურდა ცენტრისტული პარტიის გაკეთება, არც ერთი სხვა პარტიის კრიტიკა არ უნდა დაეწყო და მხოლოდ საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე ელაპარაკა. მას ქართულმა სულსწრაფობამ წასძლია. ეს ალიანსი რომც შედგეს, დიდი შედეგი ვერ ექნება, მეტიც, ამით გახარია ბევრს დაკარგავს. ვფიქრობ, ის დამოუკიდებლად გავა და გადალახავს 5%-იან ბარიერს. მე ძალიან დიდი იმედი მქონდა ანა დოლიძის, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ უსუსური გამოდგა”.

რას ნიშნავს სტოლტენბერგის კავკასიური ტურნე უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე

“რისთვის ჩამოდის საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი და რა იქნება მისი მთავარი გზავნილი? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთისთვის საჩვენებელი ვიზიტი, რომ ნატო თავის მოკავშირეებს უყურადღებოდ არ დატოვებს. მეორეს მხრივ კი, სტოლტენბერგისაგან უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილები ექნება. იენს სტოლტენბერგი, თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს 18 მარტს ეწვევა. იგი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენციაც, რომელიც ორშაბათს 15:25-ზე გაიმართება. თბილისში ჩამოსვლამდე კი, 17 მარტს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მომდევნო დღეს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვთან გამართავს შეხვედრას. 19 მარტს დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს სტოლტენბერგის კავკასიური ტურნე უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე - სავარაუდო გზავნილები და ანალიტიკოსთა მოლოდინი.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივანი, რა თქმა უნდა, საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვა და იმის გამოსახატად, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთვის მნიშვნელოვანია. “ყველასთავის ცნობილია, რომ ამ წლის შემოდგომაზე სტოტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს და ალიანსს ახალი გენმდივანი ეყოლება. ვფიქრობ, ეს ერთგვარი გამოსამშვიდობებელი ვიზიტია რეგიონში და როცა ადამიანი თანამდებობიდან მიდის, ის უფრო თამამია და სათქმელს პირდაპირ ამბობს. აზერბაიჯანი და სომხეთი არ აპირებენ ნატოში გაწევრიანებას და ამიტომ მე მგონი მათთან სხვა მესიჯი ექნება. ჩვენთან ექნება ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ თუ საქართველოს ნატოში წინსვლა სურს, ეს კონკრეტული ნაბიჯებით უნდა აჩვენოს. მე მგონი საქართველოს ხელისუფლებასთან ექნება უფრო საქმიანი და არა მკაცრი საუბარი - რომ მხოლოდ განცხადებები არ არის ამისთვის საჭირო და მოქმედებაზე გადასვლაა აუცილებელი”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, `არსებობს კონკრეტული პროგრამები და გეგმები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ნატოს მიმართულებით საქართველო გაყინულია და უფრო საქმიანი ნაბიჯებია საჭირო. არ არის გამორიცხული სტოტენბერგის მესიჯიც ეს იყოს, რომ საქართველოს მარტო არ არის რუსეთის პირისპირ და თურქეთი უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აზერბაიჯანი არ მიილტვის ნატოსკენ, მაგრამ ვხედავთ თურქეთს მის უსაფთხოებასთან დაკავშირებით ვალდებულებები როგორ აქვს აღებული. მაშინ ისმის კითხვა - რატომ არ უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, რომელიც უფრო მეტად არის მოწოდებული, რომ თურქეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს.კობახიძეს ექნება ისევ ის რიტორიკა, რომ საქართველო მარტოა და ამიტომ მას ფრთხილი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. პირიქით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო და გამოხატული პოლიტიკა და ყველას დაანახოს, რომ ის ნატოს ღირბულებებს იზიარებს. ის რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება, ამის ნათელი მაგალითი კი აზერბაიჯანია - თუ როგორ დაუდგა მას მხარში თურქეთი, როცა ამისა საჭიროება გაჩნდა. როცა ოჩამჩირის პორტის აღდგენა მოინდომა რუსეთმა, საქართველომ უნდა იპოვოს საერთო ენა, რომ ანაკლიაში ერთობლივი თურქულ-ქართული პორტი ააშენოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს წინსვლა ნატოში დღის წესრიგი არ დგას. სტოლტენბერგის ვიზიტის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მხარდაჭერა იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებენ. “უკრაინა-რუსეთის ომის ვითარებაში სტოლტენბერგის ვიზიტის მიზანია, რომ ამ სამ ქვეყანას ასევე ომთან დაკავშირებულ პოზიციებზე ესაუბროს. ვხედავთ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები იძაბება და კონფლიქტი კიდევ შესაძლოა გაღრმავდეს. ამიტომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს არის დიპლომატიური ვიზიტი, რომელის მიზანიც კარგი ურთიერთობების კიდევ უფრო დადასტურება და გაღრმავებაა. სხვა რაიმე ხელშესახები ამ ვიზიტისგან არ მგონია რომ იყოს. რაიმე ხელშეკრულება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ჩვენთან გამორიცხულია. ნატოს გენერალური მდივნისგან ასეთი მოლოდინები არ არის, რომ საქართველოს მოუწოდოს სანქციები დაუწესოს რუსეთს და ა.შ. არ მგონია ეს მოხდეს”, - ამბობს გოგოლაშვილი, რომლის თქმით, “ამისთვის გენერალური მდივნის ვიზიტი საჭირო არ იქნებოდა, მსგავსი შეტყობინებები სხვა არხებით მოდის”, - დასძენს გამოცემა.

“თავისთავად ამ ვიზიტს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს - რომ ეს ქვეყნები არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ და მისი სატელიტები. იქ თავისუფლად ჩადის ნატოს გენერალური მდივანი და თანამშრომლობის გეგმებს სახავს. აქ უკვე გავლენებზეა საუბარი და უფრო საჩვენებელი ვიზიტია. მოსკოვში კი სტოლტენბერგის სამხრეთ კავკასიური ტურნე, სავარაუდოდ, სერიოზულ გაღიზიანებას გამოიწვევს. ნატოს ამ სამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება აინტერესებს. თავისთავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვდობის დამყარება ნატოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რაც უფრო დაძაბული იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა, ეს რუსეთისთვის მით უფრო ხელსაყრელია. ამიტომ აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგება რუსეთის კავკასიიდან განდევნას ნიშნავს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

რა შეიძლება დაემუქროს საქართველოში არჩევნებს?!

“რა სცენარები შეიძლება განვითარდეს საპარლამენტო არჩევნებისას?! _ ამ საკითხებზე ექსპერტებს გიორგი რუხაძესა და ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით. “რუსეთი უკვე ერევა საქართველოს არჩევნებში სხვადასხვა ფორმით და ამის მაგალითია კრემლიდან პირდაპირი დავალება სოხუმისა და ცხინვალისთვის, რომ საქართველოს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან, რათა “ქართულ ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენას ხელი არ შეუშალონ. ის, რომ კრემლი `ქართულ ოცნებას~ მიიჩნევს სასურველ ხელისუფლებად საქართველოში, იმის ნათელი მაგალითია, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ფორმითაც ეხმარება ჩვენს მმართველ პარტიას”, - თვლის “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი გიორგი რუხაძე. მისივე აზრით, “თუკი სხვა ფორმითაც დასჭირდება - მაგალითად, პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები, ფული, ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ციხიდან გამოშვება და არჩევნებში მიხმარება, ამაზეც არ დაიხევს უკან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა შეიძლება დაემუქროს საქართველოში არჩევნებს?!

”ოცნება" მოსახლეობას თავს მუდმივად აჩვენებს როგორც მშვიდობის გარანტს. ამბობს, დღეს სხვა ხელისუფლება რომ იყოს, საქართველო ომში იქნებოდა ჩართულიო. აბსოლუტურად მოსალოდნელია მოსკოვიდანაც მსგავსი, უფრო მკაფიო განცხადებები და მიანიშნონ ჩვენს ამომრჩეველს, ეს ხელისუფლება თუ არ იქნება, მაშინ პრობლემებს ელოდეთო. რუსეთს ტექნიკურ დონეზეც შეუძლია საქართველოს არჩევნებში ჩარევა. ამის კარგი მაგალითია რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, არაერთ ევროპულ არჩევნებში და ა.შ. რუსეთი ამა თუ იმ ფორმით, ჰიბრიდულად, ელექტრონულად, სოციალური რყევების საშუალებით ერეოდა არჩევნებში და ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უწყობდა ამით ხელს. არ არის გამორიცხული და, უფრო მარტივი იქნება იმავე ოპერაციის საქართველოში ჩატარება. რაც შეეხება კიბერშეტევებს, მე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არა ვარ მაგრამ, წესით, ეს ნაკლებად მოსალოდნელი უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული არჩევნები არ არის ინტერნეტთან დაკავშირებული. ტექნიკურად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ, მოსკოვს ამის აუცილებლობა არ ექნება. თუ ამას ვინმე გააკეთებს, ისევ “ქართული ოცნება”. თუ მმართველი პარტიისთვის არასასურველი შედეგი დადგება, მისი სასურველად გადაკეთება ამ სისტემაში ჩარევით უნდა მოხდეს და ამას რუსეთი არ დასჭირდება - ამის მცდელობა თავად “ოცნებას” ექნება. რამდენად გაუვა, სხვა საკითხია - ამას არც საერთაშორისო საზოგადოება და დამკვირვებლები აპატიებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი რუხაძე.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, დიდწილად არის დამოკიდებული, საქართველო შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე. თუ `ოცნება~ შეეცდება შედეგი გააყალბოს, ამას ვერც დასავლეთი წაუყრუებს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და სხვა სტანდარტებით იზომება კანდიდატ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის “ოცნების” ხელისუფლებაში მეოთხედ მოსვლის ცდა. აგერ პუტინი მეხუთედ მოდის ხელისუფლებაში. მეოთხესა და მეხუთეს შორის დიდი განსხვავება აღარ არის და, თუკი ასე მოხდება, ქართული დემოკრატიის დასასრულის დასაწყისი იქნება”, - დაასკვნის რუხაძე.

“როდესაც არჩევნების შედეგების სანდოობის საკითხი დგება, მმართველი პარტია ხელს მაშინვე ოპოზიციისკენ იშვერს, მაგრამ თავად “ოცნების” მიღებულმა საკანონმდებლო ჩანაწერებმა შეიძლება ნებისმიერ პირს მისცეს ამის გამოყენების საშუალება. საქმე ის არის, რომ საარჩევნო უბანზე შედეგების შეჯამება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ იწყება. იქ, სადაც ელექტრონულად წარიმართება არჩევნები, კომპიუტერი მიაწვდის ინფორმაციას, რამდენმა ბიულეტენმა გაიარა სისტემაში, რამდენი ცნო კომპიუტერმა ნამდვილად, რამდენი ბათილად და რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო. ამის შემდეგ საუბნო კომისიამ უნდა შეამოწმოს კომპიუტერის მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენები. კომპიუტერი ბათილად ცნობს ბიულეტენს, თუკი ვერ მოახერხა გარკვევა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა - ანუ ხმის ჩასათვლელად საჭიროა სათანადო უჯრა სათანადო მარკერით გაფერადდეს. თუკი მხოლოდ შემოიხაზება, ან ნაწილობრივ გაფერადდება, ან სულაც წერტილი დაისმება თუ სხვა ნიშნით აღინიშნება, ან რამდენიმე გაფერადდება, ან არც ერთი, მაშინ ასეთ ბიულეტენებს მანქანა ბათილად მიიჩნევს. კომისიამ უნდა ნახოს ასეთი ბიულეტენები და, თუკი მიიჩნია, რომ რომელიმეზე არჩევანის დადგენა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მანქანამ თქვა, მე ვერ ვადგენო, კომისიას შეუძლია კენჭისყრით გადაწყვიტოს, დაამატებს თუ არა იმ კონკრეტულ ბიულეტენს დანარჩენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს პროცედურა კანონით არის განსაზღვრული, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე დაინტერესებულმა მხარემ, თუნდაც რუსეთის ფარული ჩარევით, მოახერხოს და ყველა უბანზე თუნდაც რამდენიმე ამომრჩეველს მისცეს მითითება (ან მოისყიდოს), ბიულეტენზე არჩევანი ისე გააკეთონ, მანქანამ ვერ დათვალოს, რასაც მერე კომისიაც დაადასტურებს და აღმოჩნდება, რომ ყველა უბანზე სხვადასხვა მონაცემი დაიდო. ცხადია, ეს კითხვის ნიშანს დაუსვამს არჩევნების ლეგიტიმურობას და იბადება კითხვა, ხომ არ გამოიყენებენ ამას დაინტერესებული მხარეები. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ­ კომისიისთვის ყველა უბანზე ხმების გადათვლის ვალდებულება ამ კითხვას ნამდვილად აჩენს” - დასძენს გამოცემა.

“გარდა იმისა, რაც თქვენ ახსენეთ, კომისიამ შედეგების გადამოწმების მიზნით უნდა გადათვალოს კომპიუტერის მიერ დათვლილი ბიულეტენები. თუ კომისიამ დაადგინა განსხვავება, რომელიც კენჭისყრით დამტკიცდება, კანონის თანახმად, ხელით დათვლის შედეგი ითვლება იურიდიული ძალის მქონედ. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ, თუ კომისიის წევრებმა იკადრეს შედეგების გაყალბება, მაშინ შესაძლებელია, მაგალითად, “ქართული ოცნების” მანქანით დათვლილ ხმებს დაამატონ სხვა ხმები და ბუნებრივია, ეს ხმები სხვებს მოაკლდება. თუმცა არის ერთი დამზღვევი მექანიზმი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს და შეიძლება ვერა. თუ ასეთი რამ მოხდა, შესაძლებელია შედეგების გასაჩივრება საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელმაც შეიძლება მიიღოს ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება უკვე საოლქო კომისიაში, თუ საოლქო კომისიაც არ წავიდა სიყალბეზე. საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გადათვლაზე, ან გადათვლაზე უარის თქმა შეიძლება შემდეგ სასამართლოში გასაჩივრდეს. ასეთი დამცავი მექანიზმები კანონში დევს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაწყვეტილებების მიმღებები რამდენად იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ან რამდენად იკადრებენ სიყალბის ჩადენას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“კანონის მიხედვით, შედეგებს ადგენენ ყოველი საარჩევნო უბნის მიხედვით, ასეთი­ უბანი კი 4 ათასზე მეტია. თუ შემოწმება არ იძლევა შედეგის დადგენის შესაძლებლობას, _ ესეც შეიძლება მოხდეს, გვახსოვს, იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო ყუთს მოიტაცებდნენ ან ცეცხლს წაუკიდებდნენ, ან ისეთი დარღვევა იყო, რომ ამომრჩეველთა ნაწილს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ან უბანზე ისეთი არეულობა იყო, უბანმა ვერ გააგრძელა საარჩევნო პროცესი, - ასეთ შემთხვევებში უბნის შედეგებს ბათილად ცნობენ და ჯამური შედეგი ასეთი უბნების გარეშე გამოიანგარიშება. კანონი განსაზღვრავს, რომ კენჭისყრის შედეგები ბათილია საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, მაშინ არჩევნები მთელ ქვეყანაში ხელახლა იმართება. თუკი ეს მაჩვენებელი 10%-ზე მეტია, მაშინ ამ უბნებში განმეორებითი არჩევნები გაიმართება. წინასწარ კი იმის თქმა, თუ სად რა მოხდება, ძალიან ძნელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“განცხადებები, პოლიტიკური მოტივი ხშირად ყოფილა, მაგრამ მე ვსაუბრობ სამართლებრივ მხარეზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია სამართლებრივად, ფორმალური პროცედურების დაცვით დადგინდეს არჩევნების შედეგი, მაგრამ ეს შედეგი, მთელი პროცესიდან გამომდინარე და დარღვევების გათვალისწინებით, არალეგიტიმურად გამოაცხადონ პარტიებმა, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა. ასევე შესაძლებელია არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნოს სხვადასხვა სახელმწიფომ. თუ რომელიმე სახელმწიფო იტყვის, რომ მას არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიაჩნია დადგენილი დარღვევების გამო, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს იმ სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებების ურთიერთობაზე. თუ არალეგიტიმურად სახელმწიფოთა დიდმა რაოდენობამ ცნო, ამას შეიძლება მოჰყვეს უკვე სანქციების დაწესება. ევროკავშირმა შეიძლება შეგვიჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი და ა.შ. ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა საარჩევნო პროცესის დროს არსებითი მნიშვნელობის დარღვევები, ისეთი, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე”, - მიიჩნევს ხმალაძე და შეკითხვაზე - “თუ ვამბობთ, რომ ვატარებთ ელექტრონულ არჩევნებს, მაშინ უპირატესობა ხელით გადათვლილს რატომღა უნდა მიენიჭოს?” - პასუხობს:

“ეს იმას ჰკითხეთ, ვინც ეს ჩაწერა კანონში. ამ ჩანაწერით ფაქტობრივად არაფრად იქცა ელექტრონული სისტემით კენჭისყრის ჩატარება. მაშინ რატომღა ვატარებთ ელექტრონულად, თუ მაინც ხელით უნდა გადავთვალოთ და უპირატესობაც მივანიჭოთ? გართობის მიზნით? მით უფრო, რომ რამდენიმე ტესტ-არჩევნები სხვადასხვა დროს გაიმართა სწორედ ამ მანქანების გამოყენებით. პირველად პატარ-პატარა ხარვეზები იყო, რაც გამოასწორეს და შემდეგ არჩევნებში პრობლემა აღარ შექმნილა. ამიტომ ხელით გადათვლა ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ისეთი მოხდა, რამაც საფუძვლიანი ეჭვი შეიტანა სისტემის მოქმედებაში. დღევანდელი ჩანაწერი, რომ ყველა უბანზე ბიულეტენები ხელით უნდა იქნეს გადათვლილი, არასწორად მიმაჩნია”.

უკრაინელთა მასირებული დარტყმა რუსეთის ნავთობის მრეწველობაზე და ევროპის უპრეცედენტო გააქტიურება

“უკრაინას ახალი სტრატეგია აქვს - მიზანმიმართულად უტევს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს საწვავის დეფიციტის შექმნის მიზნით. ანალიტიკოსების თქმით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსების ლოჯისტიკაზე, რადგან ართულებს ფრონტის საწვავით მომრაგებას. პარალელურად კი უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” ახალი წარმატებისა და რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საბრძლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანით, უკრაინას საშუალება ეძლევა, რუსებმა თავდაცვის ხაზი გაწელონ და უკვე არსებული ცხელი წერტილებიდან ჯარები ამ ტერიტორიებზეც გადაისროლონ. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ცხელ წერტილებს, ასეთად კვლავ დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რჩება. იქ უკრაინელები შეტევას ცდილობენ, თუმცა სიტუაცია თითქმის არ იცვლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელთა მასირებული დარტყმა რუსეთის ნავთობის მრეწველობაზე და ევროპის უპრეცედენტო გააქტიურება - ომის მთავარი ცხელი წერტილები.

“ამის პარალელურად, ევროპა რუსეთის შეკავების მიზნით უპრეცენდენტოდ აქტიურდება. განსაკუთრებით მწვავე განცხადებებით გამოირჩევა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შესაძლო გაგზავნის შესახებ განცხადების შემდეგ, უკვე არც საფრანგეთი-რუსეთის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამორიცხავს... “ციმბირის ბატალიონმა”, რომელიც ლეგიონ “რუსეთის თავისუფლებასა” და “რუს მოხალისეთა კორპუსთან” ერთად, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებზე თავდასხმებში მონაწილეობს, კიდევ ერთი დასახლების აღების შესახებ განაცხადა. ამასთან, მათივე განცხადების მიხედვით, ამ ოპერაციაში ჩეჩენი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. ვიდეო გაავრცელა “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა”. მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს რუსი ჯარისკაცები და მათ გადასაცემად ბელგოროდის გუბერნატორს შეხვედრას სთავაზობენ... მოხალისეები რუსებს მოუწოდებენ, რომ დასახლებული პუნქტებიდან გავიდნენ, რადგან შესაძლოა რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად გამოიყენონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე სიტუაცია თითქმის გაყინულია, რაც შეეხება კურსკსა და ბელგოროდს, იქ განხორციელებული რეიდებით უკრაინას საშუალება ეძლევა რუსებმა თავდაცვის ხაზი გაწელონ და უკვე არსებული ცხელი წერტილებიდან ჯარები ამ ტერიტორიებზეც გადაისროლონ. “ფრონტზე სტაგნაციაა, სიტუაცია პოზიციურ დაპირისპირებაშია გადასული. ფრონტის ხაზი გარკვეულწილად გაყინულია, თუმცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ბელგოროდისა და კურსკის მიმართულებაზე უკრაინელები ცდილობენ რუსებს თავდაცვის ხაზი გაუწელონ, რათა მათ აიძულონ ძალები ამ მიმართულებებზე გადაიყვანონ და გადააჯგუფონ”, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ დაპირისპირება რუსეთის ტერიტორიაზე უკვე აქტიურად გადავიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამასობაში გრძელდება შეტევა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე ნავთობსაწარმოზე განხორციელდა იერიში, მათ შორის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - ეს საწარმო მოსკოვის რეგიონების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. დარტყმის შედეგად ხანზარი გაჩნდა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ორი ძირითადი დანადგარი, მუშაობა კი შეჩერდა... ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ესაა მნიშვნელოვანი დარტყმა რუსული მომარაგებისთვის ფრონტზე. მისი თქმით “რუსებს დღე-ღამეში საშუალოდ 18 ათას ტონამდე საწვავი სჭირდებათ და რუსეთი იძულებული იქნება საწვავი უფრო შორიდან ზიდოს, რაც ზრდის დროს, მანძილს, მიტანის ხარჯებს და ამავე დროს იზრდება მათი მოწყვლადობა”. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ამ დარტყმებმა ეკონომიკური პანიკა უკვე გამოიწვია - “ ამან პანიკა უკვე გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე ეკონომიკის მხრივ. ამ ეკონომიკურმა პანიკამ კი შესაძლოა ეს სისტემები მთლიანად მოშალოს და სერიოზული კრახი და კრიზისი გამოიწვიოს. რუსეთს პირველად მიუწია თავისი ნავთობის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესოს, მათ შორის საქართველოზეც, რადგან გარკვეული დეფიციტი გაჩნდა”, - ამბობს მაისაია, რომლის აზრით, “თუ უკრაინამ ეს სტრატეგია გააგრძელა, შესაძლოა დამატებით კრიზისი შეუქმნას რუსეთს”, - დასძენს გამოცემა.

“საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახლა უკვე რუსეთის ჯართან შეტაკებასაც არ გამორიცხავს. “ლა პარისიენთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამის ინიციატორი თავად არ იქნება, თუმცა საპასუხო ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამს და რაღაც მომენტში შესაძლოა ეს დროც დადგეს. მანამდე ასევე არ გამორიცხა დასავლეთის ჯარების უკრაინაში ყოფნა. “ალბათ რაღაც მომენტში - მე არ მინდა ეს, მე არ ვიღებ ინიციატივას - საჭირო გახდება სახმელეთო ოპერაციები, როგორიც არ უნდა იყოს, რუსეთის ძალების დასაპირისპირებლად. საფრანგეთის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება... ჩვენი პასუხისმგებლობაა მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. თუ ასე არ მოვიქცეოდით, ეს შეცდომა იქნებიოდა”, - თქვა მაკრონმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთს არ აქვს საზღვრები უკრაინის მხარდაჭერაში ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნების მიზნით. ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მაკრონის განცხადება რუსეთისთვის მინიშნება, რომ უკრაინაზე შეტევა არ გაზარდოს და რომ დასავლეთი უკრაინის გვერდითაა. ვახტანგ მაისაიას აზრით კი, ევროპის გააქტიურება იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, საფრთხე ევროპის ქვეყნებსაც დაემუქრა; მეორეს მხრივ კი, არჩევნებზე გამარჯვების გაფორმების შემდეგ პუტინის ამბიციები და აგრესიის ხარისხი შეიძლება კიდევ გაიზარდოს და ევროპა უკვე აქედანვე ცდილობს ამის პრევენციას”, - წერს სტატიის ავტორი.

“მაკრონის განცხადება რუსეთისთვის მინიშნებაა, რომ ევროპა მზადაა უკრაინას ბოლომდე მხარი დაუჭიროს. ჯერ არც ჯარების შეყვანაზე და არც ბრძოლებში ჩართვაზეა კონკრეტული ლაპარაკი, ეს უბრალოდ მინიშნებაა იმაზე, რომ დასავლეთი და ევროპა უკრაინის მხარეს დგას. დღეს ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ეს ომი არ დამთავრდა, რაც რუსებისთის იმის მინიშნებაა, რომ ესკალაცია არ განახორციელონ და დარტყმები არ გაზარდონ. მნიშვნელობა არ აქვს ეს მინიშნება როდის იქნება, ზოგმა ადრე თქვა, ზოგმა გვიან, თუმცა მთავარია და ფაქტია, რომ უკრაინის გვერდში დგანან”, - დაასკვნის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

“რუსეთში ეს არჩევნები ყველაზე არალეგიტიმურია. პუტინიც ხვდება, რომ მისი რეჟიმის პირობებშიც კი წააგო, მის წინააღმდეგ პენსიონერებიც კი წავიდნენ, მაგრამ ყველა ვარიანტში მაინც გაიფორმებს გამარჯვებას და შესაძლოა, ამან კიდევ უფრო გამოიწვიოს დიქტატორის ამბიციების ზრდა და მისი გათავხედება. ზუსტად ესაა ევროპის გააქტიურების მიზეზი. პუტინმა თავის ინტერვიუში სულ მცირე 20-25 ჯერ ახსენა ბირთვული ტრიადა, რაც უკვე ძალიან საშიშია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ჩვენთვის. რა თქმა უნდა, თუ პუტინს უკრაინაში გაუვიდა, მერე ევროპას მიადგება და მაკრონიც სწორედ ამაზე საუბრობს - რომ თუ უკრაინას გვერდით არ დავუდექით, გარკვეულ მომენტში მასთან დაპირისპირება უკვე ევროპას მოუწევს. მაკრონი კარგად ხვდება რა საშიშროების წინაშეც დადგა უკვე ამ ეტაპზე ევროპა”, - განმარტავს ვახტანგ მაისაია.

ლაშა ძებისაშვილი - “რაც უფრო მეტად ეშინიათ ევროპელებს, მით მეტად იმუქრებიან რუსები!”

“რეალობა მარტივია - რუსეთში არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც ბატონს სურს. შედეგიც ისეთი იქნება, როგორც “ბატონმა ბრძანა”. არჩევნების სცენარიც წინასწარ იყო გაწერილი და ის ციფრებიც, რომელთაც საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. სხვა რამ არის მნიშვნელოვანი - პუტინს არჩევნები ფორმალური ლეგიტიმაციისთვის სჭირდება. ის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე გამოაცხადებს მასობრივ მობილიზაციას და დაიწყებს ახალ-ახალი დანაყოფების ჩამოყალიბებას, რათა ზაფხულისთვის დიდი შეტევა წამოიწყოს. ის, რაც ახლა უკრაინის ფრონტზე ხდება, პუტინის სტრატეგიულ გათვლებში ჯდება, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი სტრატეგიული მარაგების გახსნა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. საუბარია არა მარტო საარტილერიო ჭურვებზე, არამედ სარაკეტო შეიარაღებასა და საზოგადოდ, მთელ რიგ ნომენკლატურაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. გარდა ამისა, არ არის დამტკიცებული აუცილებელი ფინანსური რეზერვი”, - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რაც უფრო მეტად ეშინიათ ევროპელებს, მით მეტად იმუქრებიან რუსები!”

“ვგულისხმობ იმ 62-მილიარდიან პაკეტს, საიდანაც 42 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ ვიცით, ტრამპისტების წყალობით ეს პაკეტი პარალიზებულია და კიდევ ვერ დამტკიცდება კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში. გამაოგნებელია ტრამპის საქციელი. ჩნდება განცდა, რომ გარიგება დაიდო მასა და პუტინს შორის და ახლა ყველა შესაძლებლობას იყენებს სათავისოდ. ჯერჯერობით ყველაფერი პუტინის სასარგებლოდ ვითარდება, ახლო პერსპექტივაში ცვლილებების შესაძლებლობაც არ ჩანს და ეს ყველაფერი კარგად ესმის თავად პუტინს. ხედავს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა მასობრივად ვერ შეიარაღდება და მიუხედავად იმისა, ადამიანური რესურსის დიდი დანაკარგი აქვს, ფრონტის ხაზზე პატარ-პატარა მიღწევებით მაინც კმაყოფილია. პუტინს ჯერ კიდევ დიდი ადამიანური რესურსი აქვს და არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო გაზრდის. შესაბამისად, დამაჯერებლად გრძნობს თავს. სწორედ თავდაჯერებულობის შედეგია მისი განცხადებები მოლაპარაკების მზაობის თაობაზე. ის მხოლოდ იმ პირობებით დათანხმდება მოლაპარაკებებს, თუ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუმტკიცებენ. თუმცა ამასაც არ დასჯერდება. პუტინისთვის ესეც მორიგი შესვენება იქნება, რომ ძალა მოიკრიბოს და ახალი ენერგიით შეუტიოს უკრაინას და არა მარტო მას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“ევროპელები ახალი რეალობის წინაშე დადგნენ. მათ ცხადად დაინახეს, რომ შესაძლოა ამერიკა ტრამპის წყალობით სრულიად გაეთიშოს პროცესებს, რაც ნიშნავს, რომ ევროპა რუსული საფრთხის წინაშე მარტო დარჩება, რაც ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ორმაგად გაძლიერდება. მისმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში სიუ გორდონმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპს ორჯერ - 2018 და 2020 წლებში ჰქონდა ნატოს დატოვების სურვილი. ყველამ იცის, რომ თუ ამერიკა ალიანსს დატოვებს, ევროპული სახელმწიფოები ნატოს ჯარების, რაც არცთუ ისე შთამბეჭდავია, იმედად დარჩებიან. მაშინ, როცა ნატოს სამხედრო და ფინანსური რესურსის 70%-ს აშშ წარმოადგენს, ადვილი წარმოსადგენია, რას შეიძლება ფიქრობდნენ ევროპელი ლიდერები. ისინი ხედავენ, რომ ნოემბრიდან, როდესაც დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ისევ ტრამპი გახდება, რა შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ცდილობენ ამ დროის მონაკვეთში სწრაფად იმოქმედონ უსაფრთხოების გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისი, მეორე დიდი ევროპული ქვეყანა, ძლიერი სამხედრო ინდუსტრიითა და შეიარაღებული ძალებით, უკვე გასულია ევროკავშირიდან, გერმანიის პოლიტიკა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პაციფისტური უფრო იყო, ვიდრე მილიტარისტული და მისგან ვერ მოითხოვ სამხედრო და უსაფრთხოების დარგში ინიციატივას, საფრანგეთს უწევს ლიდერობის გამოჩენა ევროპის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებაში. მაკრონს ესმის, რომ მას მოუწევს ევროპის გადარჩენაზე ზრუნვა, ეს კი უკრაინიდან უნდა დაიწყონ, რადგან რუსეთი უკრაინაში გამარჯვებით სულ სხვა პოტენციალს შექმნის ევროპის ექსპანსიისთვის, ამის ხილვა კი ევროპელებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ სურთ. პუტინს შესანიშნავად ესმის, რომ დღევანდელ ევროპაში პოლიტიკოსებს შორის ტალეირანები არ არიან და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლიათ. ისიც იცის, რომ რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი მუქარა, განსაკუთრებით კი ბირთვული, ევროპელი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს აშფოთებს და კარგად მანიპულირებს ამ თემით”, - განმარტავს ექსპერტი.

“ლოგიკა ძალიან მარტივია, ევროპელი პოლიტიკოსების პირდაპირპროპორციულია რუსეთის მუქარა, ანუ რაც უფრო მეტად ეშინიათ ევროპელებს, მით მეტად იმუქრებიან რუსები! რატომაც არა?! მუქარებით სასურველი შედეგის მიღება ყველაზე იოლი და იაფი ხერხია, მაგრამ თუ რუსეთი დაუპირისპირდება ადეკვატურ პოზიციას და მოუწევს იმის გაგება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში შესაბამის პასუხს მიიღებს, სხვა გზების მოძებნას დაიწყებს. თუ ევროპელი ლიდერები ერთიანები იქნებიან და რუსეთის, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურად დამარცხების აუცილებლობას დაინახავენ, რუსეთ-უკრაინის ომის სურათი მაშინვე შეიცვლება. კარგი ნიშანია, რომ მაკრონი გააქტიურდა და ევროპელი ლიდერების ერთი მიზნის გარშემო შეკვრა დაისახა მიზნად, მაგრამ მას ჯერ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი. ამასობაში უკრაინა სისხლისგან იცლება - სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვერაფერს შევცვლით, ამ ორი წლის განმავლობაში ასი ათასზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ეს არის უკრაინელების მიერ გადახდილი საფასური დამოუკიდებლობისათვის”, - დასძენს ლაშა ძებისაშვილი და შეკითხვაზე - “როგორ შეაფასებდით უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი ლეგიონერების რეიდს რუსეთის ტერიტორიაზე?” - პასუხობს:

“ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, მცირეა თუ დიდი, ორი შემადგენელი აქვს - ერთი სამხედრო, მეორე კი პოლიტიკური. ვფიქრობ, რუსული ლეგიონის მიზანი არჩევნების ჩაშლა კი არა, პუტინისთვის გაგზავნილი სიგნალი იყო, რომ რუსეთის სიღრმეში შეჭრა და ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება შესაძლებელია. სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება. ზოგადად, რუსული ლეგიონი “თავისუფლება რუსეთს” და ციმბირული ბატალიონის მებრძოლები ღრმა კოორდინაციაში არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და პოლიტიკურ გზავნილთან ერთად სამხედრო მიზანიც აქვთ - უკრაინის ფრონტიდან რუსული არმიის ნაწილის მოხსნა და სხვა მიმართულებით გადასროლა, რათა შემსუბუქდეს უკრაინულ ძალებზე ზეწოლა. ჩემი აზრით, ეს პროგრამა-მინიმუმია. ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს, რა მასშტაბის არის ეს ქმედებები და საბოლოო მიზანზე საუბარი რთულია. ჩემი გადმოსახედიდან, მიდგომა გამართლებულია იმისათვის, რომ რუსეთს გაუჭირდეს ომის წარმოება, ფრონტის ხაზი უნდა გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე”.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო