გიორგი მსხილაძე - საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება ერთპარტიულად

ვეტოს დაძლევით მივიღეთ მოცემულობა, როდესაც საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება ერთპარტიულად და იქნება ერთპარტიული საარჩევნო კომისია, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს.

გიორგი მსხილაძის განმარტებით, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნებოდა ნდობით აღჭურვილი.

„საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც იქმნებოდა ნდობით აღჭურვილი, კონსენსუსზე დაფუძნებული და ქვეყანაში უზრუნველყოფდა სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, უმრავლესობის პოლიტიკური ნება იყო, რომ დაძლეულიყო ვეტო ისე, რომ არ შემოსულიყვნენ შინაარსში და შენიშვნების განხილვაში.

„სამწუხაროა ის, რომ ვეტო დაწერილი არ იყო, როცა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი ამ ვეტოს დაძლევდნენ. არც იცოდნენ რა იქნებოდა მოტივირებული შენიშვნების სახით. ეს იყო პოლიტიკური განაცხადა, ეს იყო უმრავლესობის პოლიტიკური ნება, რომ დაძლეულიყო ვეტო ისე, რომ არ შემოსულიყვნენ შინაარსში, არ ემსჯელათ და არ გაეზიარებინათ. მოხდა ყურადღების გამახვილება ისეთ თემებზე, რომელიც ვეტოში საერთოდ არ იყო მოყვანილი. სამწუხაროა ის, რომ უმრავლესობა დესტრუქციულს უწოდებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევებს და მოწოდებებს, რომელსაც თვითონ მიმართავენ რჩევისთვის“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი - ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება