ტექნოლოგიების განვითარების ტემპი ძალიან სწრაფია. ის მრავალმხრივ გარდაქმნის ადამიანების ყოველდღიურობას. ერთი მხრივ, ამარტივებს, თუმცა მეორე მხრივ, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდის ტემპის მიუხედავად, ამ სფეროში გენდერული დისბალანსი ჯერ-ჯერობით ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხად რჩება.
EPAM ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი მოწინავე გლობალური კომპანია, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა და ამჟამად 53 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს 55 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის რამდენიმე ათასს საქართველოში. ქართულ ბაზარზე EPAM 2020 წელს შემოვიდა. კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი საქართველოში ნაინო ქაშიბაძე სექტორში გენდერული დისბალანსის საკითხებზე გვესაუბრება.
როგორია დღეს ტექნოლოგიების სფეროში ქალების დასაქმების მაჩვენებელი მსოფლიოსა და საქართველოში?
მსოფლიოს მასშტაბით, ტექნოლოგიების სფეროში ქალები სამუშაო ძალის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ. საქართველოში, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია, თუმცა მზარდი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული და განხორციელებული „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“.
თქვენი აზრით, რით არის განპირობებული მსგავსი მონაცემები?
დღეს კვლავ ძლიერია სტერეოტიპები, რომლებიც გენდერულ ჭრილში უყურებენ პროფესიებს. ამის გამო ბევრ ქალს არ ეძლევა საშუალება, გამოავლინოს თავისი პოტენციალი ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცებითაა დომინირებული.
ტექნოლოგიურ კომპანიებში უფრო ხშირად რომელ პოზიციებზე საქმდებიან ქალები?
გლობალური მონაცემებს თუ დავეყრდნობით ამჟამინდელი სურათით ქალები უფრო მეტად დასაქმებული არიან UX/UI დიზაინერის, პროექტ მენეჯერის, დატა ანალიტიკოსის, ტესტერის, HR-სა და რეკრუტმენტის პოზიციებზე. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნებს არ გავაკეთებდი ქალების მიერ კონკრეტული სფეროთი ან მიმართულებით დაინტერესებასა და შესაძლებლობებზე, რაც ქალებს ტექნოლოგიებში აქვთ. ქალების მასშტაბური დასაქმება ამ სფეროში 2010 წლიდან დაიწყო და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმისათვის, რომ ქალები უფრო მეტად ჩაერთონ პროცესების ყველა ეტაპზე და ტექის სხვადასხვა მიმართულებაში.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში სულ უფრო იზრდება, ფაქტია, ისინი კონკურენტუნარიანი ტალანტები არიან და მეტი კომპანია ასაქმებს მეტ ქალს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო სტერეოტიპების დასამსხვრევად?
რა შედეგი მოაქვს მათ ჩარჩოში მოქცევას და სუბიექტური გენდერული სტერეოტიპების თავზე მოხვევას - ამ საკითხის უკეთესად გააზრება უნდა მოხდეს. მდგომარეობის შესაცვლელად საჭიროა მეტი ქალი მენეჯმენტში, მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. მეტმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რეალურად რამხელა ეკონომიკური ზრდა მოაქვს, როდესაც ქალები სამუშაო ძალას უერთდებიან ნებისმიერ სფეროში.
(R)