„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და გამოკვეთილ კანონდაღვევებზე საუბრობს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერილ ინტერვიუებში რესპონდენტებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, მათ, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუების დროს, პოლიტიკური პარტიის ასევე - სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები მონიტორებთან ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისინი არაერთხელ გამხდარან ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები.
„2023 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორმა აქციის პერიმეტრზე შენიშნა ორი არაიდენტიფიცირებადი პირი - მამაკაცი და ქალბატონი, რომლებიც სავარაუდოდ უთვალთვალებდნენ აქციის მონაწილეებს - გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს და 2023 წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პიროვნება უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან. ამასთან, სწორედ ამ აქციის შემდეგ ბექა გრიგორიადისი აპირებდა მედიისთვის განცხადების გაკეთებას, რომ იწყებდა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას და შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო მისი თვალთვალის მიზეზი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ეს პირები იდგნენ ჯუმბერ ბაჩალიაშვილისა და ბექა გრიგორიადისის სიახლოვეს. ამასთან, მოგვიანებით, მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოების დეტალური გაცნობისას მონიტორმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ უთვალთვალებდა აქციის მონაწილეებს, იმყოფებოდა 1-ელ გიმნაზიასთან შეკრებილ პოლიციელებთან ერთად. ეს გარემოება შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ბექა გრიგორიადისი, სავარაუდოდ, იყვნენ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კანონმდებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება კანონით ამომწურავად განსაზღვრულ დანაშაულებზე, ან თუ არსებობს “დასაბუთებული ვარაუდი, რომ რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს კანონით განსაზღვრული რომელიმე დანაშაული ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს“. ასევე, ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეული უნდა იყოს გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი, შესაფერისი და პროპორციული საშუალება უნდა იყოს. დამატებით, “ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ultima ratio ღონისძიება, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში“. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ზედამხედველობს სასამართლო, როგორც ნებართვის გაცემის, ისე მისი მოქმედების გაგრძელების ნაწილში. გადაუდებელი აუცილებლობისას, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
შესაბამისად, მივმართავთ რეკომენდაციით: საქართველოს პროკურატურას და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს: შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ არ განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, გარდა კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. საქართველოს საერთო სასამართლოებს: ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ნებართვის გაცემისას ან/და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ეროვნული კანონმდებლობით და მსგავსი მოქმედებები დაუშვას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: ზედამხედველობა გაუწიოს აქციების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სავარაუდო ფაქტებს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.hrc.ge/