ევროპის საბჭოს ოფისი ახალ პროექტს - „გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ იწყებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ახალ პროექტს „გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში (SFEM-GE)“ იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს მედიაგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის სფეროში არსებული ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტი მედიის რეფორმის კუთხით, ევროპის საბჭოს უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებაა და თანხვედრაშია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში გაწერილ პრიორიტეტებთან.

პროექტი ორწლიანია და 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს: მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების პრაქტიკის დანერგვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად; ჟურნალისტების უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების დაცვა.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილის, თამარ გვარამაძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი და ევროპის საბჭო ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და აღნიშნული პროექტიც მათი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმატია.

"რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო კვლევა მომზადდა გასულ ეტაპზე. ასევე, ვიმედოვნებთ, მომავალი აქტივობა ძალიან საინტერესო იქნება, განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალური კვლევა, რომელიც მომზადდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მასში ასახულია ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც მედიას და ჟურნალისტებს გააჩნიათ საქართველოში დღეს. ეს არის დაკავშირებული იმ უსაფრთხო სივრცესთან, რომელშიც მედია და ჟურნალისტები არიან, სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტური გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ, ჩადენილია მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, სპეციალური სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ის საკითხები, რომელიც უკავშირდება დიდი მასშტაბის შეკრების დროს მედიის მიმართ პოლიციელთა მოქმედებებს და შსს-ის მიერ მედიასთან თანამშრომლობას, ეს არის ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკვე მომზადებულ კვლევაში არის ასახული. იმედი გვაქვს, პროექტის შემდგომ ეტაპზე ამ მიგნებებთან დაკავშირებით ევროსაბჭოსთან ერთად პრობლემების მოგვარების მიმართულებით ადვოკატირებას გავაგრძელებთ", - განაცხადა თამარ გვარამაძემ.

ამასთან, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ნატალია ვუტოვა აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის.

"ეს პროექტი არის იმ სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის გაფორმდა და დამტკიცდა, ის 2024-2027 წლებს მოიცავს. ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მიმართ არის განხორციელებული. ის მოიცავს ამ პროექტის ფარგლებში მედიისთვის დახმარებას. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა",- განაცხადა ნატალია ვუტოვამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია