ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024

რა პერსპექტივა აქვთ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს და რას ნიშნავს “გამარჯვების პლატფორმის” “ერთპიროვნული გამარჯვება”

პრეზიდენტი დუმს - მოახდენს თუ არა გავლენას ხელმოწერები ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი სამოქმედო გეგმა - რამდენად სწრაფად ვუახლოვდებით ევროპას

* * *

რა პერსპექტივა აქვთ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს და რას ნიშნავს “გამარჯვების პლატფორმის” “ერთპიროვნული გამარჯვება”

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცის გაერთიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდვანი ხდება, ამასთან პარტიების უმეტესობა კვლავ იმ პრობლემის წინაშე დგას - გადალახავენ თუ არა საარჩევნო ბარიერს. ანალიტიკოსები ამ მოცემულობით მინიმუმ ორ და მაქსიმუმ ოთხ პარტიას უწინასწარმეტყველებენ რომ პარლამენტში მოხვდებიან. ამას უკავშირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, რომელიც სხვა პარტიების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. “ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას” მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება”,- ამბობს სააკაშვილი, რასაც “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა და აცხადებს, რომ სააკაშვილმა ყველაფრის მოგება თავად არ უნდა მოინდომოს, „სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს" მიმართულება უნდა შეცვალოს და “ძველი “ნაცების” შემოკრება ეცადოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პერსპექტივა აქვთ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს და რას ნიშნავს “გამარჯვების პლატფორმის” “ერთპიროვნული გამარჯვება”.

“სააკაშილმა აღნიშნული განცხადება სასამართლო პროცესზე “ვივა მედიდან” ჩართვისას გააკეთა. “მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას” - “გამარჯვების პლატფორმას” მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება. რა მოხდება ამ გამარჯვების მერე? პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ. გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემედგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმით, `შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია..." - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება. ამისთვის საჭიროა, რომ ე.წ “ნაცური” პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს “ნაცებში” და ისინი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ის გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს. მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული "ნაცმოძრაობიდან", მაგრამ ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით... მიხეილ სააკაშვილს დანარჩენ შიდა “ნაცურ” პარტიებთან “შუტკა” აქვს გახსნილი და შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, რადგან მაინც მისი წიაღიდან მოდიან და მაინც მარტო მას ართმევენ ხმებს. მაგრამ ასეთი სიხისტე, თუნდაც ამ პარტიებთან, ჩემი აზრით, არ იქნება მისთვის მომგებიანი. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა უნდა ცდილობდეს გაერთიანებას და შემოკრებას ძველი “ნაცების” და არა მათ დაბულინგებას და მუქარას. ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი რომ გაბრაზდეს და “ლელოში” შევიდეს, “ნაცმოძრაობა” ამით ვერ მოიგებს”, - განაცხადა ხვიჩიამ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის განცხადება იყო მორიგი აღიარება, რომ ენმ სხვა პარტიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სააკაშვილის მხრიდან ეს ერთგვარი მორიგი აღიარებაა, რომ ოპოზიციურ ველზე ენმ დომინირებს და სხვა პარტიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ახლო ისტორიას რომ გადავხედოთ, ოპოზიციური პარტიების გამსხვილება არ მოხდა, რადგან აქ უწინარესად ამბიციები მოქმედებს, ყველას სურს, რომ თავისი პარტიის ლიდერი იყოს, ეს პარტიები კი ერთგვარ კოოპერატივებად, კანტორებად აქციეს, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და თავიანთ ლიდერების ხუშტურებზე დადიან. სხვადასხვა თემაზე სააკაშვილის აღიარება არაერთხელ გვინახავს, არც ახლაა გასაკვირი, მაგრამ აქ კითხვა ისმის, მაშინ (პატარა პარტიების) გამოსავალი რა არის, ყველა ენმ-ს ერთ სიაში უნდა გაერთიანდეს? აქაც იქნება ამბიციურ პოლიტიკურ აქტორთა დაპირისპირება თუ, სიაში ვის რომელი ადგილი ექნება და ძალიან ბევრს, გიორგი ვაშაძისგან განსხვავებით, არ მოუნდება, რომ საკუთარი პარტია დაშალოს და ენმ-ში გაწევრიანდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპინდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ეს ვარიანტი ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის როლს კიდევ ერთხელ აკნინებს, რაც ძალიან ცუდია. ამ დამაკნინებელ და დესტრუქციულ როლს, რასაკვირველია სააკაშვილის პარტია ასრულებს, როცა სურს, რომ დომინანტი და პირველი იყოს ყველაფერში, რაც კი ოპოზიციას ეხება. არაერთხელ გვინახავს, რომ არჩევნებამდე რაღაც დროით ადრე, რადიკალური ოპიზიციური პარტიები ვითომ ერთმანეთისგან დისტანცირდებიან, ვითომ იბუტებიან, მაგრამ შემდეგ ისევ ერთ გუნდად ვხედავთ ხოლმე. კვლევები გვაჩვენებს, რომ “ქართული ოცნება”, რასაკვირველია, დამაჯერებლად მოიგებს და “ნაცმოძრაობას” მეორე ადგილი ექნება. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს ეს ხაზარაძის იქნება, გახარიასი თუ გვარამია-მელიას ტანდემის, მათ არანაირი შანსი არ აქვთ და მაქსიმუმ ორი პროცენტი მოიპოვონ, რაც გასასვლელი არაა. ბუნებრივია ყველაფერი იმ სცენარისკენ მიდის, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა, მიიტაცეს და ა.შ. იქნება თავდასხმები ცესკოზე, სასამართლოზე, „ქართულ ოცნებაზე" და ა.შ.”, - თვლის აბაშიძე.

“მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ წინა სხვადასხვა დონის არჩევნების შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო პროტესტი, მათ შორის რადიკალური, შემდეგ კი, მიღებული მანდატების რაოდენობაზე დათანხმდნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ელექტორონულია და მისი გაყალბება შეუძლებელია - იქმნება ელექტრონული ვერსია და შემდეგ დამატებით ბიულეტენები გადაითვლება. ასე რომ, იქ მანიპულაციები, ჰაკერული ჩარევა და ა.შ. გამორიცხულია, ამას ნაცოპოზიცია და არასამთავრობო სეტორში მისი სატელიტები აცნობიერებენ, მაგრამ, საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციას და მის ვითომ გაყალბებულად გამოცხადებას მაინც შეეცდებიან, მაგრამ, ამას წინა არჩევნების მსგავსად აზრი არ აქვს, საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ტარდება”, - დაასკვნის გია აბაშიძე. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადება ერთის მხრივ თავისი პარტიის უპირატესობიდან გამომდინარეა, ხოლო მეორეს მხრივ სიმართლე, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე პარტიის გარდა სერიოზული გამოწვევაა”, - დასძენს გამოცემა.

“სააკაშვილმა ეს განცხადება ცოტა სარკაზმულად და თავისი პარტიის უპირატესობიდან გამომდინარე გააკეთა, რაც არაკორექტულია და კრიტიკას ნამდვლად იმსახურებს. თუმცაღა, მეორეს მხრივ მან პრაქტიკულად სიმართლე თქვა - ის პარტიები, რომლებიც 5%-ს ვერ გადალახავენ, ოპოზიციურ ფლანგს რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” უტოვებენ. მგონია, რომ 5%-ს სულ ცოტა კიდევ ორი პარტია გადალახავს, “ლელო” და გახარიას პარტია. შესაძლოა ბარიერთან მელია-გვარამიას ერთობაც მივიდეს - ვნახოთ სიტუაციას როგორ წარმართავენ, დანარჩენებს მართლაც სერიოზული გამოწვევა აქვთ. “ქართული ოცნება” რა თქმა უნდა პირველ ადგილზე გავა, მაგრამ ოპოზიციამ შეიძლება გაიმარჯვოს თუ უკვე პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საერთო ენას იპოვიან. ოპოზიციის გამარჯვება ის იქნება თუ ბევრი - 4-5 პარტია მაინც გადალახავს ბარიერს. თუ ბევრმა პარტიმ ბარიერი ვერ გადალახა, მთელი ეს ხმები პირველ რიგში “ქართულ ოცნებასთან” და მერე “ნაციონალურ მოძრაობასთან” წავა”, - ამბობს გამოცემის კორესპსონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“უკვე პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება ოპოზიციამ საერთო ენა გამოძებნოს, როგორც პოლონეთში მოხდა - ერთი პარტია პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ მთავრობა სხვა პარტიებმა ჩამოაყალიბეს, ვინც მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ეს სცენარი კი დასაშვებია, მაგრამ არჩევნების დღეს “ოცნება” გაიმარჯვებს და პირველ ადგილზე გავა, მთავარია მან ბევრი ხმა არ აიღოს. თუ “ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებს, ეს ოპოზიციისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება. სხვა პარტიები ნაკლებს აიღებენ, მაგრამ პარლამენტში ბევრი შევა. ახლა ქართველმა ამომრჩეველმა ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს, რომ “ოცნებას” და ენმ-ს ელექტორატი მაინც ჰყავს და ისინი 5%-ს მაინც გადალახავენ. მოდი ახლა ხმას სხვა პარტიას მივცემ - თუ ამას ქართველი ამომრჩევლის დიდი ნაწილი გააკეთებს, მაშინ პარლამენტში ბევრი პარტია აღმოჩნდება და ეს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება იქნება, არა “ოცნების”, არა “ნაცნოძრაობის”, არა ოპოზიციის, არამედ დემოკრატიის გამარჯვება”, - ამტკიცებს პაატა ზაქარეიშვილი.

პრეზიდენტი დუმს - მოახდენს თუ არა გავლენას ხელმოწერები ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - 25 მარტს “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს ის ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და მასზე “გარე და შიდა ზეწოლა ვერ იმოქმედებს”. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შიდა აქციების საფუძველზე პრეზიდენტი სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, მაგრამ თუკი ეს ზეწოლა დასავლეთიდან წამოვა, მერე შესაძლოა დაფიქრდეს. ამასთან ეჭვი ეპარებათ შეწყალება არჩევნებამდე მოხდეს. 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი 27 მარტს გაიმართა. სააკაშვილმა პროცესზე, კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციური ჩართვისას კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტი დუმს - მოახდენს თუ არა გავლენას ხელმოწერები ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა 25 მარტს წალენჯიხიდან დაიწყო. მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობამ” პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცა ხელმოწერები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა. “ოცნებამ” კი ამ აქციას “7-კაციანი კოლონა” უწოდა. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა, მისი მხარდამჭერების თქმით, მათი რიცხვი 200 ათასამდეა. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის თქმით, ორასი ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. “ახლა მივიტანთ სალომე ზურაბიშვილთან ამ ხელმოწერებს და ის ვალდებულია გაითვალისწინოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა”, - განაცხადა ჯაფარიძემ. “ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც და “ნაციონალურმა მოძრაობამაც” ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. “ამიტომ მიდის კამპანია, რომ როგორმე საზოგადოების ყური შეაჩვიონ ამ სცენარს და ამაზე საუბრობენ როგორც შიგნით, ასევე გარე სპიკერები. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის შეაწუხეს ათიათასობით ადამიანი ხელმოწერებისთვის... ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა თალაკვაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შიდა აქციების საფუძველზე პრეზიდენტი სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, მაგრამ თუკი ეს ზეწოლა დასავლეთიდან წამოვა, მერე შესაძლოა დაფიქრდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისინი შეწყალებას ითხოვენ, მაგრამ რამდენადაც ვიცი მას შეწყალება არ ათავისუფლებს, სხვა საქმეებიც არის. შეწყალება იმას ეკუთვნის, ვისზედაც განაჩნი გამოტანილია. სააკაშვილს შეწყალება არ უშველის. დროებით გათავისუფლება არაფერს არ იძლევა,ეს ზურაბიშვილსაც კი არ აწყობს, რადგან თუკი მისი გათავისუფლებით დესტაბილიზაციის სურათი დადგება, არ მგონია ეს დემოკრატიის სამსახურში გამოადგეს. მაგრამ თუკი დასავლეთისგან გაისმება - დასავლეთის პოლიტიკოსები თვლიან, რომ ევროპაზე ვინცაა ორიენტირებული, იმან სააკაშვილი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოსო, აი იქ შესაძლოა პრეზიდენტი დაფიქრდეს. თორემ ასეთი ჯანჯღარის და ჭიდაობის მეთოდით, ანუ შიდა აქციებით არ მგონია, რომ გაათავისუფლებს. მით უმეტეს, რომ შიდა აქციები ფეხბურთის გარდა დღეს უკვე აღარავის აღარ შეუძლია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა კი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯერჯერობით თავს იკავებს და შესაძლოა არჩევნებამდე სააკაშვილი არ გაათავისუფლოს, რადგან ვითარების გამწვავება მოსალოდნელია. “პრეზიდენტი ჯერჯერობით თავს იკავებს. ვნახოთ, შესაძლოა არჩევნების შედეგებს დაელოდოს გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია. შესაძლოა არჩევნებამდე ვითარების გამწვავება არ უნდა. შესაძლოა ხელისუფლებაც აშანტაჟებს - ვნახეთ, რომ რადიკალური ჯგუფები მიუგზავნა, რომლებმაც რეზიდენციასთან ჩაატარეს აქცია. შესაძლოა ამისთვის რაღაცნაირად თავს იკავებს. თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი გაათავისუფლა, შეიძლება რადიკალური ჯგიუფები გამოვიდნენ, მაგრამ ასევე გამოვა ხალხი მესამე პრეზიდენტის დასაცავადაც. ამის გამო შესაძლოა ვითარება დაიძაბოს და მგონია, რომ პრეზიდენტი თავს ამიტომ იკავებს”, - თვლის ნიკა ჩიტაძე, რომლის განმარტებით, “დასავლეთიდანაც არის გარკვეული ზეწოლა კარგი გაგებით, ისინი ითხოვენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი რეალურად დემოკრატიის დამცველია, მაშინ უნდა შეიწყალოს”, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი სამოქმედო გეგმა - რამდენად სწრაფად ვუახლოვდებით ევროპას

“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. რამდენად სწორად ასრულებს მთავრობა რეკომენდაციებს, ამის შესახებ ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველო ზუსტად მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რაც ბრიუსელიდან მოდის, ნაწილი კი დიდ ცვლილებებს არ ელოდება, განსაკუთრებით სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხებში. აღნიშნული სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. საკითხებზე მომხსენებლები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იყვნენ. სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი სამოქმედო გეგმა - რამდენად სწრაფად ვუახლოვდებით ევროპას.

“პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და საქართველოს მთავრობის მიზანია უახლოესი მომავლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ასევე, სხდომაზე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (შEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვა, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები. რონდელის ფონდის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ წინა გეგმა საკმაოდ ზედაპირული იყო და ახლაც დიდი ცვლილებები არ იქნება. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ზოგიერთ სექტორში რაღაც დახვეწილი იყოს, მაგრამ, სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხში რაიმე სერიოზული ნაბიჯები გადადგმული არ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე 3 თვე გავიდა და სამწუხაროდ, წინსვლას ჯერ ვერც ერთი მიმართულებით ვერ ვხედავ. გეგმის გაცნობის საშუალება თუ მოგვეცემა, მერე უკედ შევაფასებთ რამდენად რეალურია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის გეგმა, რაც თავიდან დამტკიცდა, საკმაოდ ზედაპირული იყო და ის რეფორმები არ იძლეოდა იმის იმედებს, რომ რაღაც გეგმის მიხედვით ნამდვილად განხორციელდებოდა ისე, როგორც ევროპაშია. ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ეფექტიანი პროცესები წავა, თუმცა, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ცვლილებები მაინც და მაინც არ იქნება. შესაძლოა ზოგიერთ სექტორში რაღაც დახვეწილი იყოს, მაგრამ მეეჭვება სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხში რაიმე სერიოზული ნაბიჯები იყოს დაგეგმილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, “ქართული ოცნების” სამოქმედო გეგმები ზუსტად შეესაბამება იმ დავალებებს, რაც ბრიუსელიდან მოდის. ამის დასტურია უცხოელი პოლიტიკოსების დადებითი შეფასებები და ევროკავშირის სტატუსი, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო. მისივე თქმით, ჩვენმა ქვეყანამ რომ კონკრეტული მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ დაიწყოს, ოპოზიციისთვის დამაჯერებელი მაინც არ იქნება. მისივი თქმით, “პუნქტობრივად და გეგმების მიხედვით სხვადასხვა უწყებებში და რასაკვირველია, პარლამენტშიც ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვების ეტაპობრივი პროცესი მიმდინარეობს. ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვიღებთ დადებით შეფასებებს, რაც მიანიშნებს, რომ პროცესი კარგად მიდის. შეიძლება ვიღაცას უფრო სწრაფად უნდა, მაგრამ, რაც მთავარია, ამითვის ყველაფერი კეთდება. ამის დასტურია ისიც, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს”, - თვლის ანალიტიკოსი, რომელიც დასძენს, `რომ რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები გადასადგმელია და გადაიდგემა კიდეც", - წერს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო