ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი ორი მენეჯერის ადვოკატი, დავით კუტალაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ჯერ კიდევ 8 თვის წინ გამოიკითხნენ, გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს და ბრალსაც აღიარებენ.

„8 თვის წინ არიან გამოკითხული, იმ დროიდან მათ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, ისინი იმ დროიდან მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებაც და ბრალდების შესახებ დადგენილებაც მეტწილად მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. დღეის მოცემულობით, ისინი ბრალდებას აღიარებენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ გვქონდეს და საკუთარი აზრი არ გაგვაჩნდეს. როცა ბრალდება ამბობს, ბრალდებულები კოდებს ამატებდნენ იმისთვის, რომ პაციენტები „ევექსის“ კლინიკაში მოხვედრილიყვნენო, ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ამ პაციენტების, კოდების იდენტიფიცირება მოხდეს, ანუ რომელ პაციენტთან რა გააკეთეს, მნიშვნელოვანი გარემოებაა, სიმართლის დასადგენად.

პროკურატურა გვედავება, ეს პირები საჯარო მოხელეებთან გათანაბრებულები არიანო, სწორედ ამ საფუძვლით წარუდგინეს მათ ქრთამის ბრალდება. ამ შეფასებებთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა კუტალაძემ.

რაც შეეხება ცენტრის კიდევ ერთ მენეჯერს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც თვეების წინ გამოიკითხა.

„არჩეული აქვს დუმილის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, არ ეთანხმება იმ პოზიციას, თითქოს, ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც პაციენტებს ანაწილებდა შესაბამის კლინიკებში. ასეთი რამის განხორციელება მას არც ტექნიკურად შეეძლო და არც შესაბამისი ჩარევის საშუალება ჰქონდა. ჩვენი აზრით, ეს ბრალდებას საფუძველს აცლის, რადგან ყველაფერი ამაზეა აგებული, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პაციენტების გადამისამართებას კერძო კლინიკების სასარგებლოდ ახორციელებდა“, - აცხადებს ყავლაშვილი.

რაც შეეხება „ევექსის“ ორი წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც ქრთამის მიცემისთვის არიან დაკავებულები, უცნობია.

ხუთივე დაკავებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

პროკურატურა ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვა კი, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია