გრიგოლ გეგელია - რუსეთის მსახური ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული დაზვერვის პოლიგონად გადაიქცა

რუსეთის მსახური ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული დაზვერვის პოლიგონად გადაიქცა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელია აცხადებს, დღეს ქართული სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები სრულად ჩამოშლილია.

„მაღალი დონის საერთაშორისო გამოძიება ადასტურებს, რომ რუსული დაზვერვის „დანაყოფი 29155” თბილისში ახორციელებდა სპეცოპერაციას. დანაყოფის წევრმა, ალბერტ ავერიანოვმა აკუსტიკური იარაღის გამოყენებით სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლებს და დიპლომატებს.

ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები სრულად ჩამოშლილია.

მაშინ როდესაც “ქართული ოცნების” რუსული ხელისუფლება დასდევს ანტი-პუტინისტ „ტიკტოკერებს“, საქართველოში არ უშვებს ანტი-პუტინისტ აქტივისტებს, რუს მწერლებს და ხელოვანებს, იგივე ხელისუფლების პირობებში თავისუფლად დათარეშობენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აგენტები.

სად არის ამ დროს ქართული სახელმწიფო? სად არის და რას აკეთებს ქართული სპეციალური სამსახურები, უშიშროება და დაზვერვა? კიდევ ვის მიაყენა ჯანმრთელობის ზიანი ავერიანოვმა, თუ რუსეთის სხვა აგენტებმა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოების ადეკვატურად ინფორმირებაზე?

ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთთან მუდმივ ფლირტშია ჩართული, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა ცივილიზებულ თანამეგობრობას და ქართველი ხალხის ეროვნულ არჩევანს და ბარბაროსული ომის დროს რუსეთთან ფრენები აღადგინა, საქართველო გადააქცია რუსული აგენტურის ბუდედ და რუსეთის გავლენის პოლიგონად. სწორედ ამიტომ, რუსეთის მსახური ხელისუფლება შემოდგომაზე უნდა დასრულდეს და გზა გაეხსნას ქართველი ხალხის მსახურ ხელისუფლებას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია