ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება- კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, პაციენტებს კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
„ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. მათ მხოლოდ ექიმისა და დამხმარე პერსონალის ნებართვისა და კეთილგანწყობის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობით. დამატებით, პაციენტებს, კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
კვლავ შენარჩუნებულია ამანათების მიღების პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ყოფილ. აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება სამოქალაქო განყოფილებაში ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების მიმართაც, რომელთაც ისედაც უნდა შეეძლოთ დაწესებულების ხანმოკლე დროით დატოვება და მათთვის სასურველ ადგილას, მათთვის სასურველი პროდუქტების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შეფერხების აღმოფხვრის შესახებ, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.
სახალხო დამცველი მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს, რომლის შედეგადაც, განახლდა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების პირობები. განახლებული პირობებით: დაწესებულებას მოეთხოვება პაციენტთან შეხვედრების სივრცის/ოთახის ქონა, სადაც დაცული უნდა იქნეს პაციენტის პრივატულობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირისპირ და კონფიდენციალურ გარემოში შეხვდნენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების მონიტორინგის შედეგად პრობლემები გამოკვეთა ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები, ხოლო დამხმარე პერსონალის სამუშაო ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ პერიოდულად ეძლევათ. დაწესებულებებში არიან ბენეფიციარები, რომლებიც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, რადგან არ აქვთ მათი ტელეფონის ნომრები და მათ მოძიებაშიც არავინ ეხმარება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ბენეფიციარების გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებას, ისე მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.