ანა ბუჩუკური - სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონებში მინი ფეოდალები მდიდრდებიან და რიგითი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ

სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონებში მინი ფეოდალები მდიდრდებიან და რიგითი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ,- ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში მშიშარა ადამიანები არიან.

„2 დღის წინ დავბრუნდი სამეგრელოდან - გვქონდა უამრავი შეხვედრა ასეულობით ადამიანთან სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში.

როდესაც, აი, ამ შენობაში მსხდომი ადამიანების ძირითადი ნაწილი ხშირ შემთხვევაში სრულ აბსურდზე ექიშპებით ერთმანეთს, ისიც, როგორც წესი, მხოლოდ კამერების წინ ყალბი შოუსთვის, ამ დროს რეგიონებში ადამიანებს ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნილებები არ აქვთ დაკმაყოფილებული. ელემენტარულად - სასმელი წყლის პრობლემაც კი არ არის ქვეყანაში მოგვარებული და ჩვენ აქ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?!

სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონები ახალგაზრდებისგან იცლება. უამრავი ადამიანი ვნახე ბოლო დღეებში სამეგრელოს სოფლებში მშობლები ცრემლიანი თვალებით როგორ სტკივათ საკუთარი შვილების და შვილიშვილების გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან და ფაქტობრივად ოჯახების იძულებითი დატოვება. მრავალშვილიან ოჯახებში შვილები აღარ ცხოვრობენ და მხოლოდ ხანდაზმული მშობლები და ბებია-ბაბუები არიან დარჩენილები.

სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონებში მინი ფეოდალები მდიდრდებიან და რიგითი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ - აქედან მინდა მოვიკითხო ბატონი ვაჟა კვარაცხელია (ლესალე, ჯგალი), რომელმაც მთხოვა, ქვეყანაში აყვავებულ კორუფციაზე მუდმივად ვისაუბროთ.

სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონებში სოფლებში ბავშვები შიმშილობენ და იმის ნაცვლად, რომ ფაქტობრივად მზა პროექტი სასკოლო კვებაზე, რომელიც 2022 წლიდან უნდა დაწყებულიყო, საარჩევნოდ გადადეთ - მერე რა, რომ ბავშვების შიმშილობენ და ვერ ვითარდებიან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან.

ამ გაჭირვების ფონზე გამოდიხართ და ჩვენს მოქალაქეებს დასცინით, რომ თურმე ემიგრანტს, რომელსაც არჩევნებზე ხმის მიცემა უნდა, ვინ უშლის, ჩამოვიდეს და ისე მისცეს ხმაო - არადა ამ ხალხს იძულებით აქვს ოჯახები დატოვებული, ათასობით დოლარი აქვთ ვალად აღებული უცხოეთში გასაქცევად და ზოგჯერ სიცოცხლე აქვთ საფრთხეში ჩაგდებული იმისთვის, რომ ოჯახის გამოსაკვებად ევროპაში ან ამერიკაში წასულიყვნენ. აი, ამ ადამიანებს დასცინით თქვენ.

გამოდიხართ და თავს იწონებთ სრული ტყუილებით, რომ თითქოს კორუფციას ებრძვით. მაშინ, როდესაც ბოლო 3 წელიწადში ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში მინი ფეოდალები დაამკვიდრეთ და ამ ხალხის ხარჯზე რამდენიმე ადამიანი მდიდრდება - ამ ხალხს დასცინით თქვენ.

ვითომ კორუფციას ებრძვით და თქვენ თვითონვე 2023 წლის თებერვალში, იმის გამო, რომ oecd-ის თქვენი კორუფცია არ შეემოწმებინა, ადექით და საერთოდ გამოიქეცით ანტიკორუფციული ქსელიდან.

გამოდიხართ და ურცხვად საკუთარ მშობლებზე გადაბრალებით (როგორც თქვენმა ყოფილმა პრემიერმა გააკეთა) ცდილობთ დაუსაბუთებლად, უკანონოდ მოპოვებული ქონების გამართლებას - მაშინ, როდესაც გაჭირვების გამო ბავშვები მშობლებს იძულებით არიან დაშორებულები და ონლაინ ხედავენ მხოლოდ.

ზუსტად ეს ხალხი, ვისაც თქვენ დასცინით და ასეთ შეურაცხყოფას აყენებთ - გამოგიტანთ თქვენ განაჩენს, ისევე, როგორც ნაცებს გამოუტანა თავის დროზე და იძულებული გახდებით, ყველა, ვისაც დაუსაბუთებლად, ხალხის ხარჯზე გაქვთ ფული ნაშოვნი, დააბრუნოთ ყველაფერი ის, რაც თქვენი არ არის. დარწმუნებული იყავით ამაში.

ჩვენს მოქალაქეებს კი აქედანაც მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა - იმედი არ დაკარგოთ, ესენი ჩვეულებრივი მშიშარა ადამიანები არიან და ამათ ჩვენ ყველა ერთად მივხედავთ, თქვენთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად საქართველოში ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენს ხმას იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო