ექიმ-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი - ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა კი უცნობია

ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

როგორც ოთიაშვილი აღნიშნავს, ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული არიან და ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ნივთიერებებს იშვიათად მოიხმარენ, სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ, კანონი კი მათ ერთნაირად უყურებს.

„ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის დიდი რაოდენობაა. ამ კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. დღეისათვის, ქვეყანაში ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი 49 000 ადამიანი გვყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, შეიძლება, ყველაზე მაღალიც კი, მსოფლიოში. კარგი ამბავი აქ ის არის, რომ ამ მომხმარებელთა რაოდენობამ კლება დაიწყო. ამ მონაცემებს ბოლო 20 წელია, რაც ვითვლით. ადრე, რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ სულ ზევით მიდიოდა. აღნიშნული კვლევები 3-4 წელში ერთხელ ტარდება. 2022 წელს პირველად ვნახეთ, რომ რაოდენობა კლებისკენ წავიდა. ჩემი, როგორც დარგში მომუშავე ადამიანის შეხედულებაც ამ ტენდენციას ემთხვევა. ვთვლი, რომ ინექციურ მომხმარებელთა კოჰორტა ბერდება და ახალგაზრდები ნაკლებად ემატებიან, რადგან ინექციური მოხმარება ნარკოტიკის მიღების ის გზა აღარ არის, რომელიც დღევანდელ სამყაროში პოპულარულია - ეს მოდა, თუ ჩვევა, გადადის. ახლა მოხმარების გზაზე ვსაუბრობ და არა მომხმარებელთა ზოგად რაოდენობაზე. ეს პრობლემა ბოლო მონაცემებით მცირდება. რაც შეეხება სხვა ტიპის მომხმარებლებს - როცა ნარკოტიკის მომხმარებელს ვამბობთ, ვის ვგულისხმობთ, ვინც დამოკიდებულია მასზე, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდება, თუ 22 წლის ახალგაზრდას, სტუდენტს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ კლუბში წავა და იქ ექსტაზს მიიღებს? ეს ყველა ერთი და იმავე ქვაბში მოვხარშოთ? ალბათ, არა. ეს ხალხი თანაბრად უნდა იყოს ჩვენი წუხილის საგანი? - არა. ამ ხალხს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, კანონი კი ამ ადამიანებს ერთნაირად უყურებს. თუ რაღაც რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინა, ერთსაც ბევრი წლით ციხეში გაუშვებს და მეორესაც.

ორ ჯგუფად რომ დავყოთ, პრობლემური - ინექციური და რეკრეაციული ახალგაზრდა, გართობის მიზნით, რომ მოიხმარს, ჯერ დამოკიდებულება რომ არ აქვს, აი, ამათთან რა ხდება არ ვიცით. პირველ შემთხვევაში ვიცით, რამდენი არიან, რას მოიხმარენ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი მოხმარება, რადგან კვლევები, რომელიც ტარდება, ამ ადამიანებთან ტარდება, პლუს, სერვისებთან კონტაქტშიც ესენი არიან, ექიმთან, ფსიქოლოგთან მიდიან, ვიცით ვინ არიან. მეორე ჯგუფი, რომელიც ვახსენეთ, არ მოდიან, რადგან თვლიან, რომ არ სჭირდებათ დახმარება და ბევრს მართლა არ სჭირდება, ამიტომ ამ ადამიანებზე არაფერი ვიცით“, - აცხადებს ოთიაშვილი.

მისივე განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ალკოჰოლის მოხმარება გართულებების რისკს ზრდის. ექიმ-ნარკოლოგის თქმითვე, თითქმის არ არსებობს ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკებს იშვიათად, მათ შორის, გართობის ადგილებზე მოიხმარენ.

„არც ის ვიცით, რა გარემოში მოიხმარენ, რა არის პოტენციური რისკები, ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, მაგალითად, როცა ახალგაზრდა მიდის კლუბში, ან ფესტივალზე, როგორც წესი, რაღაცას მოიხმარს, ეს ცუდია, სარისკოა. ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ, ალკოჰოლსაც ამატებენ, რამდენიმე ნივთიერების მოხმარება კი უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე მხოლოდ ექსტაზის გადაყლაპვა. ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ დაზუსტებით, ამ ადამიანებზე ძალიან ცოტა რამ ვიცით... რომ ვიცოდეთ, საჭიროა, ვიღაცამ კვლევები დააფინანსოს, კვლევები უცხოური დონორებით, საერთაშორისო ფონდების მიერ ფინანსდება, მათი პრიორიტეტი და პირადი ინტერესი ინფექციური დაავადებებია, როგორიც არის აივ შიდსი და C ჰეპატიტი, ამიტომ ამ კვლევებში ის მომხმარებლები ხვდებიან, რომლებიც ინფექციური დაავადებების გავრცელების სარისკო ჯგუფიდან არიან, ასეთები არიან ინექციური მომხმარებლები. ეს არის მოკლე ახსნა, თუ რატომ ვიცით უფრო მეტი ინექციურ მომხმარებლებზე. მეორე ჯგუფის საკვლევად ფულს არავინ გამოყოფს არც საქართველო, არც უცხოეთი“, - აცხადებს ოთიაშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ