გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

„ხედავთ ირგვლივ რა მდგომარეობაა. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება ტბის გარშემო არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, ასევე, ტბა გაიწმინდება, ტბის ირგვლივ მოეწყობა სასეირნო ბილიკი, იქნება დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, მოეწყობა საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. ვფიქრობ, გლდანელებისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო სივრცე. აღნიშნული სამუშაოები მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, განთავსდება სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი, დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს.

პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია