ირაკლი ქარქაშაძე - Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია

დანიის ქალაქ ორჰუსში მიმდინარე საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში, პარტნიორ აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან 3 დღის განმავლობაში 30- მდე შეხვედრა გამართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში შეხვედრები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროპულ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან გაიმართა, რომლებთანაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მნიშვნელოვანია.

„აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო დავუკავშიროთ ევროპის მეტ დედაქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელის, პარიზის, რომის, ბერლინის და სხვა ევროპული დედაქალაქების მიმართულებები, ჩვენი ახალი სტრატეგიის თანახმად, ვცილობთ, რომ საქართველო და კონკრეტულად, თბილისი დავაკავშიროთ, რაც შეიძლება მეტ დედაქალაქს, რათა მგზავრებმა მეტი პირდაპირი ფრენით ისარგებლონ. ფორუმი იმითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ დიდი ინტერესი იყო ჩვენს მიერ დაანონსებული ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ. ყველა ძირითადმა მოთამაშემ იცის ამ პროექტის შესახებ და მათგან ინტერესი ჩანდა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება როგორც არქიტექტორებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ისე ოპერატორებთან. ეს მზარდი ინტერესი ნიშნავს, რომ მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ძირითადი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრით ბრიტანული ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით და ძირითადი საუბარი შეეხო იმ თავისუფალი ბაზრების ათვისებას, საიდანაც ჯერჯერობით საქართველოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. ასევე, შეხვედრები გაიმართა გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ავიაკომპანიებთან და აეროპორტების წარმომადგენლებთან, რომ მათი არსებობა საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია