ირაკლი ფავლენიშვილი - თავისუფალ საქართველოში გაზრდილ თაობებს ვერ დატოვებენ ევროპის მიღმა

თავისუფალ საქართველოში გაზრდილ თაობებს ვერ დატოვებენ ევროპის მიღმა. ვერცერთი პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით ვერ მოწყვეტენ საქართველოს ევროპას, ჩვენი გზა არის ევროპაში, ივანიშვილის და მისი პარტიის კი ისტორიის სანაგვე ყუთში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ბათუმი არის ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქალაქი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და მთელ ევროპაშიც“.

„სპორტსმენი ვიყავი ბავშვობაში და ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ის ევროპული სულისკვეთება, მრავალფეროვნება, მულტიკულტურულობა, მიმღებლობა სხვა ადამიანების მიმართ, რაც არის ბათუმში, არის გამორჩეული და ამ ქალაქს ეძახდნენ პორტო ფრანკოს, ევროპულ, თავისუფალ, ქართულ, გამარჯვების და წინსვლის ქალაქს.

ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, ქრისტიანულ ცივილიზაციაზე და ევროპაზე. პირველად ქრისტიანული ცივილიზაცია საქართველოში შემოვიდა აჭარაში, ამიტომაც პირველი ევროპული ქართული ადგილი არის აჭარა, არის ბათუმი და ჩვენ ვართ ევროპის შუაგულში და ერთ-ერთ ყველაზე ევროპულ უძველეს ადგილზე. ვერც ივანიშვილი, ვერც პუტინი და ვერავინ ამ ადგილს ვერ აქცევს ევროპის მიღმა.

საქართველო ამყარებდა ურთიერთობას დასავლურ ცივილიზაციასთან, რომლის ორგანული ნაწილი იყო შავი ზღვისპირეთის ქალაქების მეშვეობით, მათ შორის ბათუმი იყო გამორჩეული. მე-19 საუკუნეში ყველაფერი ევროპული შემოდიოდა ბათუმიდან და ბათუმი იყო ყველაზე ევროპული ქალაქი. ბევრი ევროპელი აღნიშნავდა, რომ ევროპულ ქალაქში იყვნენ ჩამოსულები მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ იყო მაშინ დაპყრობილი და ახლა, თავისუფალ საქართველოში გაზრდილი თაობები, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნებენ თავის ევროპულ ხასიათს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ბათუმში იყო ჩამოსული და თქვა ის ლეგენდარული სიტყვები, აუცილებლად ჩამოვა ბათუმში და იტყვის - რუსეთი გაიქცა, კრემლი გაიქცა, ივანიშვილი გაიქცა, საქართველო თავისუფალია, აჭარა თავისუფალია.

ვერცერთი პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით ვერ მოწყვეტენ აჭარას, ბათუმს, საქართველოს ევროპას, ჩვენი გზა არის ევროპაში, ივანიშვილის და მისი პარტიის კი ისტორიის სანაგვე ყუთში“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს