საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მოსაზრებების გაცვლისა, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.

"ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ბანკებში სტაბილურად დაბალი საკრედიტო რისკებით ხასიათდება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის მაღალი წილი ბანკების საკრედიტო პორტფელში ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს და ამცირებს მის ციკლურობას. აქედან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ მეტი სესხის გაცემას მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. ასევე, ჩვენი სტრატეგიაა განვავითაროთ მდგრადი დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ბანკებს შესაბამის რეგულაციებს ვუქმნით, რომ მოწადინებული იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მწვანე ენერგეტიკული პროექტი დააფინანსონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სადაც ერთი მხრივ, ენერგეტიკის ინდუსტრია და მეორე მხრივ, საფინანსო ინდუსტრია სებ-ის პლატფორმაზე ხვდება ერთმანეთს და ერთმანეთში ცვლიან მოსაზრებებს, უფრო ნათლად ხედავენ თუ რა გამოწვევების სექტორში.

"ჩვენ, ეროვნულ ბანკს კი შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ, რა როლი შეგვიძლია მივიღოთ ამ გამოწვევების გადაწყვეტაში", - დასძინა მან.

სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს: საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ზოგად მიმოხილვას, ენერგეტიკის სისტემის შედარებით ანალიზს ქვეყნების მიხედვით, სექტორის საკრედიტო პორტფელის ზოგად მიმოხილვას და ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების ფინანსურ ანალიზს.

კვლევის თანახმად, საქართველოში არსებული კერძო ჰესები მაღალი კრედიტუნარიანობითა და საოპერაციო მოგების მაჩვენებლით ხასიათდებიან. კვლევის თანახმად, 2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგებულია და მნიშვნელოვან წილს იკავებს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში. სხვა სექტორებთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში საშუალოდ ორჯერ მეტი ვადიანობის მქონე სესხები, მსგავსი საპროცენტო განაკვეთებით გაიცემა. ასევე, ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკრედიტო რისკებით, თუმცა შედარებით მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის გენერაცია მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის ხელსაყრელი ლანდშაფტითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებით, ჩართული მარეების სიძლიერითა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებითაა განპირობებული.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს, როგორც სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში