თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ და რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან, აუდიტორიებში შესვლასა და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ და რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ.

მათი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

სტუდენტები ამბობენ, რომ „დიქტატურულ პროცესს“ არ შეეგუებიან.

ამასთან, ისინი თავიანთ ლექტორებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კი მიმართავენ, პროტესტს შეუერთდნენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენს უკან დგას ათასობით სტუდენტი არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე. მივმართავთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში. გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას. საქართველო არ გახდება რუსეთი და ამის გარანტორები ვიქნებით ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა. წინ ევროპისკენ! ძალა ერთობაშია!“ - აცხადებენ სტუდენტები.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია