ელჩი - მაისის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოა, რომ პირდაპირი ფრენები გახშირდება

ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, მაისის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოა, რომ პირდაპირი ფრენები გახშირდება.

ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ჩინეთში გამგზავრება, არაა ბევრი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უკვე არსებობს, გადავწყვიტეთ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება. ამის შემდეგ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია შეიძინოს ბილეთი და ისე გაემგზავროს ჩინეთში, არ დაგჭირდებათ სავიზო პროცედურების გავლა“,- განაცხადა ჭოუ ციენმა.

მან, ასევე, აღნიშნა ისიც, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- განაცხადა ჭოუ ციენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია