როლანდ პრაისი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის პირველი ფაზის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, (ESPIRE)-ს პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის (ESPIRE) პროგრამის პირველი ფაზის დასაფინანსებლად. ეს პროგრამა შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და სტრატეგიული რეგიონული ინიციატივის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს, რადგან ამ ინიციატივის მიზანია:

  • ენერგოუსაფრთხოების ამაღლება
  • ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და
  • ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. ESPIRE პროგრამის დანიშნულებაა BSSC პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა.

ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით.

BSSC შექმნის შესაძლებლობების მთელ რიგს საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, ესენია:

  • ელექტროენერგიის ექსპორტი;
  • სუფთა ენერგეტიკის განვითარება მასთან დაკავშირებული სარგებლით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
  • ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა პირდაპირი კავშირებით ევროპის მსხვილ ელექტრობაზართან;
  • ციფრული კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და შედეგად,ინტერნეტკავშირის ხარჯების შემცირება, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და რეზერვის შექმნა საერთაშორისო ციფრული კავშირისთვის შავი ზღვის გასწვრივ;
  • ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით და ამით ეკონომიკური მდგრადობის გამყარება მონაწილე ქვეყნებს შორის.

მსოფლიო ბანკის ჯგუფს უნიკალური პოზიცია უკავია თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილებით, ფინანსური რესურსებითა და ორგანიზაციული პოტენციალით, რათა პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მთავრობებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან, პოტენციურად ტრანსფორმაციული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ხელშესაწყობად“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ