ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024

დარჩა თუ არა კომპრომისის შანსი “ოცნებასთან” - რა იკითხება მმართველი პარტიის განცხადებებში

როგორ გაგრძელდება პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ

რატომ სურს რუსეთს ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლა - “პუტინი რაღაცისთვის ემზადება”

* * *

დარჩა თუ არა კომპრომისის შანსი “ოცნებასთან” - რა იკითხება მმართველი პარტიის განცხადებებში

“თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ აშშ-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და პირდაპირ ფრენებზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, “მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება”. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას ლოგიკურად აჩენდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ “სიტყვის მასალაც” იყოს, რადგან ახლა “ოცნება” უკან დამხევი არ ჩანს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ. კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ აღნიშნული კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. დასკვნას “ოცნება” საგანგებო ბრიფინგით გამოეხაურა, როგორც უმრავლეობის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა თქვა, ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დარჩა თუ არა კომპრომისის შანსი “ოცნებასთან” - რა იკითხება მმართველი პარტიის განცხადებებში.

“მანამდე გამოცემა “პოლიტიკომ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აპირებს კონგრესში დააინიციიროს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს “გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემთხვევაში, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც კანონის შემუშავებასა და დამტკიცებაზე არიან პასუხისმგებლები. გარდა ამისა, საუბარია, რომ თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ საქართველოს ჰპირდება ვიზალიბერალიზაციას, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას, თავდაცვის კუთხით. “თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება...” - განაცხადა კალაძემ. „თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს!” - აცხადებს “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნაში ცალსახად განმარტა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონის ადგილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მინდა ყურადღება დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერზე გავამახვილო, რომელიც ამბობს, რომ მანამ სანამ დასკვნა საჯარო გახდებოდა, პირველად “ოცნებას” გაეგზავნა. ხელისუფლებას სთხოვეს, რომ კომენტარები გაეკეთებინა. მთელი ის ბრიფინგი და პროპაგანდა, რომელსაც “ოცნება” დასკვნასთან დაკავშირებით ავრცელებს, არის სიყალბე და გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოატყუოს. თუ მათ რაიმე არგუმენტები ჰქონდათ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ვენეციის კომისიას მანამ, სანამ დასკვნა გამოქვეყნდებოდა? რატომ ვერ დაიცვეს პოზიცია და რატომ არის ეს დასკვნა ასეთი უმკაცრესი? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის პირობებში არანაირი მოლაპარაკებები საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან არ დაიწყება. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის - ამისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება”, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ კალაძის განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას აჩენს, თუმცა, “ოცნების” განცხადებებში იკითხება ის, რომ “რევოლუციის ხელშეწყობა აღარ იყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის ვერსია, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისს ნიშნავდეს, რა თქმა უნდა ლოგიკურია, თუმცა, თუ არ ვცდები, მანამდე კობახიძის მხრიდანაც ითქვა, რომ ამ კანონის აუცილებლობა მოიხსნებაო, ოღონდ მაშინ კობახიძემ დაამატა, რომ თუ არ იქნება რევოლუციების დაფინანსება და რევოლუციური მდგომარეობისკენ ქვეყნის წაყვანაო და ა.შ. ეტყობა ეგ ვერსია ტრიალებს, რომ თუ არ გინდათ ეს კანონი, მაშინ გადადგით კონკრეტული ნაბიჯები. შესაძლოა კანონი ასეთი “გაცვლის” ერთეული აღმოჩნდეს, ჩვენგან კანონი და იმათგან რაღაც პოზიტიური ნაბიჯები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო სიტყვის მასალა იყო ადრეც და ახლა კალაძის განცხადების შემთხვევაშიც, რადგან კალაძემ უკვე მოარული განცხადება გაიმეორა. გარდა ამ ასპექტისა, კიდევ ერთია, შეგახსენებთ, რომ ვეტოს დაძლევას ვადა არ აქვს და “ოცნებას” შეუძლია მისი დაძლევა ნებისმიერი დროით გადადოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ და შეკითხვაზე - “მაშინ რას ელოდება “ოცნება”? - პასუხობს:

“ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში რაღაც კლიმატი რომ შეიცვალოს, ამას ელოდება “ოცნება”. დასავლეთი აშკარად მხარს უჭერს და აფინანსებენ კიდეც, მაგალითად ოპოზიციურ პარტიას “ახლებს”. დასავლეთი როგორც სახელმწიფო არა, მაგრამ კერძო ფინანსები და ხელშემწყობი პირობები როგორც ჩანს აქვთ. ეს ინფორმაცია ტელევიზორში იყო. და ის, რომ დასავლეთის წრეებში სურთ ასეთი ტიპის დამოკიდებულება გააძლიერონ ქართული ოპოზიციური სპექტრი, ეს დამოკიდებულება ბუნებრივია ხელისუფლებაში მყოფებისთვის კომფორტი არაა და თავდაცვის ინსტინქტი მას კარნახობს იბრძოლონ იმისკენ, რომ მათთან დაპირისპირებული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ხელოვნურად არ გაძლიერდნენ. ხელოვნურად, ვამბობ იმ მხრივ, რომ თუ ამომრჩეველთა მხარდაჭერა არ აქვთ, იქ უკვე ფულის მიწოდება ნიშნავს, რომ სხვა თუ არაფერი, ამ მხარდაჭერის ყიდვა შეუძლია პარტიას. როგორც იძახიან ხოლმე, “კარტოფილის დარიგება” უკვე შეუძლია პარტიას.”.

“მთელი ეს თემა რაც კანონის “მეორედ მოსვლას” უკავშირდება, ძირითადად არის “ქართული ოცნების” თავდაცვითი ნაბიჯები. ითქვა კიდეც, რომ რევოლუცია არჩევნების შემდეგი დროისთვის მზადდებაო და გადაწყვიტეს, რომ ახლა პროვოცირება მოგვეხდინაო - ივანიშვილმა თქვა. რევოლუცია კი უკვე ნიშნავს იმას, რომ “ოცნებას” უწევს თავდაცვითი ნაბიჯების გადადგმა. ეს თავდაცვაა, როცა ხელისუფლებიდან მოცილების წინააღმდეგ რაღაცეებს აკეთებ - ეს როცა ლაპარაკია ხელისუფლებიდან ხელოვნურ მოცილებაზე და არა საარჩევნო გზით ჩამოცილებაზე. ვიცით, რომ რეიტინგებით საარჩევნო გზა ოპოზიციისთვის პერსპექტიული არ იქნება, თუკი ხელშეწყობა ხდება, ესე იგი ხდება რევოლუციური გზით და მე მგონი ახლა მთავარი ბრძოლა მაგაზე მიდის, რომ ეს ხელშეწყობა აღარ იყოს. ამ კანონის ამბავი მაგედან დაიწყო და ჩემი აზრით ესაა ბრძოლის მთავარი თემა”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვობს, რომ “ქართული ოცნება” უკან დაიხევს და რაიმე კომპრომისის შესაძლებლობა გაჩნდება. მისი თქმით, კალაძის განცხადებაც გათვლაა იმაზე, რომ სანქციებიდან თავის არიდებას ცდილობს “ოცნება”, - დასძენს გამოცემა.

“ეს მორიგი ტყუილი მგონია, რადგან, თუ აშშ-სგან პირველ ნაბიჯებს ელოდებიან, ეს უცებ ვერ მოხდება, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკაში გატარება და ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ეს ბევრ პროცედურებს მოითხოვს. მეორეც, ეს განცხადება იმას ემსახურება მერე თქვან, რომ ჩვენ კი თანხმობა განვაცხადეთ, მაგრამ დასავლეთის მხრიდან რეაქცია არ იყოო. როგორც ახლა ამერიკას აბრალებენ, რომ აქამდე უნდა გადმოედგა ეს ნაბიჯებიო. რეალურად მგონია, რომ არაფრის დამთმობები არ არიან. მხოლოდ ის კი არ ჰყოფნით, რომ მაგალითად ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა, მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ და ყველაფერს კადრულობენ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს უბრალო გათვლაა იმაზე თქვან, რომ აშშ-სთან წინააღმდეგები არ ვიყავითო. სანქციების ეშინიათ, უბრალოდ ამას არ აღიარებენ, რადგან უკან დახევაც არ შეუძლიათ, ფიქრობენ, რომ თუ უკან დაიხევენ, სისუსტედ ჩაეთვლებათ. ფიქრობენ, რომ თუ არჩევნების წინ უკან დაიხევენ, თითქოს სისუსტე გამოვა პირველ რიგში თავიანთი ამომრჩევლებისა და რადიკალური ჯგუფების თვალში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

როგორ გაგრძელდება პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ

“კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი. როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა, რატომ არ არის არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გაგრძელდება პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ.

“ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ. კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპულ სტანდარტებთან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, კანონის სამართლებრივი, თანმიმდევრული ლოგიკური ანალიზის ნაცვლად, ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება. “თუ ახალი სტანდარტი აქვს ვენეციის კომისიას, რომ, სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, ქუჩის აქციების კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული. ეს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციას აღვივებს და ახალისებს. ეს რატომ გააკეთეს?! - რომ ამ რადიკალური ჯგუფებისთვის საბაბი მიეცათ, რათა კონკრეტული ახალი რადიკალიზაციის ტალღა დაეწყოთ”, - ამბობს ანრი ოხანაშვილი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონი ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ. დეტალურად დასაბუთებული აქვს ვენეციის კომისიას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და, რაც ყველაზე მთავარია, რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ კანონის არათუ გალამაზებაა შესაძლებელი, არამედ, ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, გაუქმდეს და გავიდეს პარლამენტიდან”, - აღნიშნა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. “ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია”, - ამბობს “ევროოპტიმისტი” ხატია დეკანოიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ პროცესები როგორც მიმდინარეობდა, უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ “ვენეციის კომისიის” დასკვნა იქნებოდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური. ეს მოლოდინიც ახდა და ვენეციის კომისიამ მიიღო სრულიად მისთვის აბსურდი და შეუსაბამო დასკვნა”, - დასძენს გამოცემა.

“რა შეიძლება ითქვას დასკვნაზე, რომელიც აფასებს არა კანონს, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას. ვინ აკითხებს ვენეციის კომისიას, როცა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეში ეჩრება. მას ჰკითხეს კანონის შესაბამისობა სამართლებრივი იყო თუ არა, ჩვენ კი სრულიად პოლიტიკური დასკვნა მივიღეთ. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული კონსტიტუციონალისტებისგან დაწერილი დასკვნა, რომლებიც აი ამ ისტერიკის გავლენის ქვეშ მოხვდნენ, რომელიც საქართველოს მიმართ არის დაწყებული. სამწუხაროდ არც პრეზიდენტმა და არც ვენეციის კომისიამ არ დატოვა სივრცე იმისთვის, რომ გარკვეული დისკუსია შემდგარიყო და რაღაცა კონსენსუსამდე მისულიყო სიტუაცია. ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლება ამ კანონს მომავალ კვირას მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი ღია ჩარევა ხდება. არ არის „ოცნება“ ვალდებული ვენეციის კომისიის დასკვნა მიიღოს, რადგან ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია და უნდა გაითვალისწინებს და უნდა არა. არავის ეკითხება თავის ქვეყანაში ვინ რა კანონს მიიღებს, როცა ზუსტად იგივე კანონი ევროპის არა ერთ ქვეყანაში არის და ამერიკაში “ფარას” სახით”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ ქუჩის აქციებს და აქ შიდა პროცესებს ეხება კარგი იმით არის, რომ ყველა საბოლოოდ დარწმუნდება რაზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. მით უმეტეს აგერ აქციაზე ვიხილეთ 4 ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. აბა ერთი რომელიმეს გაებედა და საფრანგეთში ფერმერთა მიერ ჩატარებულ აქციაზე მისულიყო. ან ყვითელ ჟილეტიანების აქციაზე ევლოთ, რა პასუხს მიიღებდნენ მაკრონისგან და თავად ფრანგებისგან. ეს ხომ ანომალიაა, როცა ქვეყნის შიდა საქმეებში ასე ღიად ერევიან. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს იმ არჩეულ გზას, რაც აქვს და ქვეყანაში იქნება კვლავ მშვიდობა და სტაბილურობა. მართალია რადიკალური ოპოზიცია ისევ შეეცდება ქვეყანაში რყევებს, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ”, - თვლის აბაშიძე.

რატომ სურს რუსეთს ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლა - “პუტინი რაღაცისთვის ემზადება”

“რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან - ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი მოამზადა, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლას სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირების მცდელობას ნიშნავს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს. ამასთან, მათივე შეფასებით, დიდი ალბათობით რუსეთს ბალტიის ზღვაში ტერიტორიული წყლების გაფართოება ნეიტრალურის ხარჯზე სურს, თუმცა, ესეც შეთანხმების ნაწილია და ცალმხრივად ამის გაკეთება შეუძლებელია, დღეს ფაქტიურად ბალტიის ზღვა არის ნატოს ზღვა, როცა შვედეთი და ფინეთი საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ სურს რუსეთს ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლა - “პუტინი რაღაცისთვის ემზადება”.

“21 მაისით დათარიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვა უნდა მოხდეს, რაც რუსეთის კუნძულების ირგვლივ ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში და კალინინგრადის გარშემო საზღვრების კორექტირებას გულისხმობს, კერძოდ, კორექტირება გაუკეთოს კოორდინატებს ექვს კუნძულთან და მდინარე ნარვის ჩრდილოეთ კონცხის მახლობლად, ხოლო ლიეტუვასთან საზღვარზე კურშის ზონასა და ტარანის კონცხის რაიონებში. აღნიშნულ ინფორმაციას “მოსკოუ თაიმსი” ავრცელებს, რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების პროექტზე დაყრდნობით. “ზღვაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი შეიცვლება”, - ნათქვამია გამოქვეყნებულ პროექტში. ცვლილებების საჭიროების დასასაბუთებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 1985 წელს საბჭოთა კავშირის საზღვრების გასაზომად მე-20 საუკუნის შუა წლების საზღვაო რუკები გამოიყენებოდა, რაც თანამედროვე კარტოგრაფიულ კოორდინატებს სრულად არ შეესაბამება. დადგენილება დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია “რეზოანსთან” აცხადებს, რომ დიდი ალბათობით რუსეთს ბალტიის ზღვაში ტერიტორიული წყლების გაფართოება ნეიტრალურის ხარჯზე სურს, თუმცა ესეც შეთანხმების ნაწილია და ცალმხრივად ამის გაკეთება შეუძლებელია, დღეს ფაქტიურად ბალტიის ზღვა არის ნატოს ზღვა, როცა შვედეთი და ფინეთი საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანდნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირების მცდელობას ნიშნავს, მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ეს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს”, - დასძენს გამოცემა.

“არის ტერიტორიები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულები არიან ქვეყნები და ამასთან ნეიტრალური წყლებიც იყო და ეტყობა რუსეთს უნდა, რომ გააფართოვოს ნეიტრალურის ხარჯზე, მაგრამ, ამაზეც ხომ შეთანხმება უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ბალტიის ზღვაში ყველა სახელმწიფო ნატოს წვერია და ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნებთან შეთახმების გარეშე, ამის გაკეთება ადვილი ნაბიჯი არაა. შესაძლოა ამას სპეციალურადაც აკეთებდნენ, რომ დაძაბულობა შემოიტანონ რეგიონში და ახალ წევრებს - ფინეთს და შვედეთს რაღაცა მიანიშნონ, თან მით უმეტეს, პუტინი დაემუქრა ამ ქვეყნებს, რომ ნატოში გაწევრიანებას პასუხი ექნებოდა და შეიძლება უნდა, რომ მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს, რომ ამითი ნატომ გააკეთოს კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ სხვა სცენარებზეც იფიქროს. არაა გამორიცხული, რომ ამ პატარა პროვოკაციით, მუდმივი დაძაბულობის კერა შეიქმნას. თუმცა ახლა რუსეთს ნატოსთან დაპირისპირების რესურსი არ აქვს, რომ მეორე ფრონტზე დაიწყოს მოქმედება, ამისი არც ადამიანური, არც ინტელექტუალური და არც სამხედრო-პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ერთ-ერთი პუნქტია, სადაც რუსეთს შეუძლია, სამხედრო ძალა თავისი ეკონომიკური ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენოს, როცა დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურულია. როგორც ჩანს, რუსეთმა უკვე ამის რეალიზაცია დაიწყო. ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლის შეთავაზება უკვე ნიშნავს, რომ რუსეთს-ბალტიის სახელმწიფოებზე ზეწოლის მორიგი სამხედრო გეგმა აქვს. ნატოს გაფართოების საწინააღმდეგოდ. საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირებაა, რუსეთი ცდილობს, რომ სამხედრო პროვოკაცია შექმნას და ამით ნატო აიძულოს, რომ საპასუხო აქტიური ღინისძიებები მიიღოს რუსული აგრესიის შესაკავებლად და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი დიდ სამხედრო დაპირისპირებაზე წავიდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამით რუსეთი აჩვენებს, რომ არაფერს არ შევეგუებით, ჩვენ შეგვიძლია სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდეთ და უშუალოდ ნატოს დავუპირისპირდეთო. რა თქმა უნდა, ეს მომენტი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის კონტექტშიც განიხილება, მაგრამ როგორც ჩანს, პუტინს კიდევ უფრო შორს წასვლა უნდა, რომ ნატოს თავისი სამხედრო კუნთები აჩვენოს და ალიანსის პოტენციალიც მოსინჯოს. პროვოკაციები მოსალოდნელია არა მხოლოდ კალინინგრადის ოლქიდან, არამედ ბალტიისპირეთიდან, რუსეთმა მოსკოვისა და ლენინინგრადის სამხედრო ოლქები აღადგინა, რასაც ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი აქვს. ლენინგრადის სამხედრო ოლქი სტალინმა 1937 წელს შექმნა და ის იყო პრელუდია ფინეთის ომთან მიმართებაში. ამ ოლქიდან მოხდა ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაცია 1940 წელს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, პუტინი სტალინის ნაბიჯს იმეორებს, ოღონდ ახლა დაშინების პოლიტიკის კონტექსტში უნდა რომ განახორციელოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ საჭიროდ ჩათვლის, ალბათ სამხედრო კონფრონტაციაზეც წავა. აქვს თუ არა რუსეთს ახლა ნატოსთან დაპირისპირების თავი, ეს ცალკე საკითხია, თუმცა, რუსეთმა თავისი თავდაცვის ხარჯები გაზარდა - მას ასეთი მიდგომა აქვს, რომ ის თავდაცვის რეალურ ხარჯებს ოფიციალურად არ აფიქსირებს. რუსეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელსაც ოფიციალურად დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს, 90 მილიარდზეა საუბარი, მაგრამ ის ამასთანავე ჩრდილოვან ეკონომიკას იყენებს თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად. ესაა კორუფციული თანხები და კორუფციული სქემები და ამ შავ ფულს იყენებს თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად. ეს თანხები სამჯერ აღემატება ოფიციალურად აღრიცხულ ბიუჯეტს... აქ ერთი მომენტია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკიდან მიღებულ თანხებს თავად სამხედრო სფეროს წარმომადგენლები ითვისებენ, იმ დღეს ორი მაღალჩინისანიც დააპატიმრეს, არმიის გენერალი პოპოვი და ტიმურ ივანოვი. ისინი სწორედ ამ კორუფციულ თანხებს იპარავდნენ. სამხედრო კორუფციასთან ბრძოლა, ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ პუტინი რაღაცისთვის ემზადება და სულ უფრო ამუქებს ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების კონტურებს”, - ამტკიცებს ვახტანგ მაისაია.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი