გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფმა მოშიმშილე მსჯავრდებულმა მიხეილ თურქაძემ პროტესტის ნიშნად მეტალის 5 ცალი „კუსაჩკა“ გადაყლაპა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის მეუღლემ, სტელა ეფიმოვამ განუცხადა.
როგორც ეფიმოვა აღნიშნავს, მიხეილ თურქაძე სასჯელს მეზობლის მკვლელობის მცდელობისთვის იხდის და თავისუფლების აღკვეთა 17 წლით აქვს მისჯილი. პატიმარი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.
თურქაძის მეუღლის განმარტებით, მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ის საპატიმროში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლასა და მსჯავრდებულისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვს.
„ჩემი მეუღლე გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. მას პროტესტის ნიშნად შიმშილობა აქვს გამოცხადებული და მეტალის 5 ცალი „კუსაჩკა“ გადაყლაპა, ის მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს, აცხადებს, რომ საქმეში არასაკმარისი ნივთმტკიცებულებები ჰქონდათ, ამასთან, არც აღიარებითი ჩვენება არ აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩემს მეუღლეს 17 წელი მიუსაჯეს, მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
სახალხო დამცველთან ვიყავი, მათი აპარატიდან ჩემს მეუღლესთან ამ დრომდე არავინაა შესული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც მივმართე წერილობით. ჩემი მეუღლე ამბობს, თუ მუხლს არ შემიცვლიან, თავს მოვიკლავ, რატომ უნდა ვიჯდე ტყუილუბრალოდ 17 წელი იმის გამო, რაც არ გამიკეთებიაო. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მე-7 დღეა, წყალსაც არ სვამს და არც ლუკმა პურს არ იდებს პირში. სანამ ამ მუხლს არ მომიხსნიან, შიმშილს არ შევწყვეტო, აცხადებს.
გამაყუჩებელ მედიკამენტებს უკეთებდნენ, ამაზეც უარი განაცხადა. მასთან ორშაბათსაც იყო ადვოკატი შესული. ჩემი მეუღლის თქმით, მასთან ციხის ექიმები იყვნენ, გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ და ისიც აღარ მინდაო. დღითიდღე უარესდება მისი მდგომარეობა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. ის თავის საკანშიც არაა, კარანტინშია, რატომაა, ესეც არ ვიცი, ჯანმრთელობის ცნობა მოვითხოვე და სახლში წერილობით მოგივაო, როდის მოვა, არ ვიცი“, - განაცხადა ეფიმოვამ.
დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ როსტიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს, ვინაიდან თურქაძის თქმით, მას დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია. ადვოკატის თქმითვე, მსჯავრდებული პროტესტის ნიშნად ქირურგიულ ჩარევაზე უარს აცხადებს.
„ინტერპრესნიუსი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, ვინაიდან ინფორმაცია პერსონალურია.