ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის სწორედ დამოუკიდებლობის დღეა  ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის

ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - დამოუკიდებლობის დღე არის ეროვნული დღესასწაული, გამორჩეული ყველა დღესასწაულს შორის და სიმბოლურია, რომ ჩვენთვის სწორედ ეს დღეა ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის, - ასე ულოცავს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმყოფება და 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ახლა სუვერენული ქვეყანაა თუმცა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ასევე მის შენარჩუნებას და სწორად მართვას.

„ამიტომ დღევანდელი დღის თემატიკა - რომ ჩვენ რაც გვიყვარს, რაც გვეამაყება, ის გვაერთიანებს და მხოლოდ ერთობლიობით შეიძლება გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის აღნიშვნა ისეთ გარემოში მიმდინარეობს, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევაა მსოფლიოში, მათ შორის სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მიმდინარე წელი ერთ-ერთი გამორჩეულია მიღწევებითაც - ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ახლა, ვიდრე ოდესმე ისტორიის მანძილზე, ყველაზე ახლოსაა იმ სტრატეგიულ მიზანთან, რომელიც დაისახა და კონსტიტუციაშიც ასახა - გახდეს ევროკავშირის წევრი. როგორც პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ამ პროცესში თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნის ცხოვრების ყველა სხვა მიმართულება.

„ბრძოლით მოიპოვება დამოუკიდებლობა და ბრძოლითვე ხდება მისი შენარჩუნება, თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და სუვერენიტეტი იყოს მტკიცე. ევროპასთან ურთიერთობას აქვს ორი მდგენელი - პოლიტიკური და ეკონომიკური. პოლიტიკურთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო პასუხისმგებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისისუფალი ვაჭრობის აღსრულების შეთანხმებაზე, კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებას. ამ კუთხით საქართველო, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - მართლაც ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ევროპულ პოლიტიკასთან ეკონომიკური მიმართულებით, საქართველომ ამ მხრივ აჩვენა განსაკუთრებული პროგრესი. ეს იყო კიდეც ევროკავშირის წევრობის და ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი პირობა, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობ, ეკონომიკურ მომენტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გაწევრიანებისთვისაც ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას ექნება ძალიან დიდი როლი", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველო, პრაქტიკულად, ყველა რეგიონში, რვა ქალაქშია წარმოდგენილი - პავილიონებში მოსახლეობას საშუალება აქვს, გაეცნოს სამინისტროს უწყებათა მიღწევებს და ინოვაციებს სხვადასხვა მიმართულებით - მეწარმეობის, ინოვაციების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, მათ შორის ავიაციის სფეროში, ასევე წარმოდგენილია „საქართველოს ფოსტის" ინოვაციური პროექტები და ა.შ.

„ეს ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა კეთდება ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით, როგორ ვაძლიერებთ ჩვენს სუვერენიტეტს და ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო