პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 27 მაისის სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

პროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და განსახილველად პირველი მოსმენით გადის.

მმართველ უმრავლესობას ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში შეაქვს და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" შემოაქვს.

საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.

"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო,

ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.

გარდა ამისა, მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს.

"ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.

ცნობისთვის, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება.

ამავე კანონპროექტის ფარგლებში განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი

წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე, მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის