დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.

სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის (E5P) მიერ გრანტი - 4 მლნ ევრო.

„დედაქალაქში დაწყებულია ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით. ბანკი აქტიურად გვეხმარება როგორც სტრატეგიის დაწერაში, ისე მის იმპლემენტაციაში. უკვე მალე დაიწყება ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ხელი მოვაწერეთ თბილისის გაზშემკრები პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმებას. პროექტი ითვალისწინებს ლილოს ნაგავსაყრელზე ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების გადახურვას და მიღებული გაზისგან ელექტროენერგიის მიღებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პროექტს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, - განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

მერიის ინფორმაციითვე, პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება.

აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება.

შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში