იაგო კაჭკაჭიშვილი - ხელისუფლებას სურს სამოქალაქო ორგანიზაციები, უკეთეს შემთხვევაში, ჰუმანიტარულ მისიებად აქციოს - ჰუმანიტარული პროექტები ჩრდილოეთ კორეასა და ირანშიცაა, დემოკრატიულობა პოლიტიკური ხასიათის ქმედებების ვალიდაციით გაიზომება

ხელისუფლებას სურს,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უკეთეს შემთხვევაში, გადააქციოს ჰუმანიტარულ მისიებად, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება დაიხარჯოს მხოლოდ ისეთ საქმეებში, რომლებშიც თავად ფულს არ დახარჯავს და დაზოგავს, - ამის შესახებ სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას სურს მისი ძალაუფლება უსაფრთხო იყოს.

„სახელისუფლებო პროპაგანდის ერთ-ერთი ვექტორი ისაა, რომ დაფინანსება, რომელსაც NGO-ები იღებენ, მხოლოდ მაშინაა ნორმალური, თუ ის ჰუმანიტარულ მისიას ემსახურება, ანუ ხმარდება შეჭირვებულ ჯგუფებს (შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები და სხვ.), ხოლო თუ ფინანსების ხარჯვა პოლიტიკური შინაარსის ამოცანებს ხმარდება, ეს უკანონო და „შავი“ ფულია. ნურას უკაცრავად! უცხოური დაფინანსება შეიძლება და უნდა მოხმარდეს, აგრეთვე, პოლიტიკური შინაარსის აქტივობებს, მათ შორის, საპროტესტო მიტინგების ორგანიზების ხერხების დასწავლას, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლისთვის გაწვრთნას, არჩევნებზე დაკვირვებას და ა.შ. ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ღონისძიებებია და მათი გამოცხადება კანონგარეშედ ჩვეულებრივი ავტორიტარიზმია. ხელისუფლებას სურს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უკეთეს შემთხვევაში, გადააქციოს ჰუმანიტარულ მისიებად, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება დაიხარჯოს მხოლოდ ისეთ საქმეებში, რომლებშიც თავად ფულს არ დახარჯავს და დაზოგავს. მთავარია, მისი ძალაუფლება იყოს უსაფრთხო. ჰუმანიტარული პროექტები ჩრდილოეთ კორეაშიც და ირანშიც ხორციელდება. ქვეყნის დემოკრატიულობა სწორედ პოლიტიკური ხასიათის ქმედებების ვალიდაციით გაიზომება. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ!“,-წერს კაჭკაჭიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს