EFCSN და IFCN ევროკომისიას ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციების შესახებ ღია წერილით მიმართავენ

„ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი“ (EFCSN) და „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას ღია წერილით მიმართავენ.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ოფისები ბოლო კვირების განმავლობაში უკვე არაერთხელ გახდა თავდასხმების სამიზნე, ორგანიზაციების წევრებმა კი მიიღეს არაერთი სახის ძალადობრივი მუქარა.

ორგანიზაციები ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს საკითხით დაინტერესებასა და თავდასხმების დაგმობას სთხოვენ.

„მოგმართავთ ღრმა წუხილითა და შეშფოთებით საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების უსაფრთხოების გამო, ვინაიდან მათი ოფისები ბოლო კვირების განმავლობაში უკვე არაერთხელ გახდა თავდასხმების სამიზნე, ორგანიზაციების წევრებმა კი მიიღეს არაერთი სახის ძალადობრივი მუქარა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მათი ახლობლების მისამართით იყო გაჟღერებული. ამ საშინელ კამპანიას ხელს უწყობენ საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენს კოლეგებს „უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ, რომლებსაც პასუხი გაეცათ.“ ეს იმ ფონზე, როდესაც ისინი აქვეყნებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სიას, რაც მხოლოდ მათ მიმართ შეტევების მეტად წახალისების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც მოგეხსენებათ, მოცემული კამპანია ახლად მიღებული ე.წ “აგენტების კანონის” ფონზე მიმდინარეობს, რომელიც დაგმეს იმ ინსტიტუტებმა, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ და რომლის გაუქმების შესახებ რეკომენდაცია ვენეციის კომისიამაც გასცა, ვინაიდან „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სავარაუდო საბაბით, [კანონს] აქვს ობიექტური რისკი მოახდინოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გაჩუმება და საბოლოოდ განადგურება.” ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების, მათ შორის ჩვენი კოლეგების შევიწროება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობაა, ვინაიდან ორგანიზაციების დევნა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, განაგრძონ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ვინაიდან დაშინების მოცემული კამპანია, მმართველ პარტიასთან შეთანხმებით, მიმდინარეობს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ევროპული საზოგადოება მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლების შევიწროება და უზრუნველყონ ჩვენი კოლეგების გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ისე, როგორც ეს ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიითაა განსაზღვრული.

ფაქტების გადამოწმების ევროპული საზოგადოება, აგრეთვე ჩვენი კოლეგები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელიდან (IFCN) იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას და ჩვენთან ერთად გმობენ შევიწროებისა და დაშინების აღნიშნულ კამპანიას. “მითების დეტექტორი” და “ფაქტ-მეტრი” ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის წევრები არიან, ხოლო მათი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალეობისა და მეთოდოლოგიური სტანდარტების შეფასება ყოველწლიურად დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ხდება. ისინი აღნიშნული კამპანიის სამიზნე სწორედ იმიტომ გახდნენ, რომ მათი საქმიანობა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება; მოცემული ფაქტი საშიშია მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქართული ორგანიზაციები, ძალაუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ინარჩუნებენ ამ ღირებულებებისადმი ერთგულებას. გთხოვთ, განუცხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ მოცემული შევიწროების კამპანია მიუღებელია და რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სოლიდარულები არიან ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული თავდასხმების შეჩერება”, - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო