ოთარ გრიგოლია - თბილისი, ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, სოციალურად ორიენტირებული ქალაქია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, თბილისი, ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, სოციალურად ორიენტირებული ქალაქია.

აღნიშნული განცხადება მან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გააკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს ინფორმაციით, გრიგოლიამ ფორუმში მონაწილეებს ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელსაც ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

ამასთან, მან ჯანსაღი ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა.

გრიგოლიამ საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„თბილისს სოციალური წნეხის შემსუბუქების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი როლი აკისრია. ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, სოციალურად ორიენტირებული ქალაქია. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დედაქალაქის მერიამ განახორციელა, ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ბაგა-ბაღებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ ბავშვთა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისითაც. არსებობს არაერთი ანგარიში, რომელიც მიუთითებს, რომ ამ პროექტმა ბავშვთა სიღარიბე არსებითად შეამცირა“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ასევე, გრიგოლიამ საცხოვრისის გაუმჯობესებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მისივე განცხადებით, წლების განმავლობაში არ არსებობდა არანაირი პროგრამა, რომელიც ადამიანს საკუთარი სახლის დაკარგვისგან დააზღვევდა.

„დღეს ჩვენ გვყავს ათასობით ბენეფიციარი, რომელსაც თბილისის მერია ქირით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ქალაქმა მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალურ შენობებში შეჭრილ ხალხს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ამასთან, ვახორციელებთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში უსახლკაროები არ გვყავდეს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს წევრმა სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობასა და ქვეითზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად ქვეითების უპირატესობა და ქუჩებში კერძო ავტომობილების შემცირება რჩება.

„ეს არის მთავარი ჩვევა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა შევიძინოთ, რათა ხვალ უკეთეს ქალაქში ვიცხოვროთ. ჯანსაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ქვეითზე მორგებული ინფრასტრუქტურაა. ჩვენი ქალაქის მომავალი ამ რეფორმის წარმატებაში მდგომარეობს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ცნობისთვის, თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 6-7 ივნისს, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ იმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო