კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე მიღების სტუდენტებს, ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურ ლექცია-სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს ჩაუტარებენ. სამაგისტრო პროგრამაზე 90-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებიც SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მომავლის პროფესიას - კიბერუსაფრთხოებას.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ბრაჭული აცხადებს, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ჩართულობით სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობენ, რომ დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია მოისმინონ.

მისივე თქმით, კურსის განმავლობაში ყველანაირ ხარჯებს, უნივერსიტეტი აფინანსებს.

„უნივერსიტეტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია პრიორიტეტული საერთაშორისო პროგრამების შექმნა, განვითარება და რეალიზება. ყველაზე პრიორიტეტული კი კიბერუსაფრთხოებაა. უნივერსიტეტის დამფუძნებლის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და უნივერსიტეტში მისი სრულუფლებიანი წარმომადგენლის მეუფე იაკობის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა, რის შემდეგაც შესაძლებლობა მოგვეცა შეგვემუშავებინა კიბერუსაფრთხოების ინგლისურენოვანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. პროექტს კი 2 ხელმძღვანელი ჰყავს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი და პროგრამამ უკვე მდგრადი განვითარების სახე მიიღო.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი ენიჭება. აღსანიშნავია, რომ სწავლა 2 ქვეყანაში, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში მიმდინარეობს. სტუდენტებს ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, შესაძლებლობა აქვთ დიდი კორპორაციების გამოცდილება გაიზიარონ.

ახლა მე-4 ნაკადის ფორმირება მიმდინარეობს. თითოეულ ნაკადზე კი 30 სტუდენტს ვიღებთ. კურსში მონაწილეობა ყველა სპეციალობის ადამიანს შეუძლია, ვისაც თავისი პროფესიის გადაკვალიფიცირება სურს. დაფინანსებას რაც შეეხება, პატრიარქისა და მისი წარმომადგენლის, მეუფე იაკობის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა, რომ ხარჯები მოძიებულიყო და დაფინანსება სრულად უნივერსიტეტის ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამაგისტრო ხარისხის ამღებმა სტუდენტმა, საქართველოში 3 წელი უნდა იმსახუროს“, - განაცხადა ირაკლი ბრაჭულმა.

პროგრამის კურატორის ინგა ნაფეტვარიძის განცხადებით, ამერიკაში წასვლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც გლობალურ კორპორაციებს გააჩნიათ.

„სტუდენტები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან არიან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ერთობლივ პროგრამაში ჩარიცხული სტუდენტების ნაწილი ან თანამდებობრივად გაიზარდა, ან გადავიდა კიბერდეპარტამენტებში. ჩანს ტენდენცია, რომ სტუდენტები პროფესიულად განვითარდნენ. ჩვენ ამერიკელი ინსტრუქტორები ჩამოგვყავს საქართველოში, რომლებიც ცოცხალ ლექციებს ატარებენ. ამერიკაში წასვლის შემდეგ კი, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ადგილზე გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც იქაურ კორპორაციებს გააჩნიათ“,- განაცხადა პროგრამის კურატორმა, ინგა ნაფეტვარიძემ.

ამერიკელი პროფესორების თქმით, თანამშრომლობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვით ხუთი წლის წინ დაიწყო, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საფუძველი მედდის საბაკალავრო და ბიზნეს ინფორმატიკის, საჯარო მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების შექმნას ჩაუყარა.

„მინდა ვისაუბრო ჩემი, როგორც დეკანის გამოცდილებიდან. მე უკვე სამჯერ ვიყავი საქართველოში და პირადად შევხვდი კიბერუსაფრთხოების სტუდენტებს, როგორც აქ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნდა აღვნიშნო, რომ სამივე მიღების სტუდენტები მრავალფეროვანი გამოცდილებით გამოირჩევიან - პროგრამაზე ირიცხებიან IT სფეროდან გამოცდილი პროფესიონალები, ამავდროულად ისეთი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც იცვლიან კარიერას და ეუფლებიან ახალ პროფესიას. კიბერუსაფრთხოებას სწორედ მრავალფეროვანი აზროვნების და გამოცდილების მქონე ადამიანები სჭირდება, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. ზუსტად ამის ნათელი მაგალითია SANGU-ს სტუდენტები.“- განაცხადა ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, პროფესორმა კევინ კირბმა.

ცნობისთვის, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც 2023 წლის იანვრიდან დაიწყო, 90 სტუდენტამდე ირიცხება. სტუდენტები SANGU-ს სრული დაფინანსებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას ეუფლებიან. კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო