ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა და სლოვაკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა - პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ სურათზე ისაუბრეს და მათი ზრდა/განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

„ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე, ასევე განვლილ პერიოდში უკვე მიღწეულ შედეგებზე. სლოვაკეთიდან საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა როგორც ტურიზმის, ისე გართობის სფეროში - ამ სექტორებში 2012 წლიდან დაახლოებით 100 მლნ ევროზე მეტია ინვესტირებული „ჯინო ჰოლდინგის“ და სლოვაკეთის „ექსიმ ბანკის“ მიერ. დღეს საუბარია იმაზე, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მან მოიცვას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, IT მიმართულებები - ამ კუთხით კონკრეტული გეგმები დავსახეთ. ასევე, შეთანხმება შედგა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კომისიის აღდგენაზე, რაც იქნება ფორმალური პლატფორმა, რათა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ სხვადასხვა ეკონომიკური პროექტი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილე დენისა საკოვას გარდა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ერიკ ტომაში, სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი და „ექსიმ ბანკის“ ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკში.

ვიზიტის მიმდინარეობისას სლოვაკეთის დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტების პრეზენტაციას, რომელიც საქართველოში უმსხვილესი სლოვაკური საინვესტიციო პროექტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფოლიო სტუმარმასპინძლობის და ენერგეტიკულ სექტორებში. ამასთან, „ჯინო ჰოლდინგს“ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს სლოვაკურ „ექსიმ ბანკთან“ - მისი პროექტები რეგულარულად სარგებლობს ბანკის მხარდაჭერით.

საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას სლოვაკეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რომელიც სლოვაკეთს შეუძლია საქართველოს გადასცეს ევროკავშირში უფრო სწრაფად და ეფექტიანად ინტეგრირების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან სლოვაკეთის მთავრობამ საქართველო ბენეფიციარი ქვეყნების პრიორიტეტულ სიაში შეიყვანა და „საპროგრამო ქვეყნის“ (programme country) სტატუსი მიანიჭა. პრიორიტეტული სტატუსი სლოვაკეთმა საქართველოსთვის 2024 წელსაც გააგრძელა, რაც სხვადასხვა დახმარების პროექტების დაფინანსების პროცესის გამარტივებას გულისხმობს. სლოვაკეთის დახმარების მიზანი საქართველოში სხვადასხვა დარგობრივი რეფორმების გატარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

მზარდი დინამიკით ხასიათდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები - 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა სლოვაკეთთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 27.75 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

პოზიტიური დინამიკაა ტურიზმის სექტორშიც - სლოვაკეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით - ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და ა.შ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024